Belive
1 წლის წინ

ქომაგობა წვიმაში, 1:7-ზე - ასეთი არასოდეს მინახავს

ქომაგობა წვიმაში, 1:7-ზე - ასეთი არასოდეს მინახავს

ესპანეთმა გაგვანადგურა - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, 7 გოლი ჩვენთვის არავის გაუტანია. ეს მიწაზე დაცემას ჰგავდა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ხარისხობრივი სხვაობა ნათლად დავინახეთ. ასევე, სანიოლმა და მისმა გუნდმა ტაქტიკური შეცდომების გააზრებისა და პრობლემების ანალიზისთვის კარგი მაგალითი მიიღო. ეს იყო საქართველოს ანტი რეკორდი, რომელიც, მეორე მხრივ, საუკეთესო გულშემატკივრობით დამამახსოვრდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ჟურნალისტებთან დიდი დრო გაატარა, ყველა მათგანის კითხვას უპასუხა და გულწრფელი სიტყვები თქვა: ნაკრების მაისურით თამაშს დღეს არავინ ვიმსახურებდითო.

კაპიტანმა ხაზგასმით გულშემატკივარზეც ისაუბრა და ასეთი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. დაახლოებით იგივე თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც, რომლის სიტყვებითაც, ამ თამაშში დაფასებას მხოლოდ გულშემატკივარი იმსახურებდა.

მატჩის მიმდინარეობისას (განსაკუთრებით შესვენების შემდეგ), თბილისში კოკისპირული წვიმა დაიწყო. ამ დროისთვის, მორატასა და მის თანაგუნდელებს ჩვენთვის უკვე 4 გოლი ჰქონდათ გატანილი. ხალხის რაოდენობამ იკლო, მაგრამ წამსვლელებზე მეტად, თვალში მოედანზე დარჩენილი გულშემატკივარი მხვდებოდა.

ჩაკვეტაძის გოლზე ხალხმა ისე იხუვლა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი გოლი გავიტანეთ. მხარდაჭერა არ შეწყვეტილა, არც "ქომაგების" სიმღერა, არც ხმაური. მცირედი იმედის ჩასახვის შემდეგ, ესპანელებმა ისევ გაგვიტანეს - ყოველი მორიგი გოლი კიდევ უფრო მტკივნეული იყო. თანაც, მატჩის ბედი ხომ პირველივე ტაიმში გადაწყდა? 18 წუთში 4 გოლი გავუშვით.

და მაინც, ხალხი სტადიონზე რჩებოდა.

ჩემს წინ იდგნენ ბავშვები, რომლებსაც სრულიად სველი დროშა თავზე ჰქონდათ გადაფარებული, იქვე იყო ბაბუა, რომელმაც შვილიშვილს ყველაფერი შემოაფარა, რაც თან ჰქონდა. უკვე გალუმპულს, უკანა რიგიდან საწვიმარი მიაწოდეს და ისიც მას მიაფარა - ბოლომდე სტადიონზე იდგნენ და მატჩის ბოლოს, ფეხბურთელები ტაშით გააცილეს.

გულშემატკივარმა ტაში დაუკრა გუნდს, რომელმაც ანგარიშით 1:7 წააგო. ცუდად სხვა დროსაც გვითამაშია, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად მინახავს, არც მახსენდება. ეს იყო You'll Never Walk Alone-ის ქართული ვერსია, როდესაც ყველაზე ცუდ დროს, ნაკრებს ზურგი არ ვაქციეთ და პირიქით, გვერდით დავუდექით.

"მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. დინამო არენაზე მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან.

რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ, წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს.

P.S ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ". - შოთა არველაძე

ესპანეთთან მატჩმა იდეალურად დაგვანახა, რომ არ გვყავს ის გუნდი, რომლისგანაც დღეს ექსტრა კლასის ფეხბურთს შეგვიძლია ვითხოვდეთ. პროგრესის გზაზე ვართ - როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. მარცხს, თითქოსდა გადავეჩვიეთ  (ბოლო 18 მატჩში 3 მარცხი გვაქვს, თანაც ზედიზედ 2-ჯერ წავაგეთ). ამიტომაც, მგონია, რომ 1:7 გამოფხიზლებაა. იკაროსივით ცაში ფრენა კარგს არაფერს მოგვიტანს, რეალობა სწორად უნდა შევაფასოთ და წინსვლა განვაგრძოთ - სამწვრთნელო შტაბმაც, ფეხბურთელებმაც, სტაფმაც, მედიამაც და გულშემატკივარმაც, ეს გუნდი ყველასია.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. კაპიტნის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, ამ თამაშში უნდა გამოჩნდეს ჩვენი ხასიათი, თუ როგორ ვითამაშებთ ასეთი მწარე მარცხის შემდეგ.

გულშემატკივარმა თავისი საქმე გააკეთა, თანაც იდეალურად.

ჯერი ბიჭებზეა.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა