Belive
1 წლის წინ

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

სან პაულოში მდებარე, ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოსთან, გულშემატკივარის ნაკადი არ წყდებოდა. ზოგიერთს პელეს 10-ნომრიანი მაისური ეცვა. იქვე იყო ბანერი, რომელზეც იკითხებოდა: “პელე – მარადიული მეფე”. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბრაზილიელებმა ცრუ ინფორმაცია უკვე ბევრჯერ მოისმინეს, თუმცა ეს ის სამწუხარო შემთხვევა იყო, როდესაც საავადმყოფომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ფეხბურთის ბრაზილიელმა მეფემ მართლა დაგვტოვა.

ბოლო დღეებში, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მისი შვილი, კელი ნასიმენტო გულშემატკივარს ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდიდა. ყოველი პოსტი თუ სთორი ერთი და იმავე სიტყვას შეიცავდა – O Rei, რაც პორტუგალიურად, მეფეს ნიშნავს.

გარდაცვალების მიზეზი სასიცოცხლო ორგანოების გათიშვა გახდა, რაც ძირითადად მისი სიმსივნიდან იყო გამოწვეული.

თითოეული ბრაზილიელისთვის, პელე ცალკე მნიშვნელობასა და ღირებულებას ატარებდა. ის იყო ქვეყნის სიმბოლო, საკულტო ფიგურა, ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის ქვაკუთხედი. ზოგადად, ფეხბურთის პოპულარიზებისა და მისი სანახაობრივი მხარის წინ წამოწევის კუთხით, უნიკალური ღვაწლი მიუძღვის.

ძველი თაობა მის გოლებზე ლაპარაკობდა, ახალგაზრდები ისმენდნენ, თუ როგორი საოცარი ფინტების გამოგონება შეეძლო ფეხბურთის მეფეს. იგი თავად იყო იმ იშვიათ მიზეზთაგანი, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეეძლო.

პელე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, კატარის მუნდიალს საავადმყოფოდან ადევნებდა თვალს. ბრაზილიელებმა იცოდნენ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. შესაბამისად, ჰქონდათ დრო, რომ მასზე ეფიქრათ და გაეხსენებინათ მისი ცხოვრების დეტალები.

პელე სხვებს არ ჰგავდა. ფეხბურთის უმაღლეს კვარცხლბეკზე ისე დადგა, რომ ბრაზილიის გარეთ არ უთამაშია. 1961 წელს, პრეზიდენტმა, ჟანიუ კუადროსმა, განაცხადა, რომ პელე ეროვნული საგანძურის სტატუსს ატარებდა – ეს კი იმასაც ნიშნავდა, რომ საკლუბო კარიერას ბრაზილიაში დაასრულებდა.

ქვეყანაში, სადაც რასიზმი და ადამიანების კლასობრივი დაყოფა მარადიულ პრობლემას წარმოადგენს, ფერადკანიანი პელეს წარმატების ისტორია ცალკე აღნიშვნის ღირსია. სიღარიბეში გაზრდილი ფეხბურთელი რასიზმზე იშვიათად ლაპარაკობდა და ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც, თუმცა იდეალურად ახერხებდა იმას, რომ ფეხბურთის ძალა ქვეყნის გაერთიანებისთვის გამოეყენებინა და უღარიბესი ბრაზილიელებისთვის წინსვლის შესაძლებლობა მიეცა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ცოცხალი აღარაა. წავიდა და შეუერთდა დიეგო არმანდო მარადონას, რომლის გარდაცვალებისას ასეთი რამ თქვა: “იმედი მაქვს, ერთ დღესაც ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს ზეცაში”.

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა