Belive
6 თვის წინ

დავითი გოლიათებს შორის

დავითი გოლიათებს შორის

2015 წლის 21 მარტს პრემიერ-ლიგის ცხრილში ბოლო ადგილს, სამქულიანი ჩამორჩენით ბოლოსწინასგან და 23-გოლიანი დეფიციტით იკავებდა ლესტერ სიტი. იმ მომენტში არავის ეგონა, რომ ლესტერი ჩემფიონშიფში დაქვეითებას გადაურჩებოდა, მეტიც, ზოგი თვლიდა, რომ ამ ლიგაშიც კი, გუნდს დარჩენა გაუჭირდებოდა. დღეს ყველამ ვიცით, რაც მოხდა: ლესტერმა დარჩენილი რვა თამაშიდან 7 მოიგო და სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა. მომდევნო სეზონში კი გუნდს კლაუდიო რანიერი ჩაუდგა სათავეში და ლიგაში, სადაც თამაშობდნენ ძველი გრანდები - მანჩესტერ იუნაითედი და ლივერპული, ფულის ტომრები - ჩელსი და მანჩესტერ სიტი, ლონდონის სიამაყეები - არსენალი და ტოტენჰემი, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა გამარჯვება.

სპორტის ისტორიაში არცთუ იშვიათია ე.წ. ანდერდოგის - გუნდის ან სპორტსმენის, რომელსაც ყველა წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს - წარმატება. ლესტერთან ერთად, შეგვიძლია გავიხსენოთ 2004 წლის ევროპის ჩემპიონი საბერძნეთი, რომელმაც ტურნირის ფავორიტ პორტუგალიას ერთხელ კი არა, ორჯერ მოუგო; შეგვიძლია გავიხსენოთ „სასწაული ყინულზე“, როდესაც 1980 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოყვარულებისა და კოლეჯის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა აშშ-ს ნაკრებმა, სსრკ-ს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძლევამოსილი ნაკრები დაამარცხა; ყველაზე დიდი სიურპრიზი კი, ალბათ, ეკუთვნის ამერიკელ რულონ გარდნერს, რომელმაც 2000 წლის ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფინალში დაამარცხა ალექსანდრ კარელინი, რომელიც არათუ დაუმარცხებელი იყო, 6 წლის მანძილზე ერთი ქულაც კი არ დაუთმია მოწინააღმდეგეებისთვის.

საქართველოს ნაკრები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ანდერდოგია. ჩვენ საკუთარ ჯგუფში ოდენ მეოთხე ადგილი დავიკავეთ და მხოლოდ ერთა ლიგაზე ჯგუფში წარმატების შედეგად გაგვიჩნდა ევროპაში გამგზავრების შანსი. შანსი, რომელიც საუკეთესოდ გამოვიყენეთ. ეს წარმოუდგენელი მიღწევაა; ესაა ჩვენი ერის ამტანობის, მიზანდასახულობის და უდრეკი სულის გამოვლინება.

ქართველები, ზოგადად, ოპტიმისტები ვართ, მაგრამ ამ მომენტში, ეს ოპტიმიზმი გაცილებით უფრო გამართლებული მგონია, ვიდრე ბევრ სხვა შემთხვევაში. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, არამედ შეკრული გუნდი, რომლის მოტივაცია წარმოუდგენლად მაღალია. ჩვენ გვყავს ლიდერები - კვარა, ჩაკვე, ქოჩორა, ბუდუ, მამარდა. გუნდის მოტივაცია, მგონი, არასდროს ყოფილა ასე მაღალი. და, ყველაფერთან ერთად, ყველა თამაშზე ვიქნებით ჩვენ - გულშემატკივრები. ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია - ყველა თამაშზე ჩვენ უნდა ვიყოთ „ხმაურის კედელი“, მეთორმეტე მოთამაშე, მოწინააღმდეგე უნდა გრძნობდეს, თუ რა ძალაა საქართველოს ნაკრების უკან, როგორც ეს საბერძნეთის ნაკრებმა, ყოფილმა ანდერდოგმა და ევროპის ყოფილმა ჩემპიონმა იგრძნო.

ჯგუფშიც გაგვიმართლა - თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები „ის თამროები“ აღარ არიან, მათთან ქულების დაგროვება სავსებით რეალურია. იმაშიც გაგვიმართლა, რომ პორტუგალიის ნაკრებთან თამაში მხოლოდ ბოლოში გვიწევს, როდესაც, ძალიან დიდი ალბათობით, ის უკვე გასული იქნება მერვედფინალში და ამიტომ, იმედია, ძაანაც არ დაიხარჯება ჩვენთან.

მე მგონია, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. შემდეგში რა მოხდება, ამას ჩემი ოპტიმიზმიც კი ვეღარ მკარნახობს, მაგრამ ჩემი საყვარელი მწერალი, ტერი პრეტჩეტი ამბობს, „მილიონიდან ერთი შანსი ათი შემთხვევიდან ცხრაში ახდება ხოლმე.“ ვინ იცის, რა ბედი ელის დავითს გოლიათებს შორის?

ესეც საინტერესოა