Belive
10 თვის წინ

მომენტი, როცა დიდი კაცები ტირიან | ტოჩინოშინს სუმოდან გააცილებენ

ლევან გორგაძეს ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანიდან, ტრადიციული წესით, დანპაცუ-შიკით გააცილებენ

მომენტი, როცა დიდი კაცები ტირიან | ტოჩინოშინს სუმოდან გააცილებენ

ზოგიერთი რიკიში (სუმოს მებრძოლი) დოჰიოს დატოვების გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც გამარჯვებებისთვის ძალა აღარ შესწევს. ზოგიერთი სუმოს სამყაროდან იმიტომ მიდის, რომ მკაცრი ცხოვრების წესი და გაუთავებელი დისციპლინა ვერ აიტანა. ბევრი უბრალოდ იძულებულია წავიდეს, რადგან ტრავმამ გაგრძელების საშუალება არ მისცა. თითოეულ შემთხვევაში, სუმოისტს სპორტის ეს განსაკუთრებული გამოცდილება მეორე ცხოვრებაში თან მიაქვს და კიდევ მრავალი ბრძოლა უწევს იმისთვის, რომ დოჰიოს მიღმა, საკუთარი ახალი სოციალური იდენტობა დაამკვიდროს. მათი წარმოდგენები დროისა და საზოგადოების შესახებ განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელშიც უნდა შეაბიჯონ და ადაპტაციის გზების გამონახვა უწევთ.

პარადოქსია, მაგრამ თავისუფლება არის პირველი სირთულე, რომელსაც ყველა ყოფილი რიკიში აწყდება. მათ უნდა აირჩიონ რა ჭამონ, როგორ ჩაიცვან, როგორი ვარცხნილობით იარონ - ნებისმიერი ყოველდღიური დეტალი, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ. სინამდვილეში, ეს უზარმაზარი ფიგურები, მოუმწიფებელი პატარა ჩიტები არიან, რომლებიც იმედოვნებენ, რომ სრულიად უცხო ცაზე ფრენას შეძლებენ.

დანპაცუ-შიკი ანუ თმის შეჭრის რიტუალი | ყველაზე სევდიანი დღე სუმოისტის ცხოვრებაში

იოკოძუნა ჰაკუჰო თმას ჭრის პენსიაზე გასულ იოკოძუნა კისენოსატოს / 2019 წლის 29 სექტემბერი

ეს შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ წარმოვიდგინოთ, ერთი შეხედვით უძლეველი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძის) ემოციური მდგომარეობა, რომელსაც 4 თებერვალს სუმოდან დიდი პატივით გააცილებენ.

პრაქტიკულად ყველა სუმოისტი კარიერას დამპაცუ-შიკით ამთავრებს, მაგრამ დაბალი რანგის რიკიშებისთვის ეს მხოლოდ მათი  რეგულარული ტურნირის დასასრულის ნაწილია. მაღალი რანგის ან ცნობილი სუმოისტის შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, იმდენ ადამიანს სურს ჩაერთოს ღონისძიებაში და მიიღოს მონაწილეობა გამომშვიდობებაში, რომ განსაკუთრებული ცერემონიალია საჭირო, ლევან გორგაძეს სწორედ ასეთ ღონისძიებაზე, ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანიდან გააცილებენ. იაპონელები ზედმიწევნით ტრადიციული ხალხია და აქ არაფერი ხდება დამსახურების გარეშე, ერთადერთ ქართველ ოძეკის (რიგით მეორე წოდება სუმოს სამყაროში იოკოძუნას შემდეგ) დამსახურება ნამდვილად არ აკლია.

ტოჩინოშინის გზა

ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (რაც კასუგანო ბეიას  სკოლის, სადაც ტოჩინოშინი ასპარეზობდა - მფლობელის წარმოშობის ადგილიდან, ტოჩის პრეფექტურიდან მოდის) და „შინი“ (გული).

მოზარდობისას ლევან გორგაძე ძიუდოსა და სამბოში ვარჯიშობდა. მან სამოყვარულო სუმოში, ოსაკაში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 2004 წელს იასპარეზა. პროფესიონალურ სუმოში ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა. ლევანს სულ რაღაც ორი წელი დასჭირდა, რათა უმაღლეს დივიზიონამდე მიეღწია. 2008 წლის მაისში  მან მიაღწია მაკუუჩი დივიზიონს (პროფესიონალური სუმოს ექვსი დივიზიონიდან უმაღლესი) წამყვან პოზიციებს. ზედიზედ 11 კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შემდეგ მან მოიპოვა სეკიტორის ( პირველი და მეორე რანგის სუმოისტი) სტატუსი. 2008 წლის იანვარში, ჯურიოს დივიზიონში დაწინაურების შემდეგ, მაშინვე აიღო იუშო ანუ ჩემპიონატი ამ დივიზიონში და ეს  12/3 შედეგით მოახერხა. მან 3-ჯერ მოიგო მეორე დონის ჯურიოს დივიზიონი და არის ერთ-ერთი იმ ხუთ მამაკაცს შორის, ვინც ეს 15-0 შეფარდებით გააკეთა.

მუხლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. ლევან გორგაძისთვის პროფესიონალური კარიერის მეორე ეტაპი განსაკუთრებულად წარმატებული და სახელის მომტანი აღმოჩნდა. იაპონიის ნაციონალურ სპორტში მისი 102 ტურნირის ყველაზე მაღალი წერტილი, უდავოდ,  2018 წლის დასაწყისიდან ხუთთვიანი პერიოდი იყო. სწორედ იანვარში, ნაცუ ბაშოზე დააფიქსირა ტოჩინოშინმა 14-1 ბალანსი და საიმპერატორო თასის მფლობელი გახდა. ისევ ნაცუ ბაშოძე, ოღონდ ამჯერად მაისში მიღწეული შედეგი გახდა იმის საფუძველი, რომ ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულის პრეტენდენტად წარედგინათ. ბრწყინვალე მიღწევა (13-2) საკმარისი არ გახდა მეორე ტრიუმფისთვის, თუმცა ვიცე-ჩემპიონობამ და ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდის, იოკუძუნა ჰაკუჰოს დამარცხებამ ტოჩინოშინს უდიდესი აღიარება მოუტანა.

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული მიანიჭეს

მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინის ოძეკობა ისეთივე ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, როგორიც კოტოოშუსი (ბულგარელი ოძეკი) ან ბარუტოსი (ესტონელი ოძეკი) - ის ერთადერთი ევროპელია, ვინც ამ წოდებას მიაღწია და იმპერატორის თასის მფლობელიც გახდა - ტოჩინოშინი პენსიაზე ისე გავიდა, როგორც კონტინენტის ყველა დროის ყველაზე დამსახურებული რიკიში. ჩემპიონობის გარდა, ტოჩინოშინის რეზიუმეში 11 კარიერული სპეციალურ პრიზი, ორი ოქროს ვარსკვლავი და ოთხი ვიცე-ჩემპიონობაა. 2018 წელს ლევან გორგაძე საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

გზის დასასრული

ტოჩინოშინმა სუმოდან წასვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად 2023 წლის მაისში მიიღო, ახლა ყველაფერი მზად არის გამოსათხოვარი ცერემონიალისთვის და ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი წამისთვის, რაც ცხოვრებაში სუმოისტს შეიძლება დაუდგეს. რიკიშებს ცხოვრების ყველაზე მჩქეფარე წლების ამ სპორტისთვის (ან უფრო მეტისთვის) შეწირვა უწევთ და ეს მათთვის საპატიო მოვალეობაა. იაპონელებს სჯერათ, რომ სუმოსთვის საკუთარი თავის მიძღვნა უკვალოდ არ ქრება და ცხოვრება იმაზე მეტს გიბრუნებს, ვიდრე გაეცი. დადასტურებულია, რომ სუმოისტები საშუალოდ 10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე საშუალო სტატისტიკური იაპონელი მამაკაცები, მაგრამ რიკიშისთვის, არჩეული გზა ამაზე მეტიც ღირს. ტოჩინოშინის 17 -წლიანი კარიერის ბოლოს, სუმოს მექაში, მის თმას ბოლოჯერ შეახებენ მოოქროვილ მაკრატელს და ქართული თმის თითო ღერს ყველა წაიღებს, ვისაც სჯერა, რომ ადამიანი თავგანწირვისთვის, ბრძოლისა და უკვდავებისთვისაა დაბადებული.

რომა დევიძე
რომა დევიძე

ესეც საინტერესოა