Belive
2 კვირის წინ

ანტონის დაბრუნება

ანტონის დაბრუნება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იჯარით "ბეტისში" თამაშობს, თანაც შესანიშნავად. ინგლისში მას Flop-ს, ჩავარდნილ ტრანსფერს უწოდებდნენ, ესპანეთში კი მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. სწრაფი, თითქოს შეუჩერებელი ვარდნის შემდეგ, ანტონი იმ ფორმასა და სათამაშო კლასს უახლოვდება, რომელსაც ამსტერდამის "აიაქსში" თამაშისას აჩვენებდა, მის ხელახალ დაბადებას კი რამდენიმე კუთხით შეიძლება შევხედოთ.

2018 წელს, ტექნიკური არსენალით აღჭურვილი ბრაზილიელი ვინგერი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა. ტრანსფერის ინიციატორი ერიკ ტენ ჰაგი გახლდათ, რომელიც ანტონის შესაძლებლობებს კარგად იცნობდა. ბრაზილიელი "აიაქსში" მართლაც შეუდარებელი იყო: ახასიათებდა რობენის სტილში ფლანგიდან ცენტრისკენ შეჭრა, გამოირჩეოდა დრიბლინგის სტილით, სიჩქარითა და კრეატიულობით, აბითურებდა მასთან პირისპირ მყოფ მცველს, აქტიური იყო პრესინგში და თავს მნიშვნელოვან თამაშებშიც იჩენდა. ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ ანტონის სანაცვლოდ არც სოლიდური 95 მილიონი ევრო გადაიხადა, რითაც ბრაზილიელმა კლუბის ისტორიაში რიგით მე-2 ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსი მიიღო.

მოლოდინი არ გამართლდა: ანტონიმ "ოლდ ტრაფორდზე" დაახლოებით იგივე კვალი დატოვა, რაც კორონავირუსის დროს იჯარით აყვანილმა ოდიონ იგალომ. გასულ სეზონში ანტონის ანგარიშზე მხოლოდ 1 გატანილი გოლი და 0 საგოლე გადაცემა იყო, ჯამში კი სულ 12 გოლსა და 5 ასისტს მოუყარა თავი. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელებში ბრაზილიელი ისეთივე გასართობი კონტენტის ნაწილი გახდა, როგორც ჰარი მაგუაიერი - მის განიავებულ შანსებს, არაზუსტ გადაცემებსა და ვერშემდგარ ფინტებს მილიონობით ნახვა ჰქონდა. შედეგმაც არ დაახანა: ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავის სტატუსის მქონე ანტონის სატრანფერო ფასი 20 მილიონ ევრომდე დაეცა, გუნდის ახალმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმიმ კი, მისი ადგილი "მანჩესტერში" ვეღარ დაინახა.

ვუწოდოთ არასწორი გადაწყვეტილებების ერთობლიობა, გნებავთ - წყევლა, მაგრამ "მანჩესტერში" მრავალმილიონიანი ტრანსფერები წარუმატებლობა უკვე ტრადიციად იქცა. "წითელ ეშმაკებს" ყველაზე დიდი თანხა შემდეგ ფეხბურთელებში აქვს გადახდილი:

ფეხბურთელი

სეზონი

თანხა

პოლ პოგბა

16/17

€105 მლნ.

ანტონი

22/23

€95 მლნ.

ჰარი მაგუაიერი

19/20

€87 მლნ.

ჯეიდონ სანჩო

21/22

€85 მლნ.

რომელუ ლუკაკუ

17/18

€84.7 მლნ.

ანხელ დი მარია

14/15

€75 მლნ.

რასმუს ჰოილუნი

23/24

€73.9 მლნ.

კაზემირო

22/23

€70.65 მლნ.

ბრუნო ფერნანდეში

19/20

€65 მლნ.

მეისონ მაუნტი

23/24

€64.2 მლნ.

ანტონის გაცოცხლება

"ბეტისში" გადასვლისთანავე, მოედანზე სულ სხვა ანტონი ვიხილეთ: 6 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. სადებიუტო მატჩში, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ, ასეთი სიტყვები თქვა: "ვფიქრობ, ყველაზე მნიშნელოვანია, იყო ბედნიერი. ამის შემდეგ, ყველაფერი ბუნებრივად გამოგდის," - აღნიშნა მან. ანტონის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავს მისი თანაგუნდელი ისკო: "ანტონი ბრუტალური ტალანტია, მის გვერდით თამაში ძალიან მარტივია".

საინტერესო ფაქტია, რომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, მეტოქე ფეხბურთელზე უხეშობისთვის, მატჩის მთავარმა არბიტრმა ანტონის წითელი ბარათი უჩვენა, რომელიც "ბეტისმა" უსამართლოდ მიიჩნია და გაასაჩივრა. ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოში საკითხი შეისწავლეს და ბრაზილიელი გამართლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო მატჩში, ანტონი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ისკოს მხარდამხარ ითამაშებს.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა