Belive
1 კვირის წინ

ყველა გადადექით გზებიდან - ლიონელ მესი მოდის

მესი უკვე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით, მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს

მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით მუნდიალზე

20 წელზე მეტია, მესის არგენტინის ფორმა აცვია და მისი სანაკრებო ისტორია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო მემკვიდრეობაა. ამ 20 წლიდან, ალბათ, ნახევარზე მეტი, მიიჩნეოდა, რომ ბარსელონას ფორმის გახდის შემდეგ, მესი სხვა პიროვნებად იქცეოდა და 'ლუზერის' სახელსაც ატარებდა - აქ საუბარი არაა არგენტინელის პირად გულშემატკივრებზე, ვისაც მისი დაცვა, იმ წლებში, დიდი ბრძოლებით უწევდათ - ლეოს აკრიტიკებდა ყველა, ვისაც მოპირდაპირე პოლუსზე, რონალდუს გვერდით დგომა და 7-იანის თამაშით ტკბობა ერჩივნა.

ახლა, როცა ყველაფერი ნათქვამია და მესი 'მართლა' მაგარია, ის და მისი ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით, მხრებიდან ტვირთმოხსნილი ითამაშებენ. ლეო დიდია (38 წლის), მაგრამ დასვენებული - მესი ამერიკაში გაშინაურებულია და თამაშების დიდი ნაწილიც სწორედ აქ მოუწევს.

გავიხსენოთ ყველა მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მესისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ერთობლივად გადახდათ - როგორ იქცა მუდამ 'დამარცხებული' გუნდის ლიდერი, ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო სანაკრებო მოთამაშედ.

გულშემატკივრები მესის, როგორც მთავარი საფეხბურთო კერპის ბოლო სანაკრებო თამაშებისთვის ემზადებიან

"პატარა ბიჭმა როსარიოდან“, პირველი თამაში მთავარ ნაკრებში, 2005 წლის 17 აგვისტოს, უნგრეთის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში ჩაატარა. ორი ათწლეულის განმავლობაში, ლიონელ მესი სასოწარკვეთილებიდან დიდებამდე, იმედგაცრუებიდან კაპიტნობამდე და ნაკრებიდან 'გაქცევიდან' მწვერვალამდე მივიდა.

2005 წლის აგვისტოში მესიმ - ისევე როგორც დიეგო მარადონამ 1977 წელს - პირველად უნგრეთთან ითამაშა. დიდ შორტებში ჩატენილი უფრო ფართო მაისურით, 63-ე წუთზე ლისანდრო ლოპესის ნაცვლად შემოსულმა 18 წლის ფეხბურთელმა, მოედანზე სულ რაღაც 47 წამი გაატარა. მესი ვილმოშ ვანჩაკს გაექცა, მან მოზარდის დასაჭერად მაისურს ჩაავლო ხელი, თუმცა მესისგან იდაყვი მიიღო - დებიუტი წითელი ბარათით. საშინელი დასაწყისია, თუმცა დასამახსოვრებელი. ხასიათიანი ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა - პატარა თავქარიანი ბიჭის, რომელსაც გამოცდილება არ ეყო იმის მისახვედრად, რომ ამიერიდან, მის გასაჩერებლად, ხალხი ყველაფრის გამკეთებელი იქნებოდა მოედანზე.

უნგრეთთან მიღებული წითლის შემდეგ, მესის ერნან კრესპო ამშვიდებს
ვიცოდით, რომ არგენტინის ნაკრები ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ გვინდოდა ამ ფეხბურთელის პირადად ნახვაც, რადგან მასზე ყველა ისე საუბრობდა, თითქოს საფეხბურთო ისტორიის უდიდეს მოვლენასთან გვქონდა საქმე. შესაძლოა, მისი კარიერა მე დავიწყე. - განუცხადა ვანჩაკმა The Athletic-ს, 2022 წელს

მთავარ ნაკრებში დებიუტამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, მესიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც 2005 წელს, ნიდერლანდების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ტურნირზე ყველაზე მეტი, ექვსი გოლი გაიტანა - მათ შორის დუბლი ნიგერიის წინააღმდეგ ფინალში (2:1 მოგებულ მატჩში) - რითაც მოიგო ოქროს ბუციც და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც. დროთა განმავლობაში, ისეთი კონტექსტი შეიქმნა, რომ რონალდუს მხარეს მყოფი ხალხისთვის, მესისტები ამ არგუმენტს ვიშველიებდით და ვამბობდით, რომ ლეო ნაკრების ფორმითაც იგივე კაცია.

მესის პირველი გოლი ნაკრებში 2006 წლის მარტში გავიდა, მან ხორვატიის წინააღმდეგ, მეექვსე სანაკრებო თამაშში, ამხანაგურში გაიტანა. კარლოს ტევესის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ, სტეფან ტომასის პასი ჩაჭრა, წაიღო და გაიტანა ისე, როგორც დანარჩენი 20 წელი აკეთებდა - მარცხენათი, შორეულ კუთხეში.

პირველი გამოჩენა მსოფლიო ჩემპიონატზე

მესის მსოფლიო ჩემპიონატიების ოდისეა 2006 წელს, გერმანიაში დაიწყო. მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა ის ტევესის, ხავიერ სავიოლას, ერნან კრესპოს და სხვა დიდი სახელების გვერდით, სრულუფლებიან წევრად ჩასვა. ჯგუფის პირველ ტურში, კოტ-დ’ივუართან 2:1 გამარჯვების შემდეგ, პეკერმენმა მესი მონტენეგროსთან, 16 წუთით ათამაშა - არგენტინელებმა 6:0 მოიგეს, მესიმ კი მუნდიალებზე პირველი გოლი გაიტანა.

პირველი დიდი იმედგაცრუება 2007 წლის კოპა ამერიკა იყო - მესი არგენტინული ძრავის მთავარი მექანიზმი იყო და ვენესუელაში, კოპა ამერიკის ფინალშიც გავიდა. მან ვერ შეუშალა ხელი ჟულიო ბაპტიშტას ლიდერობით გამოსულ ბრაზილიას - 'სელესაომ' უმარტივესად, 3:0 მოუგო არგენტინას. მესის ფანებს ეს ტურნირი ყოველთვის იმით გვემახსოვრება, რაც ლეომ ნახევარფინალში, მექსიკასთან გააკეთა. იქ არგენტინელმა საოცარი გოლი გაიტანა - მესის პატარაობიდან უყვარდა თავზე გადაგდებით გოლები. ის, რასაც ჩვენ 'წკაპს' ვეძახით, განსაკუთრებული იარაღი იყო მესის არსენალში - ალბათ იმიტომ, რომ ამ დროს საკუთარი შექმნილი სილამაზის დანახვა შეგიძლია, თანაც ჰაერში დაკიდებული ბურთი მშვენიერების უფრო მეტი წამია. იმ შეხვედრაში რიკელმემაც არ დააკლო და 'პანენკა' შეაგდო.

ოქროს მომენტი

ერთი წლის შემდეგ, არგენტინამ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მომაჯადოებელი ტურნირის ფინალში, მესიმ ანხელ დი მარიას, ნიგერიის წინააღმდეგ, ერთადერთი გოლი გაატანინა. ეს მესისტების მეორე არგუმენტი იყო, თუმცა რადგან არც კოპა იყო და არც მუნდიალი, რონალდუს ბაზიდან, ამ 'წარმატებას' არ გვითვლიდნენ. პრინციპში, არც თავად არგენტინელები მიიჩნევდნენ დიდ მიღწევად, მარადონას მნახველი ხალხი ამით ვერ მოითაფლებოდა.

ნომერი 10

2009 წელს, ხუან რომან რიკელმეს კარიერის დასრულების შემდეგ, მესის, საკულტო 10-ნომრიანი მაისური ახალმა მწვრთნელმა და მისმა ყველაზე ცნობილმა მფლობელმა, დიეგო მარადონამ გადასცა. ამ მაისურით პირველ მატჩში არგენტინამ ვენესუელა 4:0 დაამარცხა, მესიმ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მახსოვს, დიეგომ მითხრა, რომ სურდა ჩემთვის გადმოეცა მაისური, რომლის ჩასაცმელადაც უკვე მზად ვიყავი. - განუცხადა მესიმ TyC Sports-ს.

მეორე მსოფლიო - 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინა დიეგო მარადონამ წაიყვანა. საბერძნეთის წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, დიეგომ გუნდი შეცვალა და ხავიერ მასკერანო სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მესიმ კი პირველად აიღო კაპიტნის სამკლავური. მესი მარადონასთან ერთად, უსახელოდ გამოვარდა მეოთხედფინალში - გერმანელებმა სამხრეთ ამერიკელებს 'შავი დღე' აყარეს (4:0). მესიმ საერთოდ ვერ გაიტანა.

მესი და მარადონა გერმანიასთან (4:0) დამარცხების შემდეგ

ერთი წლის შემდეგ, კოპა ამერიკაზე კიდევ ერთი ადრეული გამოვარდნის შემდეგ, ახალმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელამ, მესის სრულფასოვან კაპიტნად დანიშნა, ამ დროს ლეო 24 წლის იყო.

მესამე მსოფლიო - მესის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, კაპიტნის რანგში, 2014 წელს, ბრაზილიაში გაიმართა და მას შესანიშნავი თამაშების სერია ჰქონდა. განსაცვიფრებელმა სოლო გოლებმა ბოსნიასთან და ირანთან, არგენტინას გამარჯვებები მოუტანა. იყო კიდევ ორი გოლი ნიგერიასთან, მათ შორის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა. მერვედფინალში, შვეიცარიასთან გამარჯვების გოლის გამტან დი მარიას, სწორედ მესიმ უპასა. გაიარეს ბელგია და ნიდერლანდებიც, თუმცა მესი და არგენტინა ისევ გერმანიასთან, ფინალის დამატებით დროში, მარიო გიოტცეს გოლით დამარცხდა. შესაძლოა, მესიმ ტიტული ვერ მოიგო, თუმცა ამ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჩილეს კოშმარები

კოპა ამერიკა 2015 წელს დაბრუნდა და ერთი წლის შემდეგ ტურნირის სპეციალური გამოცემით მისი ასი წლის იუბილე აღინიშნა, მესის და კომპანიას ზედიზედ ორი შანსი მიეცათ, 1993 წლის შემდეგ პირველად მოეპოვებინათ კონტინენტის ტიტული. მესიმ ორივე ტურნირზე ბრწყინვალედ ითამაშა და 2016 წლის კოპაზე გაბრიელ ბატისტუტას აჯობა, როგორც ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, თუმცა ორივე ფინალში ჩილესთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.

გაქცევა ნაკრებიდან - ბოლო გულისტკენის შემდეგ, მან საერთაშორისო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება ერთ თვეზე ნაკლებ დროში შეცვალა, რადგან სურდა ყველაფერი „შიგნიდან“ გამოესწორებინა.

მესი ჩილესთან პირველი და მეორე წაგებული ფინალების შემდეგ

მეოთხე მსოფლიო - არგენტინა, შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხვედრილიყო 2018 წლის რუსეთში გამართულ მუნდიალზე, რომ არა ეკვადორის წინააღმდეგ შესრულებული დიდებული ჰეთ-თრიკი (ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში). ტურნირზე, მესის კიდევ უფრო მეტმა მაგიამ, ნიგერიის წინააღმდეგ გატანილი გოლით, არგენტინა ჯგუფიდან გაიყვანა. ორი საგოლე გადაცემის მიუხედავად, საფრანგეთთან მერვედფინალურ მატჩში, არგენტინა 4:3 დამარცხდა და ლეო ისევ ტიტულის გარეშე დარჩა.

ნაცნობი გრძნობა - 2018 წლის რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში, არგენტინა მესის გარეშე დარჩა, თავდამსხმელმა ხანგრძლივი შვებულება აიღო. ის 2019 წლის კოპა ამერიკაზე დაბრუნდა, მაგრამ მეორე სანაკრებო წითელი ბარათი ჩილესთან, მესამე ადგილისთვის მოგებულ მატჩში მიიღო.

ნავსის გატეხვა და შემობრუნება - კოვიდ-19-ის გამო გადადებული 2021 წლის კოპა ამერიკა კოლუმბიასა და არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საშინაო უპირატესობა დაიკარგა, რადგან ტურნირი ბრაზილიაში გადავიდა.

ლეომ ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა - რითაც არგენტინის ნაკრების ისტორიაში (148 მატჩით) ხავიერ მასკერანოს გაუსწრო. 'მარაკანაზე', ბრაზილიის წინააღმდეგ, დი მარიას გატანილი ერთადერთი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და მესიმ საბოლოოდ დაანგრია მითი, რომ დიდი ტურნირის მოგება არასდროს გამოუვიდოდა.

მესიმ ამ ტიტულს ფინალისიმაც მიაყოლა (სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ჩემპიონებს შორის შეხვედრა). თამაში 'უემბლიზე' გაიმართა და არგენტინელებმა იტალიელები საოცარ სტილში (3:0) დაამარცხეს - მესის ამ მატჩში 2 საგოლე გადაცემა ჰქონდა.

მეხუთე მსოფლიო - ეს უკვე ის მუნდიალია, როომელიც კარგად გვახსოვს და რომელმაც, მესის 'მეფის' სტატუსი მიანიჭა. კატარში ჩატარებული ტურნირის მთავარი ნათება სწორედ მესისგან მოდიოდა. საუდის არაბეთთან, პირველი ტურის მარცხის შემდეგ, არგენტინა ერთი კაცის არმიად იქცა. 34 წლის მესიმ, ისე ჩაატარა, როგორ მარადონამ და მისიაზე მყოფი არგენტინელები სახლში მესამე ჩემპიონობით დააბრუნა.

წაგებული მესი, რომელსაც არგენტინის ფორმა აცვია, აღარ არსებობდა - ასე შეიცვალა 'ლუზერობიდან' ყველაფრის მომგებ ფეხბურთელობამდე - ინტერ მაიამისთან კონტრაქტის გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მესი და არგენტინა 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალში, „ჯადოსნურ ქალაქში“, კოლუმბიას დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი ტრავმის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, ლაუტარო მარტინესის დამატებით დროში გატანილი გამარჯვების გოლის წყალობით, არგენტინამ რეკორდული, მე-16 ტიტული მოიპოვა.

კოპა, მსოფლიო, კოპა და სადღაც შუაში ფინალისიმაც - მესიმ და არგენტინამ მიყოლებით ყველა ტურნირი მოიგეს, სადაც ითამაშეს.

მესი და არგენტინის ნაკრები კატარში, 2022 წლის მუნდიალის მოგებას აღნიშნავს

მესის რეკორდები არგენტინის ნაკრებში:

ყველაზე მეტი მატჩი (193)

  • ყველაზე მეტი გოლი (112)

  • ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე (13)

  • ყველაზე მეტი გოლი კალენდარულ წელს (18 გოლი 14 თამაშში/2022 წელს)

  • ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი (10)

მესის რეკორდები მოსფლიო ჩემპიონატებზე:

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი (26)

  • ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი კაპიტნის რანგში (19)

  • ყველაზე მეტი ჩატარებული წუთი (2,314)

  • ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა პლეი-ოფში (6, პელესთან ერთად)

  • ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ერთ ტურნირზე(5)

  • მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოები (11)

  • ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც გაიტანა გოლი პლეი-ოფის ყველა მატჩში (ჯგუფური ეტაპი, მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი კატარში/2022)

  • მსოფლიო ჩემპიონატის პირველ და ბოლო გოლებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა (16 წელი და 184 დღე)

  • ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორჯერ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება

  • ყველაზე მეტი გოლი CONMEBOL-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე (34)

  • ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც გაიტანა გოლი ტურნირზე თინეიჯერობის, 20-იანი და 30-იანი წლების ასაკში

ამდენი ტიტულისა და ინდივიდუალური ჯილდოს შემდეგ, 'ბებერი' მესი ისევ ბრუნდება და შეეცდება უფრო მსუბუქად, ყოველგვარი დანანების გარეშე, უბრალოდ ითამაშოს - ზოგჯერ, უბრალოდ თამაში უფრო მომგებიანია.

რომა დევიძე
რომა დევიძე

ესეც საინტერესოა