Belive
1 წლის წინ

2022 | ქართული რაგბის ტრიუმფი!

"საქართველომ უელსთან მოგებით რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო", "საქართველომ ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა", "საქართველოს ტრიუმფი - უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს" - ეს იმ ჰედლაინების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გავლენიანმა სარაგბო გამოცემებმა საქართველოს მიუძღვნეს...

2022 | ქართული რაგბის ტრიუმფი!

RUGBYPASS, Planet Rugby, RUGBYRAMA პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული გამოცემა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელს არნახულ პროგრესს მიაღწია.

თანმიმდევრულად განვიხილოთ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და ზაფხულისა და შეოდგომის ტესტ-მატჩებში ნაჩვენები ისტორიული შედეგი.

2022 წელს, ბორჯღალოსნებმა 11 მატჩი გამართეს. 8 გამარჯვება, 1 ფრე და 2 მარცხი - ასეთია, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაგარი.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

  • საქართველო 25:25 პორტუგალია
  • ნიდერლანდები 10:72 საქართველო
  • საქართველო - რუსეთი (დისკვალიფიკაცია)
  • რუმინეთი 23:26 საქართველო
  • საქართველო 49:15 ესპანეთი

ზაფხულის ტესტ-მატჩები

  • საქართველო 24:30 არგენტინა B
  • საქართველო 28:19 იტალია
  • საქართველო 23:14 პორტუგალია

შემოდგომის ტესტ-მატჩები

  • საქართველო 34:18 ურუგვაი
  • საქართველო 19:20 სამოა
  • უელსი 12:13 საქართველო

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

უკანასკნელ ათწლეულში “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. გამონაკლისი არც 2022 წელი გამოდგა – მართალია პირველ ტურში, თბილისში, "მიხეილ მესხზე" პორტუგალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. 

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 და 2022 წლების გათამაშების პირველ და მეორეადგილოსნებმა, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად მოიპოვეს – საუკეთესო მესამეადგილოსანს კი მსოფლიო თასის საგზურის მოსაპოვებლად, მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის (რეპეშაჟი) გადალახვა მოუწია.

2021 წლის გათამაშების ტრიუმფით დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2022 წელსაც ფავორიტად იყო მიჩნეული. გადაწყდა, რომ “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველადგილოსნის სტატუსით იასპარეზებენ 2023 წლის მსოფლიო თასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ C-ჯგუფში კვლავ უელსის, ავსტრალიისა და ფიჯის წინააღმდეგ ვიასპარეზებთ. სიურპრიზია ის გარემოება, რომ ქვეჯგუფის უკანასკნელი მეტოქე ასევე კარგად ნაცნობი პორტუგალია იქნება.

ზაფხულის ტესტ მატჩები

2022 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, "ბორჯღლოსნებმა" 3 დაპირისპირება გამართეს. სამი საშინაო შეხვედრიდან, საქართველომ ორის მოგება შეძლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ისტორიაში პირველად - "ბორჯღალოსნებმა" ტიერ 1-ის წარმომადგენელი იტალია დაამარცხეს.

პირველი ტესტ-მატჩი "ბორჯღალოსანთა" მარცხით დასრულდა. ქუთაისში, საქართველოსა და არგენტინა B-ს დაპირისპირება შედგა. სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით (24:30) დასრულდა.

10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, 28:19 დასრულდა.

 საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნამდვილად დამსახურებული და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – გამარჯვება, რომელიც ბათუმის სტადიონზე მყოფ ნებისმიერ მორაგბესა და გულშემატკივარს სამუდამოდ ემახსოვრება და გამარჯვება, რომელიც მომავალი წარმატების საწინდარი გახდება.

ზაფხულის ტესტ-მატჩების დასკვნითი მატჩი კვლავ ქუთაისში გაიმართა. საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაში რევანში შედგა და "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 23:14 დაამარცხეს.

შემოდგომის ერთა სერიები

ზაფხულის ტესტ-მატჩების ტრიუმფით დასრულების შმდეგ, "ბორჯღალოსნებმა" საკუთარი თამასა ასწიეს. ნოემბერში 3 დაპირისპირება შედგა, რომელშიც საქართველომ ორი გამარჯვება მოიპოვა, 1 შეხვედრაში კი ძლევამოსილი სამოას წინააღმდეგ, დასანანი მარცხი იწვნია.

ნოემბრის პირველი დაპირისპირება თბილისში გაიმართა. "დინამო არენაზე" საქართველოსა და ურუგვაის დაპირისპირება შედგა და "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ამჯერადაც სოლიდური სხვაობით 34:18 დაამარცხეს.

მეორე მატჩი ასევე "დინამო არენაზე" გაიმართა. საქართველოსა და სამოას შორის გამართული მატჩები ყოველთვის დრამატულია და მოედანზე მუდამ მედგარი ბრძოლა მიმდინარეობს. გამონაკლისი არც აღნიშნული მატჩი გახდა, რომელშიც საქართველო 19:20 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ბორჯღალოსნებს" ოდნავ არ გაუმართლათ - რომ არა მსაჯის მიერ რიგ ეპიზოდებში მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები და 1 კონკრეტულ ეპიზოდში დაშვებული შეცდომა - მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდებოდა.

საქართველომ კარი შეანგრია - "ბორჯღალოსნებმა" კარდიფში "პრინციპალიტიზე" უელსთან გამარჯვებით, წელს, იტალიის შემდეგ, მეორე პირველი დონის ნაკრები დაამარცხეს. “ბორჯღალოსნები” დიდი ხანია აკაკუნებენ ექვსი ერის კარზე და ამ გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად უნდა მიეცეთ შანსი.

უელსი ქაღალდზე აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, ასე რომ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი საოცარია. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აშკარად დათმო, მაგრამ რწმენამ, რომელიც მათ მეორე ნახევარში გამოავლინეს ყველა განცვიფრებული დატოვა. ამ ყველაფერმა თავი განსაკუთრებით მაშინ იჩინა, როცა უელსის შერკინება ქართველებმა გადაჯეგეს. შაბათი ლევან მაისაშვილისა და მისი ჯარისკაცებისთვის ნამდვილად გარდამტეხი დღე იქნებოდა.

შეცვლაზე შემოსული ლუკა მატკავას ჯარიმამ უელსს დიდი დარტყმა მიაყენა. სანაკრებო რაგბის ისტორიაში ეს ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვებაა, რომელსაც გარდაუვლად ექნება გავლენა "ბორჯღალოსანთა" მომავალი მატჩების მზადების პროცესში.

ბოლო წუთები ძალიან დაძაბული იყო, განსაკუთრებით უელსელებისთვის და მატკავამ საქართველო ოცნებების სამყაროში გადაიყვანა, როცა შორეული დისტანციიდან ჯარიმა წარმატებით შეასრულა. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს, მათ ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს.

"ბორჯღლოსნებისათვის 2022 წელი პრინციპული მეტოქეეებით დატვირთული აღმოჩნდა. თუმცა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო და მოიპოვა ისეთი გამარჯვებები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა.

ისტორიაში პირველად, ტიერ 1-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ მოპოვებული საშინაო და საგარეო გამარჯვებების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს სარაგბო რუკაზე, საკუთარი პოზიციები კიდე უფრო გაიმყარა.

შავი ლომი - პირველი ქართული ფრენჩაიზი

სანაკრებო ბატალიების პარალელურად, საკლუბო დონეზეც საკმაოდ აქტიური წელი გამოდგა. რაგბი ევროპის სუპერ თასზე, "შავმა ლომმა" და "ბათუმმა" იასპარეზეს.

სადებიუტო სეზონი ბატუმელთათვის წარუმატებელი გამოდგა და სარაგბო კლუბმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო. საპირისპიროდ, "შავი ლომი" კვლავ დომინანტ ძალად მოგვევლინა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური მატჩი, რომელშიც "შავი ლომისა" და "თელ ავივ ჰითის" დაპირისპირება შედგა, თბილისში, "ავჭალაზე" გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 29:17 დასრულდა.

ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარების ქვაკუთხედია და ამის ნათელი დასტური "შავი ლომია", რომლის ძირითად ბირთვს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები წარმოადგენენ.

 

ესეც საინტერესოა