Belive
1 წლის წინ

ალბერ კამიუ და მისი სიყვარული ფეხბურთისადმი

ალბერ კამიუ და მისი სიყვარული ფეხბურთისადმი

არსებობენ დიდი მწერლები, რომელთა გაცნობასაც საკმაოდ გვიან იწყებ. დაგვიანებაში ცუდი არაფერია – ახალ წიგნს, ყველა ასაკში, განსხვავებული მენტალური მზაობით ხვდები. ვაღიარებ, ალბერ კამიუს შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგონილი, მაგრამ მისი წიგნი გასულ კვირამდე ხელში არ ამიღია. ამასაც თავისი დადებითი მხარე ჰქონდა: ნობელის პრემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ლაურეატის (44) ნააზრევის გასაგებად, ალბათ, ყველაზე კარგი დრო შევარჩიე.

პირველ წიგნს მეორე, მეორეს კი ახალი ინტერესის გაჩენა მოჰყვა. ის ფიქრები და ემოციები, რაც ჩემში “უცხომ” გამოიწვია, ცალკე საუბარს იმსახურებს, თუმცა belive.ge ლიტერატურული განხილვის პლატფორმა არაა, ასე რომ, საუბარს სხვა მიმართულებით გავაგრძელებ.

ზოგადად, ყოველთვის საინტერესოა, რა დგას იმ ქმნილების მიღმა, ჩვენს აღფრთოვანებას რომ იწვევს – მაგალითად, გიზას მარადიული პირამიდების მიღმა ხომ მშენებლობის პროცესი, არქიტექტურა და შრომა, ასევე მიზანი და მოტივი იმალება?

…და მეც კამიუს ბიოგრაფიის კვლევა დავიწყე.

ვიკიპედია გვამცნობს, რომ კამიუ ალჟირში დაიბადა, მისი საქმიანობის სფეროდ კი ფილოსოფია, მწერლობა, დრამატურგია და ჟურნალისტიკაა მითითებული. ბაზისური ინფორმაცია საკმარისი არასოდესაა, ვიკიპედია ხომ მშრალი ფაქტების კრებულია. უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებისას კი, ჩემთვის უცნობ, თუმცა საინტერესო ფაქტს გადავაწყდი: თურმე ერთ დროს, ფეხბურთელობაზე მეოცნებე 17 წლის ალბერ კამიუს ტუბერკულოზი დაემართა, რამაც მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.

მწერლის ბუნება ისეთია, რომ მას გარემოება ხელს არასდროს უშლის: შინაგანი ენერგია სადღაც ყოველთვის ამოხეთქავს. წარმოიდგინეთ, ალბერ კამიუ მეკარის პოზიციაზე – ხომ არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა მოქმედებაში ინტელექტი იკითხება? ეს კაცობრიობის შესაძლებლობების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოვლინებაა: ლიტერატურისა და ფეხბურთის შერწყმა, დახვეწილი სიტყვისა და ამაღელვებელი სპორტის ნაზავი.

ჩემი აზრით, ფეხბურთს ინტელექტი უზომოდ უხდება – უხდება იმდენადვე, რამდენადაც ინტელექტთან ბმაში მყოფი ლიტერატურა, მუსიკა და მხატვრობა. ფეხბურთში, ამისი ნათელი მაგალითი ბრაზილიელი სოკრატესია, რომელიც გულშემატკივარს არამარტო საუცხოო ასპარეზობით, არამედ მისი პიროვნული თვისებებით, კრიტიკული აზროვნებითა და შემოქმედებითობით აღაფრთოვანებდა.

ქუდითა და შარფით, წინ მჯდომი, ალბერ კამიუ

17 წლის ასაკში, კამიუ ალჟირულ კლუბ “რასინგში” თამაშობდა. ტუბერკულოზის გამო, ფეხბურთთან დაკავშირებული გზა აუხდენელ ოცნებად დარჩა, თუმცა ვნება არ განელებია. წლების შემდეგ, მეგობარმა, შარლ პონსემ, კითხვა დაუსვა: “თეატრსა და ფეხბურთს შორის, უპირატესობას რომელს ანიჭებ?” ამ ორს შორის, მწერალმა, უყოყმანოდ, ფეხბურთი დაასახელა, მოგვიანებით კი ორივე მათგანს “ცხოვრების უნივერსიტეტი” უწოდა.

ფეხბურთში მას სამართლიანი წესების, ადამიანთა ერთობის და გუნდურად მოქმედების იდეები ხიბლავდა. კამიუს მტკიცედ სწამდა, რომ პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეები ცხოვრების რთული სისტემის შემოქმედნი იყვნენ – საფეხბურთო მოედნის მორალი კონტრასტული, გაცილებით უფრო ჰუმანური და მარტივი იყო.

კამიუსთვის, სიზიფეს მსგავსად, ფეხბურთი არის ის, რამაც იცის ერთგულება, “რაც უარყოფს ღმერთებს და ეზიდება ლოდს”. სანამ სიზიფეზე ფიქრს დაიწყებდა, ბევრი დიადი ფეხბურთელის მსგავსად, სიღარიბის წიაღში ბურთს აგორებდა. მამა ომმა წაართვა, ამიტომაც მარტოხელა, წერა-კითხვის არმცოდნე დედა ზრდიდა. წარმოიდგინეთ სცენა: პატარა კამიუს ეჩხუბებიან იმის გამო, რომ ერთადერთი ფეხსაცმლით, ფეხბურთს თამაშობს – სახლში ეშინიათ, რომ ფეხსაცმელი დაიხევა და პატარა კამიუ სკოლაში ვეღარ ივლის. მომავალ მწერალს ეს არ აჩერებდა.

სხვადასხვა წყაროებში წერია, რომ კამიუს საფეხბურთო პოტენციალი მართლაც ჰქონდა – 1930 წელს, მისმა გუნდმა მცირე ბროშურა გამოუშვა, სადაც 16 წლის ფეხბურთელის შესანიშნავი ასპარეზობა ხაზგასმული იყო. ორი თვის შემდეგ, კამიუ სისხლს ახველებდა, რაც ოჯახმა გაციებას დააბრალა, თუმცა მალევე დადგინდა, რომ საფრთხე არამარტო კამიუს საფეხბურთო კარიერას, არამედ სიცოცხლეს ემუქრებოდა.

მოედნიდან ტრიბუნაზე, ფეხბურთიდან კი ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა. მცირედი გადახვევით, აღსანიშნავია, რომ მის ადრეულ ნაშრომში, კაბილიაში მცხოვრები ალჟირელების უკიდურესი სიღარიბის შესახებ არის მოთხრობილი – სტატია ეხებოდა იმ რეგიონს, სადაც 50-იან წლებამდე, საფრანგეთში ემიგრაციამდე, ზინედინ ზიდანის მშობლები ცხოვრობდნენ.

1941 წელს, როდესაც კამიუ სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, იგი საფეხბურთო გუნდს წვრთნიდა და სიცოცხლის ბოლომდე, საფეხბურთო მატჩზე დასწრებაზე უარს არასოდეს ამბობდა. ფეხბურთისადმი ვნება კამიუს შემოქმედებაში პირდაპირ თუ ირიბად იკითხებოდა. დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიულ ნოველაში, სახელწოდებით „პირველი ადამიანი“, კამიუ მოგვითხრობს ბიჭზე, მის მძიმე ბავშვობაზე, მზისა და ზღვის სიყვარულზე, დედისადმი ემოციებზე, დაკარგული მამის ძიებაზე, მაგრამ ასევე – თუ როგორ იყო მთავარი გმირი ფეხბურთით შეპყრობილი.

ართურ ჰოპკრაფტის წიგნში, სახელწოდებით The Football Man (1968), საუბარია რომ ფეხბურთი მშვენიერებასა და კონფლიქტს შეიცავს და როდესაც ეს ორი თანაარსებობს, უკვე ხელოვნებასთან გვაქვს საქმე. ხელოვნება არის ის, რაც არსებული სამყაროსგან გარეთ გასვლის ან სამყაროს სხვა თვალით დანახვის საშუალებას იძლევა, კამიუ კი ფეხბურთში ხელოვნების ერთ-ერთ ფორმას ხედავდა: იდეებით დახუნძლულ, იმპროვიზირებულ თეატრალურ წარმოდგენას, რომლის მონაწილეც, მილიონობით ოცნებააუხდენელი ბავშვის მსგავსად, თავად უნდა ყოფილიყო.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა