არაბული ზაფხული - სატრანსფერო ამბების მიღმა დამალული ამბები
არაბული ზაფხული - სატრანსფერო ამბების მიღმა დამალული ამბები
2023 წლის ზაფხულის სატრანფერო პერიოდი ისეთივე ცხელი იყო, როგორც თბილისი აგვისტოში. ბევრი რამ მოხდა - პრემიერ ლიგის გუნდებმა კოლოსალური თანხა დახარჯეს, რეალმა საუკეთესო ნახევარმცველი შეიძინა, მბაპე საფრანგეთში დარჩა და ა.შ. კლუბების სატრანსფერო ამბები ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ის, რითაც გასული პერიოდი აუცილებლად დაგვამახსოვრდება და რაზეც განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ - ფეხბურთში არაბული ნავთობის კიდევ უფრო დიდი მასშტაბით შემოდინება და მისი სამომავლო გავლენაა, რის გამოც, ამ სატრანსფერო პერიოდს, "არაბული ზაფხული", თამამად დავარქვი.
"არაბული ზაფხული" მინიშნებით დატვირთული სიტყვათა თამაშია. 2010-იანი წლების დასაწყისში, არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციებისა და ამბოხებების სერია დაიწყო, რომელმაც სათავე ტუნისიდან აიღო და, დომინოს პრინციპით, სხვა ქვეყნები ჩაიყოლა. ეს მნიშვნელოვანი, ცვლილებებითა და სისხლით სავსე ეპიზოდი, ისტორიაში "არაბული გაზაფხულის" სახელით შევიდა.
სანამ "არაბული ზაფხულის", მისი დატვირთვისა და გავლენის, ასევე ცნობილი ფეხბურთელების საუდის არაბეთში ტრანსფერების შესახებ ვისაუბრებდეთ, წარსულის მიმოხილვა გავაკეთოთ.
ნავთობი ფეხბურთში
გასული საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში, ფეხბურთში ნავთობის ფულმა იმატა. ნავთობკომპანიები და მათი თანამშრომლები კლუბებს, მცირე თუ დიდი მასშტაბის ლიგებსა და ტურნირებს აარსებდნენ. თუმცა ის, რაც გასული 20 წლის და, განსაკუთრებით, ბოლო წლებში ხდება, უპრეცედენტოა.
არაბულმა სამყარომ ფეხბურთში ფესვები XXI საუკუნეში გაიმყარა - ევროპული სპონსორების ლოგოები მაისურებიდან თანდათანობით შემცირდა, სტადიონებს სახელები გადაერქვა და კლუბების საკონტროლო პაკეტი ახალ მფლობელებს გადაეცა. მაგალითისთვის: 👇
- 2008 წელს, "მანჩესტერ სიტი" არაბთა გაერთიანებული ემირატების შეიხმა მანსურმა 746 მილიონად შეიძინა;
- "პარი სენ-ჟერმენის" მფლობელი, ნასერ ალ-ხელაფის ხელმძღვანელობით, Qatar Sports Investment-ია, კლუბის სპონსორი კი - Fly Emirates.
- 2021 წლის ოქტომბერში, "ნიუკასლი" 415 მილიონად გაიყიდა. მისი მფლობელი უმსხვილესი კონსორციუმია, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა საუდის არაბეთია.
- 2013 წელს, საუდის არაბეთის იმდროინდელმა პრინცმა, აბდულა ბინ მოსად ბინ აბდულ აზიზ ალ საუდმა (დღეს იგი მეფეა), "შეფილდ იუნაიტედის" 50%-იანი წილი შეიძინა, 2019-ში კი კლუბის სრული მფლობელი გახდა.
- "ასტონ ვილას" მფლობელი ეგვიპტელი მილიარდერი, ნასეფ სავირისია, რომელმაც კლუბის საკონტროლო პაკეტი (55%) 2018 წელს, 36 მილიონად შეიძინა.
ფარდის მიღმა ბევრი რამ იმალება. ფეხბურთი გავლენების ასპარეზია, სადაც დიდი ფული ბრუნავს და ამიტომაც, მას ბევრი ხელი ეხება - ისეთი, რომლისთვისაც ფეხბურთს არა სპორტული, არამედ სხვა დანიშნულება აქვს. ამისი ნათელი მაგალითია მსოფლიო ჩემპიონატის ჯერ რუსეთში, შემდეგ კი კატარში ჩატარება - გემახსოვრებათ, ამ ამბებს ზეპ ბლატერისა (ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი) და მიშელ პლატინის (უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი) გადადგომა და სასამართლო პროცესები მოჰყვა. რეპუტაციული სკანდალი ფართო მასშტაბის იყო, თუმცა საბოლოოდ, უკმაყოფილო მაინც არავინ დარჩენილა.
გამოძიების მსვლელობისას, მედიის აქტიური ყურადღების ქვეშ მყოფმა ბლატერმა ისიც თქვა, რომ სანამ საფრანგეთი კატარის მასპინძლობას მხარს დაუჭერდა, პლატინი ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის შეხვდა და კატარის კანდიდატურის მხარდაჭერა დაავალა - მოგვიანებით, ბლატერის სიტყვები პლატინიმაც დაადასტურა.
ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატის კატარში ჩატარება შეცდომა იყო. პლატინიმ მკითხა, რას ვიზამდი, თუკი პრეზიდენტი პირადად მთხოვდა რაიმეს გაკეთებას. ვუპასუხე, რომ შვეიცარიას პრეზიდენტი საერთოდ არ ჰყავს. ყველაფერი ფულს ეხებოდა. კენჭისყრის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ, კატარმა საფრანგეთისგან $14.6 მილიარდის ღირებულების ბომბდამშენები შეიძინა. - ზეპ ბლატერი
2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატს მრავალი საერთაშორისო, უფლებადამცველი ორგანიზაცია აკრიტიკებდა. ინფორმაცია ვრცელდებოდა 5000-ზე მეტი დაღუპული მუშის, ტრეფიკინგის, ადამიანების მონურ მდგომარეობაში შრომის შესახებ. ამასთან დაკავშირებით არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც გავრცელდა, თუმცა საფეხბურთო ზეიმმა და არგენტინის ტრიუმფმა ყველაფერი გადაფარა. როდესაც კატარის ამირა მესის მხრებზე ტრადიციულ სამოსს, ბიშტს აცვამდა, ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები აღარავის ახსოვდა.
Sportswashing
სწორედ ასეთ დავიწყებასა და ყურადღების გადატანას ეწოდება "სპორტსვოშინგი" - მას, სამწუხაროდ, ქართულ ენაში ზუსტი შესატყვისი არ გააჩნია. ეს არის პროცესი, როდესაც სახელმწიფო, კერძო პირი ან მსხვილი კორპორაცია სპორტის გავლენას საკუთარი ბრალის მისაჩქმალად, ერთგვარ ფარად ან შელახული რეპუტაციის აღსადგენად იყენებს. ის წარმოადგენს პროპაგანდის ერთ-ერთ სახეს, სადაც სპორტსმენები ან სპორტული მოვლენები (მაგალითად ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი), ნებსით თუ უნებლიეთ, სხვისი მიზნების შემსრულებელ ინსტრუმენტებად გვევლინებიან.
"სპორტსვოშინგის" მაგალითი ძალიან ბევრია - 1936 წლის ოლიმპიადა ნაცისტურ გერმანიაში, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც არგენტინაში სამხედრო დიქტატურის რეჟიმის დროს ჩატარდა და სხვ. ცოტა მეტ დეტალებსაც გეტყვით - ნაცისტებმა ოლიმპიადა ახალი, ძლიერი, ერთიანი გერმანიის იმიჯის შესაქმნელად გამოიყენეს, ანტისემიტიზმი და მზარდი მილიტარიზმი კი ოსტატურად მიჩქმალეს. არგენტინაში კი, საფეხბურთო მოედნებზე გახურებული ტურნირის ფონზე, სამხედრო რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდა და კლავდა.
"სპორტსვოშინგის" მაგალითებზე ჩაღრმავება ცალკე საუბრის თემაა. ამჯერად, ჯობს, ჩვენი ყურადღება ისევ საუდის არაბეთისკენ გადავიტანოთ.
კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი და არაბული ზაფხულის დასაწყისი
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა არაბულ "ალ ნასრში" გააგრძელა. BBC წერდა, რომ პორტუგალიელის ანაზღაურება წელიწადში 200 მილიონ ევროს შეადგენდა, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიელი აქცენტს სხვა მიმართულებით აკეთებდა.
ბევრი ვარიანტი მქონდა, თუმცა ახალ კლუბს სიტყვა მივეცი, რომ ამ საოცარ ქვეყანაში არამარტო ფეხბურთის, არამედ სხვა სფეროების განვითარებასაც შევუწყობ ხელს. მინდა, ამ ქვეყანასა და კლუბს ახალი ხედვა შევძინო. სწორედ ამიტომ ვარ აქ. - რონალდუს სიტყვები არაბეთში გადასვლის შემდეგ
რონალდუს ტრანსფერი "სპორტსვოშინგის" ერთ-ერთი მაგალითად მიიჩნიეს Amnesty International-ში. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რასაც საუდის არაბეთი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავდა.
საუდის არაბეთზე ხოტბის შესხმის ნაცვლად, რონალდუმ მისი საჯარო პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე მიაპყროს, სადაც ადამიანებს სიკვდილით რეგულარულად სჯიან.
რონალდუმ არ უნდა დაუშვას, რომ მისი სახელი და პოპულარობა საუდის არაბეთმა სპორტსვოშინგისთვის გამოიყენოს. - Amnesty International-ის გამოხმაურება რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით
როგორც ფოტოზე ხედავთ, 2023 წლის ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტი პრემიერ ლიგის გუნდებმა დახარჯეს და ამაში უცხო არაფერია. მთავარი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, დიდ ხუთეულში საუდი პრო ლიგის არამარტო გამოჩენა, არამედ მეორე პოზიციაზე ყოფნაა.
რონალდუ, ბენზემა, ნეიმარი, მაჰრეზი, მანე, ფირმინო, კანტე, მილინკოვიჩ-სავიჩი, ჰენდერსონი, ფაბინიო, ბროზოვიჩი, ლაპორტე, კულიბალი, ტელეში, ედუარდ მენდი, კესი, ბონო, რუბენ ნევეში, მიტროვიჩი, მალკომი და სხვა მრავალი ბურთს საუდის არაბეთის ჩემპიონატში აგორებენ. სხვათა შორის, მათ შორისაა სოლომონ კვერკველიაც, რომელიც "ალ ახდუდში" ასპარეზობს.
ჩამოთვლილი ვარსკვლავების ყოველწლიური ანაზღაურება იმდენად კოლოსალურია, რომ ამ კუთხით, არაბულ კლუბებთან კონკურენციაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბებიც კი ვერ შედიან. მაცდური წინადადებით, იზიდავენ არამარტო 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს, არამედ ახალგაზრდებსაც. მაგალითისთვის, 21 წლის ესპანელი, გაბრი ვიეგა, რომლის შეძენაც რამდენიმე ტოპ კლუბს სურდა, დღეს "ალ-აჰლიში" თამაშობს - ამ ფაქტს, ტონი კროოსმა, საჯაროდ, "სამარცხვინო" უწოდა.
ეს ყველაფერი იმდენადვეა უცნაური, რამდენადაც "ალ-იტიჰადის" მიერ ნ'გოლო კანტეს წარდგენის ვიდეო. თუმცა საუდის არაბეთში ცნობილი ფეხბურთელების გადინების პროცესი მსჯელობის საგანი და, გარკვეულწილად, ახსნადია.
Where is kante ? 🤔
— Al-Ittihad Club (@ittihad_en) June 21, 2023
#WelcomeBox2Box pic.twitter.com/IvYl2zZ2E9
არსებობს საუდის არაბეთის ტრანსფორმაციის გეგმა, რომელსაც "ხედვა 2030" ეწოდება. მთავრობამ იგი 2016 წლის 25 აპრილს წარადგინა. "ხედვა 2030" მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დივერსიფიკაციის გრძელვადიან გეგმას, რომელიც იმდენად მრავლისმომცველია, რომ მას არათუ ერთი ბლოგი, არამედ წიგნები არ ეყოფა.
სპორტული თვალსაზრისით, საინტერესოა, რომ საუდის არაბეთი განაცხადს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აკეთებს. დიდი ალბათობით, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში ჩატარდება. ასე რომ, შეიძლება შეიცვალოს განრიგი, საუდის არაბეთისთვის გადაიწიოს თარიღმა, მაგრამ მიზანი უცვლელად რჩება.
"ხედვა 2030"-ის ნაწილი ითვალისწინებს ეკონომიკური მოდელის ისეთ რეორგანიზაციას, რომელიც საუდის არაბეთის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ამ პროცესში, სპორტი, საუდის არაბეთისთვის, PR-ის ინსტრუმენტია - მან უნდა გააცნოს, სხვა თვალით დაანახოს დასავლურ ცივილიზაციას ეს ქვეყანა. საძიებო სისტემებსა და მედიაში, საუდის არაბეთზე სხვა კუთხით უნდა საუბრობდნენ, ოქროს ბურთის მფლობელი, ქარიმ ბენზემა, უნდა ამბობდეს, რომ ამ ქვეყანას დიდი საფეხბურთო მომავალი აქვს, ნეიმარი საუდის არაბეთიდან ატვირთულ თითოეულ "სთორიში" ნახევარ მილიონს გამოიმუშავებდეს და ა.შ.
ეს ყველაფერი, ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ანგარიშებს აუცილებლად გადაფარავს, რადგან ყურადღება სულ სხვა მხარეს იქნება გადატანილი.
სხვა ქვეყნების მაგალითები და კვლავ, არაბული გავლენები
არასაფეხბურთო ქვეყანებში დიდ ფეხბურთელებს არაერთხელ უთამაშიათ. კარიერის დასასრულს, პელემ ამერიკულ "კოსმოსში" 2 წლის განმავლობაში ითამაშა. ამავე გუნდის წევრი იყო ფრანც ბეკენბაუერიც; ფორმიდან ამოვარდნილმა ჯორჯ ბესტმა საერთოდ რამდენიმე ამერიკული კლუბი გამოიცვალა. მოგვიანებით, დევიდ ბექჰემის ტრანსფერით, ამერიკელებმა "სოკერი" თითქოს ხელახლა გამოიგონეს, გააცოცხლეს და MLS გახდა ჩემპიონატი, სადაც ცნობილი ფეხბურთელები, მეტწილად, კარიერის მიწურულს მიდიან. მაგალითისთვის, დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამიში", დღეს ბურთს ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი აგორებენ.
მასშტაბური ინვესტიცია განახორციელა ფეხბურთში ჩინეთმაც - 2014 წელს, პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, განაცხადა, რომ ჩინეთის კაცთა, ასევე ქალთა ნაკრები საფეხბურთო ელიტის წევრი უნდა გამხდარიყო - ნაკრები, რომელიც უმასპინძლებდა მუნდიალს და მის მოსაგებად სერიოზულ განაცხადს გააკეთებდა.
მან ისიც თქვა, რომ მიზნის მისაღწევად, ეროვნული ჩემპიონატის დონე უნდა გაზრდილიყო. გემახსოვრებათ ჰალკის, ოსკარის, ტევესისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების მრავალმილიონიანი ტრანსფერები (განსაკუთრებით, 2014-2017 წლებში). მაგალითისთვის, კარლოს ტევესმა, რომელიც წელიწადში 30 მილიონს გამოიმუშავებდა, ალალად, ასეთი რამ თქვა: აქ თამაში არ მინდა, არაკონკურენტუნარიანი გარემოა, თუმცა ჩინეთში ტრანსფერის დახმარებით, მთელი ოჯახი და სანათესაო ახალ, მშვიდობიან უბანში დავაბინავეო.
2017 წელს, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ კლუბები ფულს ირაციონალურად ხარჯავდნენ, ტრანსფერების რაოდენობამ იკლო. გასაკვირი არ ყოფილა: ფეხბურთი ევროპაში ერთ დიდ, მასიურ ორგანიზმს, კულტურულ და სპორტულ მეხსიერებას წარმოადგენს, რომელიც კლუბებს, პრეზიდენტებს, საფეხბურთო აგენტებს, ერთგულ ქომაგებს, საფეხბურთო გამოცემებს, აკადემიას, ცოდნას, გამოცდილებას, კრახსა თუ დიდებას აერთიანებს. ეს საფეხბურთო ფერხული, კი, ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა.
თანამედროვე ფეხბურთში, არაბული სამყაროს გავლენა სხვაგვარია. პრემიერ ლიგის გუნდების მომავალი, მნიშვნელოვანწილად, არაბულ ფულზეა დამოკიდებული. "პარი სენ-ჟერმენს" კატარი აკონტროლებს, რომლის ხელმძღვანელიც დღეს UEFA-ს ბორდის წევრია. მნიშვნელოვანია იმ დეტალის დანახვა, რომ დროთა განმავლობაში, დასავლური სპორტის ეკონომიკა, საუდის არაბეთზე და მისგან მომავალ ფულზე ხდება დამოკიდებული. საით წაგვიყვანს უეფა-სა და ფიფა-ს "სამეფო კარის თამაშები", ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ იმ ყველაფერს, რაც "არაბული ზაფხულის" ფარდის მიღმა საიმედოდ მიჩქმალულია, ფეხბურთთან საქმე ნამდვილად არ აქვს.
გამოყენებული წყაროები: Amnesty International, BBC, Bloomberg, Reuters, The Athletic, The Guardian, Transfermarkt.