5 ყვითელი, 1 წითელი და საუკეთესო ქართველი არბიტრის მორიგი უმაღლესი შეფასება
5 ყვითელი, 1 წითელი და საუკეთესო ქართველი არბიტრის მორიგი უმაღლესი შეფასება
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ტესტ-მატჩში, ინგლისისა და უელსის დაპირისპირება შედგა. საკულტო სტადიონზე ("ტვიქნემი") გამართული სარაგბო დრამა ინგლისის გამარჯვებით 19:17 დასრულდა და აღნიშნულ მატჩს, საუკეთესო ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა.
ამაშუკელმა მსოფლიოს სარაგბო პუბლიკის წინაშე კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ უმაღლესი კატეგორიის არბიტრია.
ინგლისსა და უელსს შორის წმინდა ბრიტანული დაპირისპირება გაიმართა, რომელსაც დრამა, სიმწვავე და უხეშობა არ აკლდა. ეს ყველაფერი სტატისტიკაზეც აისახა, სადაც გულშემატკივარმა 5 ყვითელი ბარათი იხილა. ინგლისელთა კაპიტან ოუენ ფარელს კი უხეშობისთვის თავდაპირველად მიცემული ყვითელი ბარათი, წითლით გადაუკვალიფიცირეს.
ფარელი სასჯელის მოლოდინშია და იმ შემთხვევაში თუ სადისციპლინო მოსმენაზე მიტიგაციისა და შემამსუბუქებელი გარემოებების მოძიება ვერ მოხდება, კაპიტანი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარელი 2 მოსამზადებელ მატჩს და მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ოთხივე შეხვედრას გამოტოვებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ურთულეს ტესტ-მატჩს ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა. ხო, ისე სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ რამდენიმე წლის წინ ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ თბილისში, "მიხეილ მესხზე" საქართველოსა და რუმინეთის მატჩს უეინ ბარნსი განსჯიდა - ლონდონში, "ტვიქნემზე" კი ინგლისისა და უელსის დაპირისპირებას ნიკა ამაშუკელი გაუძღვებოდა.
დღეს ეს რეალობაა, რაც საუკეთესო ქართველი არბიტრის თავდაუზოგავი შრომითა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების არნახული პროგრესითაა განპირობებული.
ფაქტია, ნიკა ამაშუკელი არ უშინდება თამამი გადაწყვეტილებების მიღებას, არ ექცევა ტიერ 1-ის წარმომადგენლების წნეხის ქვეშ და მოედანზე ტოვებს პროგრესული მსაჯის შთაბეჭდილებას, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია და რომელიც სარაგბო ოლიმპოს უახლოვდება.
ამის მორიგი ნათელი დასტური ინგლისისა და უელსის მატჩი გახდა, სადაც ნიკა ამაშუკელმა 5 მოთამაშე გაასინბინა, ოუენ ფარელის ყვითელი კი მოგვიანებით წითლით გადაკვალიფიცირდა.
ნიკა ამაშუკელის გადაწყვეტილებებს, სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა მოჰყვა და თვით ინგლისელებიც კი არ მოერიდნენ მის შექებას.
ნიკა ამაშუკელი დღეს მოედანზე ერთადერთი იყო, რომელმაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპს წარმატებით გადალახავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, მან დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად გაართვა თავი.
-
რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი, სადაც ნიკას მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - იგი გახდება არა მხოლოდ პირველი ქართველი, არამედ ტიერ 2-ის ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელიც უმაღლეს სარაგბო ფორუმზე იმსაჯებს.