Belive
9 თვის წინ

ქალები სპორტში I გზა ოცნებიდან მიზნის მიღწევამდე

ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი.

ქალები სპორტში I გზა ოცნებიდან მიზნის მიღწევამდე

გაუკვალავში სიარული ყოველთვის რთულია. სიახლეს ყოველთვის თან სდევს შიში, თუმცა, სირთულეებთან გამკლავების შემდეგ ვიწყებთ რეალურად საკუთარი ,,სუპერ ძალის'' აღმოჩენასა და ორივე ფეხზე მყარად დგომას.

ქალთა დღედ წოდებული 8 მარტი, საქართველოში 1965 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ძლიერი, მიზანსწრაფული, თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ქალების დღესასწაულია.

გვსურს, საქართველოს სპორტული ისტორიის შემქმნელ ქალებს გამოვეხმაუროთ, რომელთაც წინაღობებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, შეძლეს გზის გაკაფვა და პრეცედენტების შექმნით, მომავალ თაობებს მისცეს მაგალითი.

ეს ბლოგი იმ ქალებისთვისაცაა, რომელთაც საკუთარი თავის აღმოჩენა, ოცნებებისკენ სავალ გზაზე შიშების დამარცხება და დაუღალავად მიზნისკენ სვლა სურთ.

მედეა (მზია) ჯუღელი - ტანმოვარჯიშე

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელია, რომელმაც ოქროს მედალი ჰელსინკში 1952 წელს, ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა. ჯამში თავისი მოღვაწეობის პერიოდში, 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ტრაგიკული ბავშვობა ჰქონდა. ადრეულ ასაკში მამა დახვრეტის შედეგად დაკარგა, ხოლო დედა წლების განმავლობაში გადასახლების მსხვერპლი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო წარმატებული სპორტსმენის კარიერის შექმნა.

1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი, 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, 2005 წელს კი, ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი გახდა. 

ნინო დუმბაძე - მსოფლიოს რეკორდსმენი ბადროს ტყორცნაში

პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი ქალი ბადროს ტყორცნაში, მედეა ჯუღელის თანამედროვე, შვედი ბარონესას ქართველი ქალიშვილი ნინო დუმბაძეა. 1939 წელს, უკრაინაში მძლეოსნობის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 1939 -1946 წლებში ოთხჯერ აჩვენა მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი, თუმცა, საერთაშორისო მძლეოსნობის ფედერაცია მის მიღწევებს არ აღიარებს, ერთი მარტივი მიზეზით: საბჭოთა მძლეოსნობის ფედერაციის არაწევრობის გამო.

1943 წლიდან - 1950 წლის ჩათვლით, მიღებულ ყველა ჩემპიონატზე პირველ ადგილს დაეუფლა. მისი პირადი საუკეთესო შედეგი 1952 წელს დააფიქსირა, რაც 1960 წლამდე მსოფლიო რეკორდს წარმოადგენდა.

ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა - მძლეოსანი

,,დიდ სპორტში მარტო კარგი ფიზიკური მონაცემებით, დახვეწილი ტექნიკით ანდა ნებისყოფით, მნიშვნელოვან შედეგებს ვერ აჩვენებ, საჭიროა ყველა ეს თვისება ერთდროულად ჰქონდეს სპორტსმენს. გარდა ამისა, ტყორცნის დროს საოცრად გრაციოზული და ელეგანტური მოძრაობებით გამოირჩევა’’ ვკითხულობთ ნინო დუმბაძეზე. ამ შეფასების ავტორი კი თავად წარმატებული სიგრძეზე მხტომელი და სპრინტერი ქალი ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინაა. ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი, სსრკ ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი და სხვ. მისი საუკეთესო შედეგებია: 100მ - 11.7წმ; 200მ - 24.1წმ, სიგრძეზე ხტომა - 625 სმ. 1954 წელს გაიმეორა მსოფლიო რეკორდი სიგრძეზე ხტომაში - 625სმ.

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, რომელმაც კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, ალექსანდრა ჯაფარიძეა. ის ასევე გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დადგა ფეხი. 1936 წელს მან დააარსა საქართველოს ალპური კლუბი.

1940 წელს, კავკასიონის ურთულესი მარშრუტის დაძლევაში მიიღო მონაწილეობა, რაც ქალის მონაწილეობით, მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში უპრეცედენტო იყო. მისი ჯიუტი, მიზანდასახული სვლა მყინვარწვერისკენ, მეცხრამეტედ, 68 წლის ასაკში შედგა, სადაც კიდევ ერთხელ უხელმძღვანელა ექსპედიციას.

სწორედ მისი ორგანიზებით, მყინვარწვერის კალთებზე, ზღვის დონიდან 4100მ სიმაღლეზე არსებულ ბეთლემის გამოქვაბულში შევიდა ექსპედიცია. ეს ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილში’’ არსებული გამოქვაბულია. მწერალი ლევან გოთუა ალექსანდრაზე წერდა: ,,ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი - ალბათ, თავისი ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად.’’

ნონა გაფრინდაშვილი - მოჭადრაკე

ჭადრაკის დედოფალი, ლეგენდარული მოჭადრაკე ქალი ნონა გაფრინდაშვილია, რომელიც მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. 1956 წლიდან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-1978 წლებში, 11-გზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, საბჭოთა კავშირის 5-გზის ჩემპიონი.

სწორედ მისი პერსონაჟის განსახიერება მოხდა ერთ-ერთ  ცნობილ სერიალში ,,ლაზიერის გამბიტი’’, რომელშიც ფაქტების დამახინჯებით გაიჟღერა ისტორიული ქალის სახელმა, ქალის რომელიც თავისი გონებით მუდმივად ანგრევდა გენდერულ წინასწარგანწყობებს.

მარჯვნივ, ქეთევან ლოსაბერიძე - მშვილდოსანი

ქეთევან ლოსაბერიძე პირველი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია მშვილდოსნობაში. მისი ტიტულებია ოლიმპიური ჩემპიონობა 1980 წელს, მანამდე 4-გზის ევროპის ჩემპიონობა (1972; 1973; 1978; 1980), 2-გზის მსოფლიო ჩემპიონობა 1973-81 წლებში, სსრკ ჩემპიონობა 1972-1978 წლებში და ა.შ.

1974 წელს ოჯახი შექმნა და დედობის სურვილით აღსავსე, აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა, 1978 წელს საქართველოს სპორტკომიტეტის თხოვნით უკან დაბრუნდა. საპრიზო ადგილის მოპოვებისთვის ბინას დაჰპირდნენ, ახალდაოჯახებულ ქეთევანს ბევრი არ უფიქრია და 1979 წლის სპარტაკიადაზე საპრიზო მეორე ადგილიც დაიკავა.

2002-2005 წლებში ქეთევან ლოსაბერიძე საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო, მინიჭებული აქვს რამდენიმე ორდენი და დღემდე ერთადერთი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსანი ქალია.

ლიანა ცოტაძე - წყალში მხტომელი

,,2 აგვისტოს ღამით საქართველოს სპორტული დელეგაციის შტაბში პირველად დაირღვა მკაცრი რეგლამენტი - იუწყება 1979 წლის 4 აგვისტოს გაზეთი ,,ლელო’’. ზუსტად 22:00 საათზე დანიშნული სხდომა, რომელზეც ცხადდება სპორტული დღის შედეგები და გამარჯვებულებსა და პრიზიორებს საზეიმოდ აჯილდოებენ, საათ-ნახევრით გვიან შედგა. მიზეზი ქართველი გოგონების - წყალში მხტომელი ლიანა ცოტაძისა და მხატვრული ტანმოვარჯიშე ირინე გაბაშვილის წარმატება გახლდათ.

წინასწარ შეჯიბრებაში ხუთი ნახტომის შემდეგ, ლიანა ცოტაძე მხოლოდ ირინა კალინინას ჩამორჩებოდა, ბოლო ხტომამ გადაწყვიტა ყველაფერი - 554.76 ქულით ლიანა ცოტაძემ სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა’’- ვკითხულობთ Lelo.ge-ს სტატიაში.

ლიანა ცოტაძის კარიერა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს, სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონობას, სსრკ ჩემპიონობასა (1979; 1980წ) და სსრკ თასს (1978; 1979; 1981წ) მოიცავს.

ნინო სალუქვაძე - მიზანში მსროლელი

მანძილი მიზნამდე - არავის ისე არ შეეფერება ეს ფრაზა, როგორც მიზანში ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს. მისი პროფესიული აღზრდა მამამისმა, ვახტანგ სალუქვაძემ ითავა. ნიჭიერი სპორტსმენის შედეგებსაც არ დაუყოვნებია.

მისი სპორტული აქტივი მრავალფეროვანია. ის პირველად მსოფლიომ 1988 წელს გაიცნო, როცა ნინომ ოქროს მედალთან ერთად 10 მეტრიდან ტყვიის სროლაში ვერცხლის მედალიც მოიპოვა. სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ქალი, 20-გზის მსოფლიო რეკორდის ავტორია. მიზანში სროლის მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგო, მსოფლიო თასის გათამაშება 17-ჯერ, ხოლო მსოფლიო სუპერ თასს 9-ჯერ დაეუფლა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს, საქართველოს სახელით მეათედ წარდგება ოლიმპიურ თამაშებზე.

ირმა ხეცურიანი - პარამოფარიკავე

ირმა ხეცურიანი - 15 ოქროს მედლის მფლობელი, პარამოფარიკავე ქალია. ჩამოთვლილთაგან, მარტივი ცხოვრება არავის გაუვლია, მათ შორის, არც ირმას.

აფხაზეთში დაიბადა, ომმა სახლი წაართვა და ოჯახთან ერთად, 6 წლის ასაკში სრულიად უცნობ ქალაქ წყალტუბოში გადაცხოვრდა. ზურგის ტვინში არსებული სწრაფადმზარდი სიმსივნის გამო, ოპერაცია გაიკეთა, რამაც 18 წლის ასაკში მოძრაობა შეუზღუდა. 27 წლის ასაკში, მეგობრების რჩევით პირველად სცადა ეტლით ეფარიკავა, ვარჯიშის დაწყებიდან 6 თვეში კი, პირველ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.

ამის შემდეგ, სპორტის ამ სახეობაში, ნელ-ნელა დაიწყო საკუთარი თავის აღმოჩენა და შედეგმაც არ დააყოვნა: 2017 წელს, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისმედალოსანი. მსოფლიო თასის ტურნირებზე, ირმას აქტივში 9 ოქროს მედალია.

ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდოისტი

ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა (ახალგაზრდებში). ჯერ კიდევ 8 წლისამ დაიწყო თავისი მიზნებისკენ ჯიუტად სვლა. კერძოდ, ტრადიციულ და მკაცრ მხარეში მცხოვრებ ეთერს, გარშემომყოფები, ყველაზე მეტად კი დედა, წინ აღუდგნენ ძიუდოს მიმართ ინტერესის გაჩენისას, თუმცა, სპორტსმენი აქტიურად განაგრძობდა ძიუდოს დარბაზში სიარულს. 10 წლის ასაკში, ლენტეხიდან საცხოვრებლად ბიძასთან გადავიდა, რის შემდეგაც, კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ვარჯიში.

ის არის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2022წ), გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი (2022წ). გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორი (2021-22წ, 2024წ), გრანდ პრის ვიცე ჩემპიონი 2022წ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2022 წელს, საქართველოს საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა.

ზემოთ ჩამოთვლილი ქალი სპორტსმენების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, რეალურად ისინი ბევრად მეტნი არიან. თითოეული მათგანის უკან, უამრავი წინაღობა, იმედგაცრუება და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები იმალება, თუმცა, მათ მოახერხეს, სურვილებისა და ოცნებების კვალდაკვალ სიარული და რაც მთავარია, მომავალი თაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვალის დატოვება. ამ სტატიით გვინდა, ყველა იმ ქალს, რომელთაც ეჭვი ეპარებათ საკუთარ ძალებში, კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ თავდაუზოგავი შრომით, ყველა ოცნების ახდენა და ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

გამოყენებული ფოტომასალის ნაწილი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებაა.

ესეც საინტერესოა