კვარაცხელია არ ითამაშებს | და მან ეს არ იცოდა
კვარაცხელია არ ითამაშებს | და მან ეს არ იცოდა
ოფიციალური ინფორმაციით, 21 მარტს გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გუნდს უპირობო ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდება.
საქმე ეხება ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებულ მესამე ყვითელი ბარათს, რომელიც ხვიჩამ მსაჯთან შეკამათების გამო მიიღო. ამის გამო, კვარაცხელია ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. თუ მოვლენებს დეტალურად განვიხილავთ, ცხადი ხდება, რომ, ამასთან დაკავშირებით, "ნაპოლის" შემტევს ინფორმაცია არ ჰქონდა.
კითხვაზე, აისახებოდა თუ არა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ბარათი პლეი-ოფის მატჩზე, მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ვრცელდებოდა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი სფფ-ში მომუშავე ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კვარა ითამაშებდა. მოგვიანებით, სტატია წაიშალა.
თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საღამომდე დუმდა. ჩანდა, რომ საკითხი ჯერ კიდევ დადგენის პროცესში იყო - ითამაშებდა თუ არა ნაკრების მთავარი ვარსკვლავი უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში - მატჩში, რომელიც დიდწილად გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია.“ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი
მომხდარი კვარაცხელიას ბრალი არ არის. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელია 100%-ით დაიხარჯა: გოლი გაიტანა, მთელი გულითა და ემოციით ითამაშა, გუნდს ლიდერობდა, კარვახალსაც გაჰკრა მხარი და მსაჯთანაც იკამათა, რის გამოც, ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ფეხბურთია, არაფერია ამაში უცნაური.
მთავარი ისაა, რომ, სამწვრთნელო შტაბისგან, კვარაცხელია უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, რომ ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მარტში გასამართ შეხვედრას გამოტოვებდა.
აშკარაა, რომ არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში, კვარაცხელიას თამაშიდან ასე იკითხება (აგრესიული პრესინგი, ბურთისთვის ბრძოლა, მსაჯთან კამათი, ესპანელ ფეხბურთელებთან მცირე დაპირისპირება). სულ მინიმუმ, არაფრისმომცემ მატჩში, ვილი სანიოლი მას მოედნიდან უფრო მალე გაიყვანდა, ან საერთოდ, არ ათამაშებდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ინფორმირებულობის შემთხვევაში, მიღებულ ბარათს კვარა უფრო მეტად განიცდიდა, სამწვრთნელო შტაბიც დაუოკებელი გახდებოდა, კითხვის ნიშნები კი არავის ექნებოდა.
მარტში, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა-არგასვლის დადგება სასწორზე. ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, წინ ფინალი გველოდება, სადაც, იმედია, ვითამაშებთ და ხვიჩაც გუნდთან ერთად იქნება. თუმცა ფაქტი უცვლელია - ნახევარფინალში არ ითამაშებს საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად იდგა. მომხდარი მისი ბრალი არ არის. როგორც ჩანს, მასშტაბისა და მნიშვნელობის მიუხედავად, სფფ-ში ეს ამბავი გამორჩათ, გამოეპარათ.
ეს არ არის თითის გაშვერის ამბავი, საერთო ტკივილია. თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს მან, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა.
ძველი შეცდომები
მსგავსი ტიპის შეცდომა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი არაა. მაგალითისთვის, 2015 წელს, ჯაბა კანკავამ, პოლონეთთან მატჩი უსაფუძვლოდ გამოტოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შესარჩევ ციკლში პირველი ყვითელი ბარათი პოლონეთთან საშინაო მატჩში მიიღო, მეორე კი - გერმანიასთან საშინაო შეხვედრაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას მორიგი მატჩის ჩატარების უფლება არ ჰქონდა, რადგან უეფა-ს წესდებით, დისკვალიფიკაცია მესამე ყვითელ ბარათზე მოქმედებდა.
ასეთივე რამ მოხდა საქართველოსა და ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრებების 2014 წლის 5 მარტის საკვალიფიკაციო მატჩში, როდესაც უეფა-მ დაფიქსირებული ანგარიში (1:1) გააუქმა და საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაუთვალა (0:3). მიზეზი შემდეგი გახლდათ:
2013 წლის 9 სექტემბერს, გასვლით მატჩში, სლოვაკეთთან, ნიკა კვეკვესკირმა ყვითელი ბარათი მიიღო. იმავე წლის 10 ოქტომბერს, კვეკვესკირი ნიდერლანდებთან პირდაპირ წითელი ბარათით გააძევეს, რის გამოც მომდევნო მატჩი გამოტოვა. 18 ნოემბერს, კვეკვესკირმა სლოვაკეთთან კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო და, შესაბამისად, 2 ყვითელი ბარათი დაუგროვდა
ამ მატჩის შემდეგ, 2013 წლის 10 ოქტომბერს, კვეკვესკირი ჰოლანდიასთან საშინაო მატჩში გააძევეს (წითელი ბარათი). მან 14 ოქტომბერს, შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა გამოტოვა. 18 ნოემბრის საშინაო მატჩში სლოვაკეთის წინააღმდეგ კი, კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო. რის შედეგადაც, ლუქსემბურგთან გასამართი შეხვედრა აუცილებლად უნდა გამოეტოვებინა, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელებს ეს ფაქტი გამორჩათ და კვეკვესკირმა 5 მარტის მატჩი ითამაშა, რის გამოც ტექნიკური წაგება (0:3) დაფიქსირდა.