Belive
1 წლის წინ

კაცი, რომელსაც, გოლის გატანაზე მეტად, პასის გაკეთება უყვარდა | ლეგენდარული ქუსლის ისტორია

კაცი, რომელსაც, გოლის გატანაზე მეტად, პასის გაკეთება უყვარდა | ლეგენდარული ქუსლის ისტორია

კაკას პასით, მეკარესთან პირისპირ გასულმა, წამით უკან გაიხედა: მაშინ, როცა ყველა რბილ დარტყმას ელოდა, გუტიმ ქუსლით ბურთი უკან, ქარიმ ბენზემას მიმართულებით დააგორა, ფრანგმა კი “დეპორტივოს” კარი აუღელვებლად აიღო. სტატისტიკურად, გოლისა და ასისტის გრაფაში, ბენზემასა და გუტის +1 ჩაეწერათ, მაგრამ იმ დღეს, “რიასორზე”, რაღაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი მოხდა.

ესპანელი კომენტატორი ყვიროდა: “გუტის გოლი”! არადა, გოლი სხვამ გაიტანა. მეკარესთან ერთი-ერთზე გასული რომელი ფეხბურთელი მოიხედავს უკან? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, მოულოდნელი და თავზეხელაღებული რამ, რაც კი ოდესმე საფეხბურთო მოედანზე მომხდარა.

რა ხდება იმ დროს ადამიანის გონებაში, როდესაც ბურთს გასატანად სხვას უთმობს? ეგოს დათმობა და გუნდურობის პრინციპის წინ წამოწევა? გუტის შემთხვევაში, უკან გაკეთებულმა პასმა, მის ინდივიდუალიზმს გაუსვა ხაზი. ესპანელის სათამაშო სტილს, ესთეტიკასა და უნიკალურობასთან ერთად, პრაგმატიზმიც ახასიათებდა:

“გოლის გასატანად, ბენზემა ჩემზე უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა. თუმცა ასეთი პასის გაკეთება გოლის გატანას ბევრად მირჩევნია" - გუტის სიტყვები მატჩის დასრულების შემდეგ.

ეს ამბავი 2009/10 წლების სეზონში მოხდა: ლა ლიგის ეგიდით, “რეალი” “დეპორტივოს” ეწვია. თამაში დიდ ინტრიგას ატარებდა: “რიასორის” სახელობის სტადიონზე, “რეალს” 19 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. შეხვედრა მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი ანგარიშით, 1:3 დასრულდა – გოლები ქარიმ ბენზემამ (2) და ესტებან გრანერომ გაიტანეს.

შეფასებები

 

“ღმერთის ქუსლი. ასეთი რამ მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ. ელეგანტური, დახვეწილი, მოულოდნელი და ლეტალური – გუტიმ ისეთი პასი გააკეთა, რომელიც 30 წლის განმავლობაში გვემახსოვრება”. - Marca
“შეშლილი, რომელსაც თვალები კეფაზეც აქვს”. - რაულ ალბიოლი
“ასეთი რამეს მხოლოდ ცივსისხლიანები ახერხებენ”. - სერხიო რამოსი

ის დღე კარგად დაამახსოვრდა დანი არანსუბიას – მეკარისთვის ყველა გოლი ტრაგედიაა, თუმცა “ატლეტიკის”, “დეპორტივოსა” და “ატლეტიკოს” კარის დარაჯი იმ დღეს მაინც სიამოვნებით იხსენებს.

“რეალმა რამდენიმე პასი სწრაფად გააკეთა და გუტი ჩემს პირისპირ აღმოჩნდა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ცხადია, დარტყმას ველოდებოდი. როდესაც მოთამაშე საჯარიმოს უახლოვდება და მის გვერდით თანაგუნდელი არაა, ერთადერთი ნორმალური ქმედება ბურთის დარტყმა შეიძლება იყოს.

უკან გაკეთებული პასი არამარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის მოულოდნელი იყო: მცველებისთვის, მისი თანაგუნდელებისთვის, მაყურებლებისთვის… თამაშის შემდეგ, გასახდელში, ვერც ვიჯერებდით რომ ეს მოხდა. გუტის ცენტრალური მცველი მოსდევდა, ნახევარმცველებიც სივრცის ჩაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა მის ჩანაფიქრს ვერავინ გამოიცნობდა.

უბრალოდ გენიალური იყო, ასეთი რამ მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ. სამწუხაროდ, ამ ამბავში მეც ვმონაწილეობდი. ან იქნებ, საბედნიეროდაც”, – იხსენებს არანსუბია. -
გუტი არასტანდარტული იყო მოედნის გარეთაც – მისი უცნაური ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილი ესპანური ტაბლოიდების  ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. უწოდეს არასერიოზული, როდესაც თურქეთში, გამთენიისას, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა. თავად კი, საკუთარ თავს ბოჰემურ ადამიანად ახასიათებდა.

გუტის შედევრები, უმეტესად, კარიერის მიწურულს იქმნებოდა, როდესაც მის პოტენციალს გამოცდილება და კლასი დაემატა. კარიერული თვალსაზრისით, არასტაბილური იყო. ალბათ ეს იყო იმისი მიზეზიც, რომ ეროვნულ ნაკრებში სულ რაღაც 13-ჯერ ითამაშა, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე კი არასოდეს გვინახავს.

“მადრიდის რეალის” ლეგენდის, ხორხე ვალდანოს შეფასებით, გუტი მოედანზე პოეზიას ქმნიდა.

“საკულტო ფეხბურთელი იყო – ისეთი, რომელიც არ განმეორდება. შეუძლებელია არ გქონდეს ნოსტალგია ადამიანის მიმართ, რომელიც ბურთის მიღებისთანავე, რაღაც ახალს ქმნიდა. თანამედროვე ფეხბურთში გუტის მსგავსები აღარ თამაშობენ, ეს კი უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს”, – თქვა არგენტინელმა ფეხბურთელზე, რომლის ზურგზეც ხან GUTIERREZ, ხან J.M.GUTI, ხან კი GUTI.HAZ იკითხებოდა. -
“ქუსლით პასი ესთეტიკისთვის გამიზნული არ ყოფილა. მინდოდა, შეტევა გოლით დასრულებულიყო. ყოველთვის ვცდილობდი, გოლის გასატანად ყველაზე ხელსაყრელი, მარტივი სიტუაცია შემექნა. აქედან გამომდინარე, იმ მომენტში, ქუსლით გაკეთებული პასი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთი უკეთესია, როდესაც მას მარტივად თამაშობ. ვფიქრობ, ჩემი საფეხბურთო პორტრეტი სწორედ ასე გამოიყურება”. - კაცი, რომელსაც, გოლის გატანაზე მეტად, პასის გაკეთება უყვარდა.
გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა