Belive
1 წლის წინ

მზადების დასკვნითი ეტაპი - რა დაგვანახეს ბორჯღალოსნებმა?

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში გაემგზავრა, სადაც დასკნით მატჩს გამართავს.

მზადების დასკვნითი ეტაპი - რა დაგვანახეს ბორჯღალოსნებმა?

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასკვნით ფაზაშია - 26 აგვისტოს, ედინბურგში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება, რის შემდეგაც ბორჯღალოსნები საფრანგეთში გაემგზავრებიან და ლა როშელში დაბანაკდებიან.

რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 19 დღეა დარჩენილი და საინტერესოა გადავხედოთ ბორჯღალოსნების მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც 2 თვის წინ, ახლადრეაბილიტირებულ "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" დაიწყო და ედინბურგში დასრულდება.

მაისაშვილმა ივნისში გაფართოებულ 39-კაციან შემადგენლობას უხმო. რაზმი 22 მორკინალითა და 17 ხაზის მოთამაშით დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში, "შავი ლომის" 18 მოთამაშე და 21 ლეგიონერი მოხვდა. 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნების შეკრებას ლუკა ხორბალაძე, თორნიკე კახოიძე და ირაკლი აფციაური შეუერთდნენ. ხორბალაძე "ლელოს" მოთამაშე იყო, თუმცა, ახალ სეზონს ფრანგულ "ლიონში" დაიწყებს.

გაფართოებული რაზმი

შერკინება: ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბეიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), მიხეილ ალანია (ორიაკი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

 

 

შეკრებაზე შესული მოთამაშეებიდან მხოლოდ 33 მოხვდება იმ საბოლოო განაცხადში, რომელიც საფრანგეთში გაემგზავრება და რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს და გამოკვეთილია კონტურები, თუ ვინ დარჩება სახლში და ვინ იასპრეზებს მსოფლიოზე, სპეკულაციას არ დავიწყებ და გასაჯაროვევისგან თავს შევიკავებ. ყველაფერი 28 აგვისტოს გადაწყდება, როდესაც ლევან მაისაშვილი 33-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.

ახლა კი კვლავ მოსამზადებელ ეტაპს დავუბრუნდეთ, რომელიც 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის მოსამსაზებელ ეტაპთან შედარებით უფრო ხანმოკლე იყო, თუმცა, უფრო წარმატებული გამოდგა, რაც გუნდის ფიზიკურ მონაცემებზეც აისახა.

დეტალურად გვაქვს გაწერილი თითოეული დღე. ვარჯიშები იქნება კომბინირებული და არც ერთი დღე არ ჩაივლის რაგბის ელემენტების გარეშე. ნებისმიერი ფიზმომზადების ვარჯიში გაჯერებული იქნება სარაგბო ელემენტებით. - ლევან მაისაშვილი.

მსოფლიო თასისთვის მზადების 8-კვირიან ეტაპზე, მაისაშვილის გუნდი რიგ კომპონენტებში მოემზადა და რუმინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მატჩებშიც კარგად გამოჩნდა, რომ დაცვითი მოლებისა და რაქების დახვეწაზე დიდი შრომაა გაწეული.

განვლილი კვირები და 2 მატჩი სერიოზული ტრავმების გარეშე დავასრულეთ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის, ბექა გორგაძისა და ბექა საღინაძის მცირე ტრავმებს, რის გამოც სამივე მათგანმა რუმინეთთან და აშშ-სთან გამართული მატჩები გამოტოვა და ეს იმ ფონზე, როდესაც საკუთარ პოზიციებზე სამივე ნომერ პირველი არჩევანია. მცირე ტრავმა აქვს გიორგი ჭყოიძესაც, თუმცა, სამწვრთნელო შტაბი პოზიტიურ მესიჯს აგზავნის და იმედოვნებს, რომ ოთხივე მოთამაშე მსოფლიო თასისთვის სრულად იქნება მზად.

მზადების მეექვსე კვირა დავასრულეთ და ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თავს არავინ ზოგავს და ინტენსიური, აქტიური ვარჯიშები გვაქვს. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის წვრილ-წვრილი ტრავმებია. სხვა ყველა ლიმიტირებული მორაგბე უკვე მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

თედო აბჟანდაძის რეაბილიტაცია კარგად მიდის და სამშაბათს გადაწყდება ითამაშებს თუ ვერა შოტლანდიის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით დაგვაკლდებიან ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე და გიორგი ჭყოიძე, თუმცა ავსტრალიასთან სათამაშოდ ყველა მზად უნდა იყოს. - ლევან მაისაშვილი.

12 და 19 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე" ბორჯღალოსნებმა ორი კონტრასტული მატჩი გამართეს.

გადახალისებული შემადგენლობით რუმინეთს დავუხვდით და რეკორდული სხვაობით 56:6 დავამარცხეთ. გულშემატკივარს აუცილებლად მოხვდებოდა თვალში პირველ ტაიმში კარში დარტყმული ჯარიმები. განვლილ მატჩებში ასეთ ჯარიმებს ბორჯღალოსნები ძირითადად კიდეს უმიზნებდნენ და ლელოზე თამაშობდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაში კარში დარტყმაზე გაივარჯიშეს. აფრასიძემ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ შორიდან ბრწინვალე დარტყმა შეუძლია და რუმინეთს დაახლოებით 55 მეტრიდან გაუტანა. 

ბუნებრივია, მსოფლიო თასზე ავსტრალიის ფიჯისა და უელსის წინააღმდეგ ვიასპარეზებთ, სადაც თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება და შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მათ წინააღმდეგ მოპოვებული ჯარიმების უმრავლესობა, კიდის ხაზის ნაცვლად კარისკენ წავა. ამის კარგი პრეცედენტი უკვე გვქონდა კარდიფში, უელსის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების დროს, როდესაც მატკავას ჯარიმით დავწინაურდით და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დავაფიქსირეთ.

მართალია რუმინეთი დიდი ხანია აღარაა ჩვენი საპირწონე, მაგრამ მათ წინააღმდეგ გატანილი 8 ლელო და ხაზის მოთამაშეების ბრწყინვალე თამაში განსაკუთრებით სასიხარულოა. "მუხებთან" მატჩში გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მოთამაშეს მკვეთრად აქვს მომატებული, რაც კიდევ ერთხელ კარგი ფიზმომზადების შედეგია. აკა ტაბუცაძე კი განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია - რუმინეთის წინააღმდეგ მან ისტორიული, 28-ე ლელო გაიტანა, ლეგენდარული მამუკა გორგოძის რეკორდი გააუმჯობესა და ბორჯღალოსნების ყველა დროის საუკეთესო მელელოვე გახდა.

როგორც აღვნიშნე რუმინეთთან და აშშ-სთან კონტრასტული მატჩები გავმართეთ და უხვქულიანი გამარჯვების შემდეგ, თითქოს "უღიმღამო" მატჩი ჩავატარეთ.

19 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე" ამერიკის შეერთებული შტატები 22:7 დავამარცხეთ. 

ლევან მაისაშვილმა ძირითად შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა და დაახლოებით 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დავით ნინიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ლელოს გატანაც შეძლო. 

თუ არ ჩავთვლით ტრავმირებული მოთამაშეების დანაკლისს, აშშ-ს წინააღმდეგ თითქმის იდეალური შემადგენლობა გავიდა - პოზიციების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ის მოთამაშეები იდგნენ, რომლებიც ნომერ პირველად მიიჩნევიან. ამ შემადგენლობის შემხედვარე, გულშემატკივარს შეექმნა მოლოდინი, რომ კვლავ უხვქულიან გამარჯვებას მოვიპოვებდით, თუმცა, ეს ხომ მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ტესტია, სადაც შედეგზე მეტად თამაშის ხარისხი და ექსპერიმენტები ფასობს და აშშ, რომელიც მანამდე ყველაზე მეტი 4-ქულიანი სხვაობით გვყავდა დამარცხებული, 15-ქულიანი სხვაობით დავამარცხეთ.

აღნიშნულ შეხვედრაში დაცვის ბრწყინვალე თამაში გამოიკვეთა. არ მახსენდება ეპიზოდი, როდესაც ჩვენი გამარჯვება ერთი წუთითაც კი ეჭვქვეშ დადგა, ან დაცვაში რაიმე განსაკუთრებული ხიფათი შეგვექმნა. 

მრავლად იყო ფეხით დარტყმები, რამდენიმე ეპიზოდში თითქოს ფაზების აკინძვა უფრო კარგ ვარიანტად ჩანდა მაგრამ მე-2, მე-3 პასის შემდეგ ფეხს ვურტყამდით და თავს წნეხში ვიგდებდით.

მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს სტრატეგია მატჩის წინ სპეციალურად დაიგეგმა, რათა მოვემზადოთ ჯერ შოტლანდიისთვის და შემდეგ უკვე ავსტრალიისთვის. ტიერ 1-ის ამ ორ გუნდთან დიდი ალბათობით ბურთს ისე ლაღად ვერ ვათამაშებთ, როგორც რუმინეთთან და ასევე ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობაც მეტოქეს ექნება - ამ ფონზე მათ გაუვალი დაცვა და ნაკლები შეცდომა უნდა დავახვედროთ და ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარებინოთ მათსავე ნახევარზე. 

ამიტომ აშშ-სთან მატჩით "იმედგაცრუებულ" გულშემატკივრებს ვურჩევ მშვიდად იყვნენ და დაელოდნენ 26 აგვისტოს, შოტლანდიის წინააღმდეგ გასამართ მატჩს, სადაც უფრო ნათლად გამოიკვეთება, თუ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს რაგბის მსოფლიო თასზე. 

ბორჯღალოსნები შოტლანდიაში 36-კაციანი რაზმით გაემგზავრნენ, სადაც გუნდს 3 მოთამაშე გამოაკლდება და საბოლოო 33-კაციანი განაცხადი შედგება.

ტექნიკური წუნი ორივე ტაიმში გვქონდა, რაც ალბათ სიჩქარითაც იყო გამოწვეული. ანალიზისთვის ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გამარჯვებას საფრთხე არცერთ წამს დამუქრებია, თუმცა ემოციის და ტემპის კონტროლი ისეთი ვერ იყო როგორიც გვსურდა.

დაცვის კუთხით ორივე თამაში კარგად ჩავატარეთ. დღეს ისეთი შეცდომა დავუშვით, როგორსაც როგორც წესი არ ვუშვებთ ხოლმე. შეცდომები უფრო შეტევაში დავუშვით, სადაც ჩემი აზრით ზედმეტად ვჩქარობდით ქულების აღებას. დიდი იმედი მაქვს ჩვენი კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იქნება.

შოტლანდიაში 36 მოთამაშით მივდივართ, საიდანაც მსოფლიო თასისთვის 33-ს შევარჩევთ - ლევან მაისაშვილი.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობს, 8 სექტემბერს, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩით გაიხსნება. 

C-ჯგუფის პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ, რის შემდეგაც პორტუგალიას (23 სექტემბერი), ფიჯის (30 სექტემბერი) და უელსს (7ოქტომბერი) შეერკინებიან.

ესეც საინტერესოა