ამ მატჩს არ დავივიწყებთ | დებიუტანტის ღირსეული მარცხი
ამ მატჩს არ დავივიწყებთ | დებიუტანტის ღირსეული მარცხი
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თანაც ისე მაღალ დონეზე, რომ სადებიუტო გოლი გაიტანა, ძელები დაღუნა და თურქეთის გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ანერვიულა. შედგა ისეთი მატჩი, რომელსაც Bleacher Report-მა ევრო 2024-ის პირველი ტურის საუკეთესო შეხვედრა უწოდა, New York Times-მა კი მიიჩნია, რომ ამ მატჩმა, ტურნირი უფრო მაღალ საფეხბურზე აიყვანა.
დავმარცხდით, მაგრამ ბესიკ ხარანაულის სიტყვებს გავიმეორებ: "უცნაურია ჩემი ხალხი, წაგებულით მოგებულია". ასეცაა: ბიჭებმა იმდენად გულიანად, მონდომებით, მაღალი კლასით, პროფესიონალიზმითა და შეუპოვრობით გამოიჩინეს თავი, რომ სათქმელიც არაფერი დატოვეს, გარდა ერთისა: დიდი მადლობა.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი რამდენიმე წლის წინ და ჰკითხეთ მას: იქნებოდა თუ არა ბედნიერი იმ ფაქტით, რომ ევრო 2024-ზე გვეთამაშა და თურქეთისთვის არაფერი დაგვეთმო? ბიჭებმა მოლოდინს გადააჭარბეს - ეს იყო ნაკრები, რომელზეც ერთ დროს ვოცნებობდით. "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" - იყო პერიოდი, როდესაც ამას ხშირად ვამბობდით და მან საძულველი მოცემულობა მიიღო, თუმცა თურქეთთან შეხვედრა სხვა შემთხვევაა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და სადებიუტო მატჩში ამდენი საგოლე მომენტის შექმნა მხოლოდ ერთს ნიშნავს: ქართული ფეხბურთი ვითარდება, მან დიდი ნახტომი შეასრულა და ცხადია, გზად ბევრი გამოცდა ელოდება.
გიორგი ქოჩორაშვილი
სუბიექტურად თუ არასუბიექტურად, საუბარი გიორგი ქოჩორაშვილით უნდა დავიწყო. რაღაც დიდი უსამართლობა ხდება, რომ მისი დონის ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონში თამაშობს, ბრაზილიელი ანტონი კი - "მანჩესტერ იუნაიტედში". გამომდინარე იქიდან, რომ ევრო 2024 სკაუტებისთვის ოაზისია, სავარაუდოდ, ზაფხულის დასრულებამდე, მას უფრო მაღალი დონის გუნდში ვიხილავთ.
რომელი გუნდი არ ისურვებს ასეთ მოთამაშეს? ქოჩორა თავდაჯერებული, მშვიდი და გაწონასწორებულია. ბურთს აუღელვებლად ეპყრობა, მაგრამ საჭირო დროს, აფეთქებაც ახასიათებს. მომენტი, როდესაც არაფრისმომცემი სიტუაციიდან, მეტოქის საჯარიმოსკენ სწრაფად დაიძრა, კედელი გაითამაშა, მცველი მოატყუა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა, ბურთი ხარიხას მოარტყა, სწორედ ამისი დასტურია.
ვერ გავათანაბრეთ. ეს მატჩის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო, მაგრამ ქოჩორამ ისეთი სიტყვები თქვა, რომელიც დაგამშვიდებს და დაგაჯერებს, რომ სხვა დროს, აუცილებლად გაიტანს.
როცა კაცი მოვატყუე, დავაყოვნე და შეიძლებოდა, მალევე რომ დამერტყა, გოლი გამეტანა, მაგრამ ეს ისეთი რაღაცაა, რასაც სწავლობ ასეთ დონეზე თამაშის დროს და შევეცდები, რომ გავაანალიზო ეს ყველაფერი და შემდეგ თამაშზე, როცა შესაძლებლობა მექნება, გავიტანო - გიორგი ქოჩორაშვილი
ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე, პირველი გოლი "ქოჩორამ" შექმნა, როდესაც ბრწყინვალე ფინტით კენან ილდიზი ჩამოიშორა და პასით გიორგი მიქაუტაძე მონახა, რომელმაც ტიერი ანრის სიმშვიდით შეაცურა ბურთი თურქეთის კარში. ვაჭარბებ? კიდევ ერთხელ ნახეთ გოლი.
ამასთან, ქოჩორაშვილის დამსახურებით, ბურთს იშვიათად ვკარგავდით, ბურთი დაცვიდან შეტევაში ამოგვქონდა და მას ხშირადაც ვიბრუნებდით. განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავი იყო მის მიერ წინასწარ წაკითხული მეტოქის მოქმედება - ამ მონაცემს სტატისტიკაში ვერ შეიყვან, ხარისხობრივი საკითხია, თუმცა რიცხვებიც ბევრ რამეზე მეტყველებს:
62/68 ზუსტი პასი (91%);
10-ჯერ დაბრუნებული ბურთი;
7/7 ზუსტი გრძელი გადაცემა;
7 მოგებული ორთაბრძოლა;
4 მოპოვებული ჯარიმა;
4 ჩაჭრა;
2 ვარდნა;
0 წარმატებული დრიბლინგი მის წინააღმდეგ.
რატომ არ შემოვიდა მოედანზე ბუდუ უფრო ადრე?
ასეთი მოცემულობა იყო: მიქაუტაძეს ჰქონდა ფანტასტიკური მატჩი და ქოჩორაშვილთან ერთად, საუკეთესო იყო. მისი მოედნიდან გაყვანა შეცდომა იქნებოდა.
რაც შეეხება კვარაცხელიას: მას არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი, განსაკუთრებით ცუდი მაჩვენებელი დრიბლინგის კომპონენტში ჰქონდა 3/12, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მატჩის მიწურულს, ბურთი ძელს მისი სტანდარტის შესრულების შემდეგ მოხვდა. ასევე, ოსტატურად მოატყუა მეტოქე და მეტოქის საჯარიმოში გააკეთა იდეალური გადაცემა, რომლის რეალიზებაში ერთმანეთს ხელი ქოჩორაშვილმა და მიქაუტაძემ შეუშალეს. მისი მოედნიდან გაყვანა გუნდის შენელებას, ტემპის დაგდებას ავტომატურად გამოიწვევდა. დღეს კვარაზე მოდის დიდი კრიტიკა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, მაგრამ კრიტიკოსთა ჯარმა თითქოს დაივიწყა ზემოთაღნიშნული, კვარას მიერ შექმნილი მომენტები - გოლის გასვლის შემთხვევაში, კვარა კვლავ გმირად იქცეოდა.
შესაბამისად, მატჩის მიწურულს, შემტევით ხაზში ზივზივაძის დამატება და 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა იყო მიზნობრივი რისკი, რომელიც გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. 4 მცველიან ტაქტიკაზე გადასვლისთანავე, ჩვენს საჯარიმოში გამოჩნდა დიდი სივრცე, რომლის შედეგადაც, თურქებს მეტი თავისუფლება მიეცათ, თუმცა ჩვენც უფრო ინტენსიურად ვუტევდით და თურქებს ბურთი საჯარიმოდან ქაოტურად გამოჰქონდათ,
ჩვენი შემადგენლობა და ტაქტიკური გადაწყვეტილებები
ვილი სანიოლს გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლა არ უყვარს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში, ექსპერიმენტებსაც ნაკლებად ატარებს. ბოლოს, როდესაც 5-ის ნაცვლად 4 მცველით ვითამაშეთ, ესპანეთისგან 7 გოლი მივიღეთ. ამიტომაც, ტაქტიკურ მონახაზში ცვლილება ნაკლებად იყო სავარაუდო და ასეც მოხდა: 5 მცველი, 3 ნახევარმცველი და 2 შემტევი (5-3-2).
ჩვენი შეტევისას, ეს ფორმაცია 3-5-2-ის სახეს იღებდა, როდესაც ფლანგელი მცველები - ოთარ კაკაბაძე და გიორგი წიტაიშვილი მეტოქის ნახევარზე გადადიოდნენ. მეტოქის შეტევის მოგერიებისას კი, მეტწილად, 5-4-1 ტაქტიკით ვთამაშობდით, სადაც კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ფლანგებზე ნაწილდებოდნენ, ნომინალურ ფორვარდად კი გიორგი მიქაუტაძე რჩებოდა.
ასეთი ტაქტიკით მოთამაშე გუნდი ყოველთვის მეორე ნომრად თამაშობს და ეს გასაკვირი არცაა. უფრო მეტად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მოსალოდნელი გოლების (xG) კომპონენტში, თურქებს სულ მცირედით ჩამოვრჩით (2.48 vs. 2.03). UEFA-ს თანახმად კი, საკვანძო მომენტების რაოდენობა ჩვენს მხარეზეა (5 ჩვენ, 4 კი თურქებს).
უკვე ტრადიციად იქცა, რომ გიორგი მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზეა. გაუშვა 3 ბურთი - აქედან ორი აუღებელი იყო, მესამეს გაშვებისას კი კარში არ იდგა. ჯამში, 5 სეივი შეასრულა, აქედან გამორჩეული იყო საჯარიმოების დიდოსტატის, ჰაკან ჩალჰანოღლუს ყუმბარისებული დარტყმა, რომელიც ცალი ხელით მოიგერია და მატჩის მიწურულს, ახლო დისტანციიდან მიღებული თავური დარტყმა, რომელზე რეაგირებაც, ასეთი ახლო მანძილიდან, მხოლოდ დიდ მეკარეებს შეუძლიათ.
კაშია-დვალი-კვერკველიას ტრიომ ისეთივე მაღალი დონე აჩვენა, როგორც საბერძნეთთან. ტრადიციულად, აქტიური იყო ოთო კაკაბაძე, რომელმაც ქართველ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. პრობლემა გამოიკვეთა მარცხენა ფლანგზე, სადაც ლევან შენგელიას ნაცვლად მოთამაშე გიორგი წიტაიშვილმა არაერთი შეცდომა დაუშვა: არდა გიულერის ფანტასტიკურ გოლამდე, ბურთი მისგან დაიკარგა, ჩვენი 2 სახიფათო შეტევის დროს კი, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და თავისუფალ მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა - საბერძნეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, ეს წიტაიშვილის დღე ნამდვილად არ იყო.
წიტაიშვილის არასახარბიელო ასპარეზობით, შენგელიას სკამზე ყოფნით, შეცვლაზე შემოსული ლოჩოშვილის ფლანგზე განმწესებიდან გამომდინარე, ეროვნულ ნაკრებში ირაკლი აზაროვის არგამოცხადების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა - პრესკონფერენციაზე, სანიოლმა ამ საკითხს თავი აარიდა.
მორიგი კითხვა: რამდენად კარგად ჩაანაცვლა ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი? მექვაბიშვილი უდავოდ თავდაჯერებულად თამაშობდა (პასების 86%-იანი მაჩვენებელი, 2-დან 2 მოგებული დუელი), თუმცა ბურთი არაერთხელ დაკარგა და მაღალი პასების მაჩვენებელიც არ იყო სახარბიელო. კიტეიშვილის არყოფნა თვალსაჩინო გახლდათ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გუშინდელ მატჩამდე, ეროვნულ ნაკრებში, მექვაბიშვილი შეცვლებზე თამაშობდა და 90 წუთი მინდორზე მხოლოდ გიბრალტართან და ტაილანდთან (ამხანაგური) აქვს გატარებული.
ქებათა ქება ჩაკვეტაძეს - პატარა პრინცს, რომელმაც ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისის პერიოდში, ქართულ ფეხბურთში იმედი დააბრუნა. ელეგენტურად მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ფინტები, ბურთის სწორად განაწილება ახასიათებს, ჩვენს ნაკრებს ძალიან აძლიერებს. მისი მოედნიდან ნაადრევი გაყვანა ბევრისთვის გაუგებარი გახლდათ (მათ შორის ჩაკვესთვისაც), მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2024 წელს, 90 წუთი მოედანზე მხოლოდ 3-ჯერ გაატარა (საბერთნეთთან 104 წთ.), მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ლოგიკის დანახვა შესაძლებელი ხდება.
მიქაუტაძე
ამსტერდამის "აიაქსში" ალბათ ისმის კითხვა: რა გავაკეთეთ ისეთი, რომ ამ ბიჭმა ჩვენთან ფეხბურთი ვერ ითამაშა? ფაქტია, მიქაუტაძე დაფრინავს როგორც "მეცში", ასევე საქართველოს ნაკრებში. მომენტებს ცივსისხლიანად იყენებს და ბოლო დარტყმას ასრულებს ზუსტად ისე, როგორც ამას უმაღლესი დონის ფორვარდებისგან ვართ მიჩვეულები. მისი შესანიშნავი თამაში ESPN-ს არ გამორჩენია: ჟორჟი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
იმასაც გეტყვით, რომ 1:1-ზე, ჩაკვეტაძე-კაკაბაძე-მიქაუტაძის შესანიშნავი კომბინაცია გოლით რომ დაესრულებინა, ახლა ჟორჟი ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იქნებოდა, ჩვენც დიდი ალბათობით არ დავმარცხდებოდით და ამსტერდამში კიდევ უფრო მეტს იფიქრებდნენ: ეს ბიჭი როგორ გავუშვით?
რატომ ჩავიდა საჯარიმოში მამარდაშვილი?
სანიოლმა და ქოჩორაშვილმა ერთი და იმავე თქვეს: გუნდი ყველაფერს აკეთებდა ანგარიშის გასათანაბრებლად და ამისათვის, რისკზე წავიდა. სასწორზე ბევრი რამ დევს და ვეცდები, მარტივად ავხსნა:
ლოგიკურად, არსებობს ძალიან დაბალი შანსი იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა პორტუგალიამ ქულა დაგვითმოს. ამ მოცემულობაში, ჩეხეთთან გამარჯვება არის ერთადერთი გზა, რომ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შევუერთდეთ.
შესაბამისად, თურქეთთან მოპოვებული 1 ქულით და პოტენციურად, ჩეხეთთან გამარჯვებით, უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ვდგამდით პლეი-ოფში გასაღწევად. გუნდი მთელი ძალითა და შემადგენლობით უტევდა და აშკარაა, რომ სანიოლის გეგმაში მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა არ შედის. ეს მაქსიმალიზმი და გაზრდილი ამბიცია უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ - აუტსაიდერად გამოცხადებული საქართველო უკვე "ანდერდოგად" იქცა, რომელსაც სხვისთვის ქულების წართმევა და უფრო მაღალი მიზნისკენ სვლა შეუძლია.
მეორე მხრივ, ალთუნაშვილის სამწუხარო შეცდომით, თურქებმა ცარიელ კარში მესამე გოლი გაგვიტანეს და ჩვენი ბურთების შეფარდება -2-ია. გუნდის მთავარი მიზანი ჩეხეთთან გამარჯვებაა, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ჯგუფებში მოთამაშე გუნდების შედეგებზე ვიქნებით დამოკიდებულები. ალთუნაშვილზე კი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ჩანდა, როგორ მიდიოდნენ ჩვენი ნაკრების წევრები მასთან როგორ ამშვიდებდნენ. ეს ერთიანობაც გამარჯვებაა.
22 ივნისის მოლოდინში,
ზღაპრის ბოლო კეთილია.