Belive
10 თვის წინ

გაიუს აპულეუს დიოკლესი - ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

გაიუს აპულეუს დიოკლესი - ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

მსოფლიო ისტორიაში, სპორტსმენი, რომელმაც კარიერაში ყველაზე დიდი ოდენობის ფული გამოიმუშავა, არც მაიკლ ჯორდანია, არც ტაიგერ ვუდსი, არც ლებრონ ჯეიმსი და არც რომელიმე ფეხბურთელი. ამ ბლოგში რომაელი გაიუს აპულეუს დიოკლესის, რომაელი მეეტლეს შესახებ მოგიყვებით - ადამიანის, რომელმაც 4,257 საცხენოსნო რბოლაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გამარჯვება 1462 შემთხვევაში იზეიმა.

მის მონუმენტზე ამოტვიფრულია, რომ კარიერაში, დაახლოებით 35 მილიონი სესტერცი აქვს გამომუშავებული. რა არის სესტერცი?

სესტერცი ძველრომაული ვერცხლის მონეტაა, რომელიც ისტორიულ წყაროებში რომის იმპერიის დამაარსებლის, ავგუსტუსის პერიოდიდან გვხვდება. Bloomberg-ის თანახმად, რომაელი მეეტლის შემოსავალი, დღევანდელი გამოთვლით, $29 მილიარდს (!) გაუტოლდებოდა.

ამ თანხით, რომის საკვებით უზრუნველყოფა 1 წლის, ხოლო რომაული არმიის დაფინანსება კი რამდენიმე თვის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი.

პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში

დიოკლესი ახ. წ. 104 წელს, ლუზიტანიაში დაიბადა - რომის ერთ-ერთ პროვინციაში, რომელიც თანამედროვე პორტუგალიის უდიდეს ნაწილს იკავებდა. მამამისი, თანამედროვე გაგებით, სატრანსპორტო ბიზნესში მოღვაწეობდა, რამაც დიოკლესის სამომავლო არჩევანზე დიდი გავლენა იქონია. 18 წლიდან, დიოკლესი ეტლების რბოლაში უკვე აქტიურად იღებდა მონაწილეობას - შეჯიბრი ლერიდაში, თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე იმართებოდა. მისი პოტენციალი თვალსაჩინო გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ დიოკლესს უფრო მაღალ საფეხურზე, რომში უნდა ეასპარეზა.

რომში დასახლების შემდეგ, დიოკლესმა უზარმაზარ, 600-მეტრიან იპოდრომზე დაიწყო გამოსვლა, რომელსაც "სირკუს მაქსიმუსი", იგივე დიდი ცირკი ეწოდებოდა. ამ უსაზღვროდ დიდ, შთამბეჭდავ არენაზე, რბოლისთვის თვალყურის მიდევნება 150,000 ადამიანს შეეძლო.

"სირკუს მაქსიმუსი" ერთ-ერთი მთავარი სპორტული ატრაქცია გახლდათ. ეტლების რბოლის ორგანიზატორები, დაბალ სოციალურ ფენებში, საუკეთესო მეეტლეებს ეძებდნენ. 24 წლის ასაკში, დიოკლესმა მოახერხა რომ ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული "მწვანე" გუნდის ნაწილი გამხდარიყო. 3 წელიწადში, იგი "წითლებში" გადავიდა, რადგან "მწვანეების" ხელმძღვანელობასთან მუდმივი განხეთქილება ჰქონდა - თურმე დიოკლესს საუკეთესო ცხენებს არ აძლევდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ "წითლების" რიგებში უმაღლესი დონის მეეტლედ მხოლოდ დიოკლესი ითვლებოდა, შეთახნმების თანახმად, მას მოგების უფრო დიდი წილი უნდა შეხვედროდა.

როგორი იყო რბოლის ფორმატი?

დიოკლესი ლეგენდარული მრბოლელი იყო, რომელიც ურთულეს სპორტში მოღვაწეობდა. ფინიშის ხაზთან პირველი პოზიციის დასაკავებლად, მრბოლელებს ყველა შესაძლო ხერხის გამოყენების უფლება ჰქონდათ: სხვისი დამტვრევა, გზის ჩაჭრა, რაც ხშირად ტრაგიკულად სრულდებოდა. ხშირ შემთხვევაში, ერთი გუნდში გაერთიანებული მრბოლელები, მეტოქის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ და გუნდური მოქმედებით, ასპარეზობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ.

ცხენების რბოლის უფრო კარგად წარმოსადგენად, იხილეთ სცენა ლეგენდარული, 11 ოსკარის მფლობელი "ბენ ჰურიდან".

რომის იმპერიაში, ეტლების რბოლაში გამარჯვება პოპულარობისა და სიმდიდრის გარანტი გახლდათ. პირველ ადგილზე გასული მეეტლეს ათიათასობით სესტერცი ერგებოდა (მაშინ, როდესაც, რომში, ჩვეულებრივი მუშახელი, დღეში რამდენიმე სესტერცის გამოიმუშავებდა). ისტორიული ფაქტია და უნდა აღინიშნოს, რომ მონებს, გამარჯვებების გარკვეული სერიის შემდეგ, საკუთარი თავისუფლების შეძენა შეეძლოთ.

საუკუნეების განმავლობაში, ეტლებით რბოლა, გლადიატორების ბრძოლასთან ერთად, ბრბოს გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახლდათ. ამ ყველაფერს, მთავარ ხიბლს, მისი დრამატულობა, სისხლი და სიკვდილთან შეხება სძენდა. დაბალი ფენისთვის, ეს გასართობი, "პურისა და სანახაობის" ნაწილი გახლდათ, მაღალი ფენა კი ფსონებს ათავსებდა და მასებს მართავდა. ისიც აღსანიშნავია, რომ სხვა სპორტებისგან განსხვავებით, ქალებს ეტლების რბოლაზე დასწრების უფლება ჰქონდათ.

გლადიატორთა ბრძოლა და ეტლების რბოლა პოლიტიკური გავლენების ასპარეზი გახლდათ, რომლითაც კრიმინალური გაერთიანებები აქტიურად სარგებლობდნენ. ამ პროცესმა, კიდევ უფრო მკაფიო სახე ბიზანტიაში მიიღო, როდესაც იპოდრომზე გამართული მორიგი რბოლებისას მასშტაბურმა აჯანყებამ იფეთქა. ისტორიაში ეს ამბავი "ნიკას აჯანყების" სახელითაა შესული.

სარბოლო ეტლით ასპარეზობას თავი 42 წლის ასაკში დაანება. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია (სავარაუდოდ, ახ. წ. 146 წლის შემდეგ). ურიცხვი გამარჯვებისის შედეგად, გაიუს აპულეუს დიოკლესი ისტორიაში ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენის სახელითაა შესული.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა