ღირსეული, დამაჯერებელი, სენსაციური | საქართველო ევრო 2024-ზე და განვლილი გზა
ღირსეული, დამაჯერებელი, სენსაციური | საქართველო ევრო 2024-ზე და განვლილი გზა
საქართველოს ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო. ამაზე არამარტო ქართველი გულშემატკივარი, არამედ მსოფლიო მედიაც თანხმდება. ეს არ არის პატრიოტიზმის ნიშნით, ან ეროვნული სიამაყით ნათქვამი - მისი დასტურია ის ფართო გაშუქება და გამოხმაურება, რომელიც საქართველოს ნაკრების სადებიუტო გამოსვლამ გამოიწვია. ემოციები არ ცხრება და კვლავ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს რეალობა? მართლა დავამარცხეთ პორტუგალია? მართლა დავწინაურდით მერვედფინალურ შეხვედრაში მრისხანე, ტურნირის მომგებ ესპანეთთან? ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ, მართლა ასეთი ნაკრები მივიღეთ?
ყველაფერი ერთა ლიგის შექმნით, ევროპის ჩემპიონატის ფორმატის გაფართოებითა და ქართულ ფეხბურთში გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენით დაიწყო. მოგვეცა უკეთესი შანსი, გამოვსულიყავით დიდ ტურნირზე. ამავე დროს, პატარა უფლისწულის მსგავსმა ბიჭმა ბნელ უიმედობაში შემოანათა. მისი შესანიშნავი გოლებით, გამარჯვების შეგრძნება კვლავ დაგვიბრუნდა, საშინაო თამაშებზე ბილეთების შოვნა კი რთული პროცესი გახდა.
შემდეგ იყო ჩაკვეტაძის ხანგრძლივი ტრავმა და ქართულ ფეხბურთში ახალი ვარსკვლავის ამობრწყინება. ხვიჩამ ქართული რეალობა შეცვალა და უკვე იმაში დაგვარწმუნა, რომ ლეგენდა დიდი ქართული ფეხბურთის შესახებ, რეალურია. ეს კიდევ ერთი ახალი ათვლის წერტილია: დომინოს ეფექტით, ევროპის ტოპ 5 ლიგაში ქართველების რაოდენობამ პროგრესირება დაიწყო. მსოფლიო საფეხბურთო რადარზე საქართველო აციმციმდა და სკაუტების ყურადღებაც გაათმაგდა: თუკი ეს შეუძლია ხვიჩას, შეუძლია სხვასაც.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, UEFA-ს მხრიდან, ამ უკანასკნელის ბოიკოტირება და ქართველი ფეხბურთელებისთვის ალტერნატივის გამოჩენა გამოიწვია - ქართველმა ფეხბურთელებმა იმ ჭაობს დააღწიეს თავი, რომელმაც არაერთი თაობის ზრდა შეაჩერა. გადაჭარბებული არ არის ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჯანო ანანიძე, მალხაზ ასათიანი, თუნდაც სოლომონ კვერკველია და სხვები, უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ, ახალგაზრდულ ასაკში ევროპულ გუნდებში რომ მოხვედრილიყვნენ. თუმცა ეს სხვა სალაპარაკო თემაა. ჩრდილოეთისკენ გზა ჩაიკეტა და პარალელურად, დასავლეთიდან მეტი ინტერესი მივიღეთ. მოვლენების ამგვარი განვითარება ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - დღევანდელი საქართველოს ნაკრები თავისუფალ საქართველოშია დაბადებული და ეს მათ აზროვნებაზე, ქცევაზე, ვარჯიშთან და დისციპლინასთან დამოკიდებულებაზე პირდაპირ არის ასახული. გიორგი ქინქლაძის მწარე გამოცდილება არის გაკვეთილი დიდ ფეხბურთზე მეოცნებე თითოეული მოზარდისთვის - ყველას სურს ქინქლაძის დონის ლეგენდობა, მაგრამ არავის უნდა მისი გზის გამეორება. ვისწავლეთ, რომ წარმატებას ქმნის შრომა და რომ ნიჭი გაფლანგვადი რესურსია.
ჩვენ გავიარეთ კიდევ ერთი გამოცდილება: ჩავარდნა, რომელიც პროგრესისკენ მიმავალი გზის განუყრელი ნაწილია. ფინალი ჩრდ. მაკედონიასთან, სადაც კვარამ კორონავირუსით ინფიცირების გამო ვერ ითამაშა. უშანსო მატჩი, ცარიელი სტადიონი, დაწყვეტილი გული და სპორტული მედიის მხრიდან დაუმსახურებელი ობსტრუქცია ვლადიმერ ვაისს. დავმარცხდით, შეგვეშალა, მაგრამ ესეც გავიარეთ. რაც მთავარია, ფინალს და გადამწყვეტ მატჩს გემო გავუგეთ და მიზნისკენ ხელახალი სვლა დავიწყეთ.
სანიოლი
ვაისი ჩაანაცვლა ვილი სანიოლმა - ყოფილმა ფეხბურთელმა, საფრანგეთის ნაკრებისა და "ბაიერნის" უცვლელი წევრმა. რაც მთავარია, მისი სამწვრთნელო გამოცდილება იმდენად ღირებული იყო, რომ იმედი ავტომატურად გაჩნდა: იყო ტექნიკური დირექტორი საფრანგეთის ნაკრებში, იმუშავა ახალგაზრდულ (U21) გუნდში, ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა "ბორდოს" და იყო კარლო ანჩელოტის თანაშემწე "ბაიერნში". სანიოლმა საქართველოში ევროპული ხედვა და გამოცდილება ჩამოიტანა. თანაც, მას თავადაც დიდი გამოწვევა ჰქონდა: უნდა მოეხდინა გუნდის რეაბილიტაცია და გუნდის კარი გაეღო ახალი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატისკენ უფრო რთული გზით (ერთა ლიგის C ჯგუფი) უნდა ევლოთ. სანიოლს ბევრი რამ ჰქონდა დასამტკიცებელი.
ფრანგმა სპეციალისტმა 5-3-2 ტაქტიკით თამაშს შეგვაჩვია - დაცვითი სტილით, მეორე ნომრად მოთამაშე გუნდი, რომელიც აქცენტს სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებს. კრახით დასრულდა ექსპერიმენტი, როდესაც ესპანეთს საშინაო მოედანზე 4 მცველით ვეთამაშეთ (1:7), თუმცა იმ მატჩმა ძალიან ბევრ რამეზე აგვიხილა თვალი: მატჩის მიმდინარეობისას (განსაკუთრებით შესვენების შემდეგ), თბილისში კოკისპირული წვიმა დაიწყო. ამ დროისთვის, მორატასა და მის თანაგუნდელებს ჩვენთვის უკვე 4 გოლი ჰქონდათ გატანილი. ხალხის რაოდენობამ იკლო, მაგრამ წამსვლელებზე მეტად, თვალში მოედანზე დარჩენილი გულშემატკივარი მხვდებოდა.
ჩაკვეტაძის გოლზე ხალხმა ისეთი ყიჟინა მორთო, თითქოს ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი გოლი გავიტანეთ. მხარდაჭერა არ შეწყვეტილა, არც "ქომაგების" სიმღერა, არც ხმაური. მცირედი იმედის ჩასახვის შემდეგ, ესპანელებმა ისევ გაგვიტანეს - ყოველი მორიგი გოლი კიდევ უფრო მტკივნეული იყო. თანაც, მატჩის ბედი ხომ პირველივე ტაიმში გადაწყდა? 18 წუთში 4 გოლი გავუშვით.
და მაინც, ხალხი სტადიონზე რჩებოდა. გულშემატკივარმა ტაში დაუკრა გუნდს, რომელმაც ანგარიშით 1:7 წააგო. ცუდად სხვა დროსაც გვითამაშია, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად მინახავს, არც მახსენდება. ეს იყო You'll Never Walk Alone-ის ქართული ვერსია, როდესაც ყველაზე ცუდ დროს, ნაკრებს ზურგი არ ვაქციეთ და პირიქით, გვერდით დავუდექით.
დინამო არენაზე მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშსა და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან. რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების განმავლობაში, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ, წარმოუდგენლად წინ წავედით. - შოთა არველაძის განცხადება ესპანეთთან 1:7 დამარცხების შემდეგ.
მე ვარ საქართველო
2022 წლის მაისში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა (ვინდფორსთან თანამშრომლობით), რომლის იდეოლოგიური გზავნილი შემდეგი იყო: "მე ვარ საქართველო". მისი მთავარი იდეა საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება, სპორტსმენების მუდმივი თვითგანვითარება და ძლიერ ინდივიდებზე შემდგარი ერთობა გახლდათ - თუკი სულხან-საბას "ძალა ერთობაშია" მოდელის ინტერპრეტაციას გავაკეთებთ, ერთობა ვერ იქცევა ძალად, თუკი მასში შემავალი ისრები მყიფე და მარტივად მტვრევადია.
"მე ვარ საქართველო" გულისხმობდა შემდეგ: დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, სტაფს, გულშემატკივარსა თუ სპორტულ მედიას - ყველას, აბსოლუტურად ყველას, საკუთარი, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა ეზიდა და ეს ზემოთაღნიშნულ 1:7 მარცხში ყველაზე კარგად გამოჩნდა: გუნდი გულშემატკივარმა არ მიატოვა, სანიოლმა შეცდომა გაიაზრა, კაშიამ გუნდის სახელით უამრავი ბოდიში მოიხადა და ესეც გავიარეთ, ოღონდ გაცილებით უფრო გაძლიერებულებმა.
პლეი-ოფი
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ესპანეთთან, ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან მოასპარეზე საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე ამ გზით ვერ გავიდოდით, მაგრამ ერთა ლიგიდან გამომდინარე, გვქონდა გეგმა ბ: პლეი-ოფი, სადაც ჯერ ლუქსემბურგი, შემდეგ კი საბერძნეთი უნდა დაგვემარცხებინა. გაგვიმართლა, რომ წილისყრამ ორივე მატჩის საშინაო არენაზე გამართვის პრივილეგია მოგვანიჭა, რაც გადაჭედილი "დინამო არენას" ფონზე, საგრძნობ უპირატესობად ვაქციეთ.
დაშვებული შეცდომის გამო, ლუქსემბურგთან კვარაცხელია გამოგვაკლდა, თუმცა ლიდერობა ბუდუ ზივზივაძემ იტვირთა, რომლის დუბლითაც ფინალში გადავინაცვლეთ. ლუქსემბურგისგან განსხვავებით, საბერძნეთი ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ბერძნებს ჩინებული სიურპრიზი დავახვედრეთ.
საბერძნეთთან მატჩში, მამარდაშვილის ჩათვლით, ბრწყინვალე იყო ჩვენი უკანა ხაზი (გოლი ვერც ლუქსემბურგელებმა და ვერც ბერძნებმა ვერ გაგვიტანეს). ასევე ნათლად გამოიკვეთა, რომ ქოჩორაშვილი - კიტეიშვილი - ჩაკვეტაძის ტრიო ევრო 2024-ზე სანიოლის მთავარი დასაყრდენი იქნებოდა. კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეს ქართველი ქომაგი უკეთესად იცნობდა, მაგრამ საბერძნეთთან მატჩში, ვიხილეთ სულ სხვანაირი, ლიდერად ქცეული ქოჩორაშვილი: ისეთი ენერგიით თამაშობდა, იფიქრებდი, რომ კიდევ ერთ ფინალს ითამაშებდა. მატჩის შემდეგ, სანიოლმა თქვა, რომ პირველი პენალტის დარტყმა ქოჩორამ თავად მოითხოვა: "ამას კვერცხები სჭირდებაო", - ესეც დაამატა.
თან როგორ დაარტყა? აუღებელი, უძლიერესი დარტყმა, რომლის მუხტი მთელ სტადიონს და რაც მთავარია, გუნდს გადაეცა.
ევროპის ჩემპიონატი
მატჩების მიმდინარეობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, უფრო შეფასებას გაგიზიარებთ: ევრო 2024 იქნება ახალი წყალგამყოფი ქედი და ათვლის წერტილი ქართული ფეხბურთისთვის. 1981 წლის 13 მაისის შემდეგ, ქვეყანა ელოდებოდა გამარჯვებას, რომლის ზეიმიც მთელ ქვეყანას მოიცავდა. ვიზეიმეთ საბერძნეთთან მოგებული ფინალის შემდეგ და ალალად ვთქვათ, არ ველოდებით, რომ ჩეხეთთან და თურქეთთან მოპოვებული 1 ქულის შემდეგ (იმის მიუხედავად, რომ ორივე მატჩში მეტი ქულის მოპოვების შანსი გავუშვით ხელიდან), პორტუგალიას დავამარცხებდით, მერვედფინალში გადავინაცვლებდით და მთელი ღამის განმავლობაში ვიზეიმებდით.
გმირის ამბავი - ჩაკვეტაძე იყო ჩვენი გმირი ვაისის დროს და შემდეგ კვარაცხელიამ აიღო ეს წოდება, ღირსეულადაც ატარა. ამ ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახა - ჩვენ ბევრი გმირი გვყავს და ერთ ადამიანზე არ ვართ დამოკიდებული, ეს არის გუნდი, ერთობა, სადაც მამარდა, კაშია, ლოჩოშვილი, ქოჩორა, კაკაბაძე, კიტე, ჩაკვე, კვარა, მიქაუტაძე და გუნდის ნებისმიერი წევრი თანაბრად იბრძვის შედეგისთვის და აღწევს კიდეც მას. აი ეს არის გამარჯვება, ეს არის "მე ვარ საქართველო".
ევრო 2024-ზე ჩვენი ბიჭების თავდაუზოგავი და შთამბეჭდავი ასპარეზობა გამოდგა მარცხის შიშის დავიწყების, კომპლექსებისგან გათავისუფლების, თავდაჯერების მოპოვებისა და გაერთიანების ყველაზე დიდი სიმბოლო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში გვინახავს. მოხდა უნიკალური რამ: ქართველი ქომაგი ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს და არა გერმანიას, იტალიას, ესპანეთსა თუ სხვას. საქართველოს ნაკრების დაუჯერებელი, სენსაციური დებიუტი და დრამატული მატჩები გახდა ფართო და ყოვლისმომცველი გაშუქების საბაბი: The Athletic, BBC, The Guardian, Goal.com, Marca, CNN, The Independent და სხვა ცნობილი, ავტორიტეტული წყაროები ევროპის ყველაზე ძლიერ "ანდერდოგზე" საუბრობდნენ - ანუ გუნდზე, რომლისგანაც ამ რეზულტატს არავინ მოელოდა.
კიდევ რა მივიღეთ: ინდივიდუალურ დონეზე, ევროპის ჩემპიონატი არის ერთ-ერთი საუკეთესო ასპარეზი იმისთვის, რომ მსოფლიოს თავი გააცნო. ეჭვგარეშეა, რომ ამ ზაფხულში, ჩვენს მოთამაშეებს უფრო ძლიერ კლუბებში ვიხილავთ, რაც ჩვენი ნაკრების საერთო დონეზე პირდაპირპროპორციულად აისახება. ჩვენი მოლოდინი მხოლოდ ემოციებით აღარაა მართული: ვდგავართ საყრდენზე, რომელიც ახალი გამარჯვებების საფუძველი გახდება და რომელიც კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანს.
თურქეთს ტოლსწორად ვეპაექრეთ და ჩეხეთი ჯგუფში ჩავტოვეთ. მთელმა ქვეყანამ ბუღალტერია შევისწავლეთ და თეორიულ გაანგარიშებებს ვაწარმოებდით, თუ რა შემთხვევაში გაგვიყვანდა მერვედფინალში პორტუგალიასთან ნათამაშები ფრე. არანაირი ფრე - პორტუგალია დავამარცხეთ და ესპანეთს ტურნირზე პირველი გოლი გავუტანეთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ აღარავის ვუფრთხით. როგორც გიგა გვენცაძემ თქვა, ჩვენ ზღაპრის ბოლოში არ ვართ, სადღაც "იყო და არა იყო რა"-ს ეტაპზე ვიმყოფებით. უიმედობის ასეთი აღტკინებით ჩანაცვლებისთვის, უდიდესი მადლობა ჩვენს ნაკრებს, სანიოლს, მთელ სამწვრთნელო შტაბსა და მთელ სტაფს - ყველა ადამიანს, რომელიც ამ დიდი გამარჯვების ფერხულში იყო ჩაბმული.
აწმყოც გვწყალობს და მომავალიც ჩვენია.
#გვჯერა - წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება.