Belive
1 წლის წინ

ბუფონის ისტორია | ბავშვობა, წარმატება, დეპრესია, ხელოვნება და სხვ.

ბუფონის ისტორია | ბავშვობა, წარმატება, დეპრესია, ხელოვნება და სხვ.

ჯანლუიჯი ბუფონმა ცხოვრების განვლილი გზა ორიგინალური ფორმით გაიხსენა: ლეგენდარულმა მეკარემ დროში იმოგზაურა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა და მოზარდ ჯანლუიჯის უაღრესად საინტერესო გამოცდილება გაუზიარა. ეს ვრცელი ტექსტი ბუფონს სხვა თვალით დაგანახებთ.

წერილი 2019 წელს არის გამოქვეყნებული.


ძვირფასო 17 წლის ჯანლუიჯი,

ამ წერილს ღამით ვწერ - მე ვარ 41 წლის ადამიანი, რომელმაც დიდი გამოცდილება მიიღო და ცხოვრების გზაზე გარკვეული შეცდომებიც დაუშვა. შენთვის, როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბები მაქვს მოსაყოლი. სიმართლე გითხრა, აქ შენს სულზე უნდა ვისაუბრო. დიახ, სულზე, რომელიც ნამდვილად გაქვს. გინდა დაიჯერე, გინდ – არა.

მოდი, ცუდი ამბებით დავიწყოთ. 17 წლის ხარ, მალე დიდი ფეხბურთელი გახდები - მიაღწევ იმას, რაზეც ოცნებობ. გგონია, რომ ყველაფერი იცი, თუმცა სიმართლე ისაა, ჩემო მეგობარო, რომ არაფერიც არ იცი.

სულ რამდენიმე დღეში, "პარმას" მაისურით, სერია ა-ში დებიუტი გექნება. არ იცი, წინ რა გელოდება და ამიტომაც, შეშინებული არ ხარ. წესით, საწოლში უნდა იწვე და თბილ რძეს სვამდე, თუმცა მეგობართან ერთად, ღამის კლუბში მიდიხარ.

მხოლოდ 1 ბოთლი ლუდის დალევას გეგმავდი, ხომ? თუმცა ზედმეტი მოგივა. შუაღამისას, კლუბის გარეთ, პოლიციელებთან იკამათებ.

წადი სახლში, დაიძინე.

გემუდარები, პოლიციის მანქანის საბურავზე არ მოშარდო. პოლიციელებს ეს არ გაამხიარულებთ, არც ღამის კლუბის წარმომადგენლებს ესიამოვნებათ. ამით რისკის ქვეშ აყენებ იმ ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდი.

ამ ქაოსს შენს თავს სრულიად უმიზეზოდ შეუქმნი. შენ გული გიხურს, რომელსაც შეცდომებამდე მიყავხარ. ცხადია, ფიქრობ, რომ ამით თანაგუდენელებს შენს ძალასა და თავისუფლებას აჩვენებ, თუმცა, რეალურად, ეს მხოლოდ ნიღაბია.

რამდენიმე დღეში, ცხოვრება ძალიან, ძალიან სახიფათო სიახლეებს შემოგთავაზებს: ფულს, დიდებას და საოცნებო სამსახურს.

ახლა ალბათ ფიქრობ: "რა უნდა იყოს ამაში საშიში?"

პარადოქსია.

ერთი მხრივ, მეკარეს თავდაჯერებულობა სჭირდება, ის უშიშარი უნდა იყოს. ყველაზე ტექნიკურ და უშიშარ მეკარეს შორის, მწვრთნელი ყოველთვის უშიშარს ირჩევს. მეორე მხრივ, უშიშარ ადამიანს ადვილად შეუძლია, არაგონებრივად იმოქმედოს. თუ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებ, შენი სული გაქრობას დაიწყებს. ეს ყველაფერი დეპრესიამდე მიგიყვანს და საწოლიდან წამოდგომაც კი არ გენდომება.

შეგიძლია იცინო, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება მაშინ, როდესაც კარიერის მწვერვალზე იქნები; როდესაც იფიქრებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიე. 26 წლის ასაკში, შენ იქნები "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე, გექნება ფული და დაფასება, ხალხი სუპერმენსაც დაგიძახებს.


თუმცა რეალურად, სუპერგმირი არ ხარ. შენ ხარ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც სხვები. ის წნეხი, რომელიც შენს პროფესიას თან სდევს, რობოტად გაქცევს.

რუტინა შეიძლება ციხედ გადაიქცეს. მიდიხარ სავარჯიშოთ, ბრუნდები სახლში და ტელევიზორს უყურებ. შემდეგ იძინებ. იმავეს აკეთებ მომდევნო დღეს. იმარჯვებ, მარცხდები. მეორდება და მეორდება.

ერთ დღესაც, როდესაც ლოგინიდან წამოდგები და სავარჯიშო ბაზაზე წახვალ, ფეხები უკონტროლოდ აგიკანკალდება. თავიდან იფიქრებ, რომ მომხდარი გადაღლილობის ან ვირუსის ბრალია, თუმცა ყველაფერი გაუარესდება: ძილის გარდა, აღარაფრის სურვილი გექნება. ვარჯიშზე განხორციელებული თითოეული სეივი შენგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. 7 თვის განმავლობაში, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვეღარ მიიღებ.

უნდა შევჩერდეთ.

ვიცი, რომ ამას 17 წლის ასაკში კითხულობ.

ფიქრობ: "ეს ყველაფერი შესაძლებელია? მე ლიდერად დაბადებული ადამიანი ვარ, რომელიც დაიცავს "იუვენტუსის" კარს და მილიონებს გამოიმუშავებს. გამოდის რომ, ბედნიერი უნდა ვიყო, დეპრესიას აქ არაფერი ესაქმება."

მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაგისვა: გახსოვს, რატომ გადაწყვიტე, ცხოვრება ფეხბურთისთვის მიგეძღვნა, ჯიჯი?

გთხოვ, ნუ მიპასუხებ, რომ ეს ტომას ნ'კონოს დამსახურებაა. ძიება უფრო მეტ სიღრმეებშია საჭირო. შენ ყველა დეტალი უნდა გახსოვდეს.

კი, ამ დროს 12 წლის იყავი.

კი, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში ჩატარდა.

კი, პირველი მატჩი "სან სიროზე" გაიმართა. არგენტინა კამერუნს დაუპირისპირდა.

სად იყავი ამ მატჩის დროს? დახუჭე თვალები და გაიხსენე. ოთახში მარტო იჯექი. უჩველო სიტუაცია იყო - მეგობრები გვერდით არ გყავდა. ბებია სამზარეულოში ლანჩს გიმზადებდა. იმდენად ცხელოდა, რომ მან ყველა ფანჯარა დაკეტა, იყო, ოთახში ბნელოდა და მხოლოდ ტელევიზორის ეკრანი ციმციმებდა.

რას ხედავ? მხოლოდ უცნაურ სიტყვას. კამერუნი.

შენ არ იცი, სად არის კამერუნი. აქამდე მსგავსი ადგილი გაგონილიც კი არ გქონდა. ცხადია, იცი არგენტინა და მარადონა, თუმცა კამერუნელ ფეხბურთელებში რაღაც მაგიურს ხედავ. ზაფხულის მზეა და ძალიან ცხელა, თუმცა კამერუნელ მეკარეს შავი შარვალი და გრძელი მაისური აცვია, ვარდისფერი საყელოთი. როგორ მოძრაობს, როგორ დგას, საოცარი ულვაში აქვს... მან შენი გული ამოუხსნელი გზით დაიპყრო.

ის ყველაზე მაგარი ადამიანია, ვინც დღემდე გინახავს.

კომენტატორი ამბობს, რომ მისი სახელია ტომას ნ'კონო.

შემდეგ საოცრება ხდება.

არგენტინა კუთხურს აწვდის, ტომასი გამოსვლაზე თამაშობს, ბურთს 30 მეტრით შორს გადააგებს. ეს არის მომენტი, როდესაც იცი, რისი გაკეთება გსურს შენს ცხოვრებაში.

შენ არ გსურს, იყო უბრალოდ მეკარე.

გსურს, იყო ზუსტად ასეთი ტიპის მეკარე.

გსურს, იყო ველური, გამბედავი, თავისუფალი.

ამ მატჩის ყურებისას, გახდი ის, ვინც ახლა ხარ. სწორედ ამ მომენტში, შენი ცხოვრების გზა დაიწერა. კამერუნს გოლი გააქვს და ნერვიულოვისგან ტახტიდან წამოხტები. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში, ტელევიზორის მაგიდის წინ მოუსვენრად მოძრაობ. როდესაც კამერუნს მეორე ფეხბურთელს გაუძევებენ, ტელევიზორის ხმას თიშავ.

ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში, ტელევიზორის უკან ჩაკუზული ზიხარ და ეკრანს მხოლოდ წამიერად გახედავ, რომ გაიგო, ხდება. ბოლოს ხდება ის, რომ კამერუნის ფეხბურთელები ზეიმობენ, შენ კი ქუჩაში გარბიხარ. შენს მეზობლად მცხოვრები 2 ბავშვი ზუსტად იმავეს აკეთებს. ყველა ყვირის: "ნახეთ, რა გააკეთა კამერუნმა?"

ამ დღეს, შენს გულში ცეცხლი დაინთო. კამერუნი არის ადგილი, რომელიც არსებობს. ტომას ნ'კონო არის ადამიანი, რომელიც არსებობს. შენც უნდა აჩვენო მსოფლიოს, რომ ბუფონი არსებობს.

სწორედ ამიტომ გახდი ფეხბურთელი. არა ფულის ან დიდების მოხვეჭის მიზნით, არამედ ტომას ნ'კონოს სტილის, არტისტიზმისა და მისი სულის გამო.

უნდა დაიმახსოვრო: ფული და დიდება არ არის მიზანი. თუკი შენს სულზე არ ზრუნავ, თუკი ფეხბურთს მიღმა სხვა შთაგონების წყაროს არ ეძებ, ცუდად გახდები. სანამ ახალგაზრდა ხარ, უფრო მეტად უნდა იყო დაინტერესებული, თუ რა ხდება სამყაროში. ამით შენს თავსა და ოჯახს გადაარჩენ.

მეკარე გამბედავი უნდა იყოს, ეს სიმართლეა.

თუმცა არა უცოდინარი.

ღრმა დეპრესიის პერიოდში, შენს ცხოვრებაში რაღაც უცნაური და მშვენიერი მოხდება. ერთ დილას, გადაწყვეტ, დაარღვიო შენი რუტინა და ტორინოში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს ესტუმრო. შესაბამისად, ქალაქში სხვა მარშრუტით გაივლი და გზად ხელოვნების მუზეუმი შეგხვდება.

გამოკრულია ბანერი, სადაც წერია - შაგალი.

ეს სახელი ადრეც გაგიგონია, თუმცა ხელოვნებაში არ ერკვევი.

სხვა საქმეები გაქვს გასაკეთებელი.

სხვაგან გეჩქარება.

შენ ბუფონი ხარ.

კი მაგრამ, ვინ არის ბუფონი?

იცი, ვინ ხარ?

იცნობ შენს თავს?


ეს ამ წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. შენ ამ მუზეუმში უნდა შეხვიდე, სწორედ იმ დღეს. ეს შენი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება იქნება.

თუკი მუზეუმში არ შეხვალ და ფეხბურთელის ცხოვრებას გააგრძელებ, კვლავ სუპერმენს დაგიძახებენ. შემდეგ ეს შეგრძნებები გაქრება და შენი სულიც მსხვრევას დაიწებს.

თუმცა თუკი მუზეუმში შეხვალ, იხილავ შაგალის ასობით ნახატს. მათი უმრავლესობა შენს ყურადღებას არ მიიქცევს. ზოგი კარგია, ზოგი საინტერესო, ზოგიც არაფერს გეუბნება.

თუმცა შემდეგ ისეთს წააწყდები, რომელიც შენზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს.

ნახატს ეწოდება: "გასეირნება."

ეს ბავშვურ ნახატს ჰგავს. კაცი და ქალი პარკში საპიკნიკოდ არიან გასულები, თუმცა ყველაფერი მაგიურია. ქალი ცაში ანგელოზივით დაფრინავს, კაცს კი მისი ხელი უჭირავს და იღიმება.

ნახატი ბავშვის ოცნებას ჰგავს.

chagal a walk

ამ ნახატს, სულ სხვა სამყაროდან, რაღაც უცხო მოაქვს - შეგრძნება, რომელსაც იღებ ისე, როგორც პატარა ბავშვი. ბედნიერების შეგრძნება სიმარტივეშია.

გრძნობ ტომას ნ’კონოს 30 მეტრზე მოგერიებულ ბურთს.

გრძნობ ბებიის ხმას, რომელიც სამზარეულოდან გეძახის.

გრძნობ, როგორ ზიხარ სიბნელეში, ტელევიზორის უკან და ლოცულობ.

როდესაც წლები გადის, ამ შეგრძნებებს იოლად ვივიწყებთ.

მუზეუმში ხვალაც უნდა მიხვიდე. ეს შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაკვირვებული ბილეთების გამყიდველი ღიმილით გკითხავს: "შენ აქ ხომ გუშინაც იყავი?"

ყურადღება არ მიაქციო. შედი. ხელოვნება საუკეთესო წამალია. როდესაც გონებას გააფართოვებ, შინაგანი სიმძიმე სიმსუბუქეს იძენს - ზუსტად ისე, როგორც ქალი, შაგალის ნახატზე.


ცხოვრებაში ძალიან ბევრი ამოუხსნელი, საოცარი, ერთმანეთთან დაკავშირებული ამბავი ხდება. ეს ერთ-ერთი მათთაგანია.

ახალგაზრდობისას, როდესაც "პარმას" შემადგენლობაში ითამაშებ, შენი უცოდინრობით ისეთ რამეს ჩაიდენ, რაც შენ ცუდად გამოგარჩევს. დიდი დაპირისპირების წინ, ეცდები აჩვენო თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს, რომ ხარ ლიდერი, გამბედავი ადამიანი.

მაისურზე დაიწერ იმ სიტყვებს, რომელიც ბავშვობაში, სკოლის დაფაზე იყო ამოკაწრული: "სიკვდილი ლაჩრებს!"

შეიძლება იფიქრო, რომ ეს სამოტივაციო სიტყვებია.

თუმცა არ იცი, რომ "სიკვდილი ლაჩრებს" ულტრა-მემარჯვენე ფაშისტების ლოზუნგია.

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა, რომელიც შენს ოჯახს ტკივილს მოუტანს. თუმცა შეცდომები მნიშვნელოვანია: ის შეგახსენებს, რომ ადამიანი ხარ. შეცდომები კიდევ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მიგითითებს, რომ ცხოვრების არაფერი გაგეგება. ფეხბურთი დაგარწმუნებს, რომ გამორჩეული ხარ. თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ბარმენზე ან ელექტრიკოსზე მაღლა არ დგახარ - ადამიანებზე, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე შენი მეგობრები იქნებიან.

ეს გამოგიყვანს დეპრესიისგან. უნდა გახსოვდეს, რომ გამორჩეული კი არა, ისეთივე ადამიანი ხარ, როგორიც სხვები. ამას 17 წლის ასაკში ვერ მიხვდები, მაგრამ ჭეშმარიტი სიმამაცე ისაა, შენი სისუსტე არ დამალო და ამის არ გრცხვენოდეს.

შენ იმსახურებ სიცოცხლის საჩუქარს ჯიჯი. ისევე, როგორც ყველა ადამიანი, ეს დაიმახსოვრე.

ახლა ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ მიხვდე, თუ რამდენ კავშირს შეიცავს შენი ცხოვრების გზა. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ სამყაროს შენი გონების კარი დროულად არ გაუხსენი. იქნებ, შენ უბრალოდ ასეთი ადამიანი ხარ. 41 წლის ასაკში, კვლავ გულანთებული ადამიანი იქნები, რომელიც თავისი თავით კმაყოფილი კვლავ არ იქნება, ვწუხვარ ამაზე. ამ შეგრძნებას მსოფლიო ჩემპიონატის თასის აღმართვის ემოციაც კი ვერ გადაფარავს.

buffon-kid-1

გახსოვს პირველი ზამთარი, როდესაც შენს ბიძას მთებში, ქალაქ უდინეში ესტუმრე? თუ ეს მხოლოდ ის ამბავია, რომელსაც მხოლოდ უფროსი ადამიანი თუ გაიხსენებს?

4 წლის იყავი. მთელი ღამე თოვდა. მანამდე თოვლი არც გინახავს. გაიღვიძე და ფანჯრიდან ცხადი სიზმარი დაინახე: მთელი სამყარო თოვლს ჰქონდა დაფარული.

ღამის პერანგის ამარა, გარეთ გაიქეცი. არც კი იცოდი, რა იყო თოვლი, მაგრამ არ გიყოყმანია, არც ქურთუკი ჩაგიცვამს, პირდაპირ თოვლში გადახტი.

არ შეგშინებია.

შენი ბებია ყვიროდა: "ჯანლუიჯი!!!!!!!!!!! არა! არა! არა!"

შენ კი გალუმპული იცინოდი.

მთელი კვირის განმავლობაში, სიცხე გქონდა.

მაგრამ არ გადარდებდა.

არც გიყოყმანია. პირდაპირ თოვლში.

სწორედ ეს ხარ.

შენ ხარ ბუფონი.

მსოფლიოს შენს არსებობას დაანახებ.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა