2025 | ქართული სპორტი ტკბილ-ცხარე სოუსით
მიმოხილვა იმ წარმატებისა თუ წარუმატებლობის, რაც 2025-მა წელმა ქართულ სპორტში დატოვა
2025 | ქართული სპორტი ტკბილ-ცხარე სოუსით
ქვეყნის მთავარი ნაკრები - როგორ ვითამაშეთ ფეხბურთი?
2024 წელს ფეხბურთში ისეთი ამბები დავატრიალეთ, ვფიქრობდით, ჩვენი მომრევი აღარავინ იქნებოდა. თამასამ აიწია და მოლოდინებიც მეტი იყო. ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასულ ნაკრებს უკვე მსოფლიოზე გასვლასაც ვთხოვდით, რაც ბუნებრივია. 2025 წელი აშკარა აღმავლობის წელი უნდა ყოფილიყო, უძრაობაც ხომ თავისთავადი უკან დახევაა, ამიტომ სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია, როცა 'გმირსაც' კი პროგრესს სთხოვ.
თავიდანვე უნდა გავიმეორო ვილი სანიოლის საკმაოდ დასამახსოვრებელი შეფასება - წელი, რომელიც ახლა მიიწურება, ევროპის ჩემპიონატზე თამაშით ტკბობის ნაბახუსევი უფრო იყო, ვიდრე ხარისხის ზრდა - გაიხსენეთ ქართველი კაცის სტერეოტიპული ნაბახუსევი: მძიმე, ზანტი, შველას არსაიდან ელი, იცი, რომ გუშინ კარგი დრო ატარე, თუმცა დღეს 'გაფუჭებული' ხარ.
ერთა ლიგის B დივიზიონში გადასულებმა წელი იმით დავიწყეთ, რომ მოპოვებული ადგილი არ დაგვეკარგა, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე მივხვდით, რომ A ლიგაში მყოფ 'მონსტრებთან' ჩვენი ადგილი არაა. ამერიკული შეფასების სისტემა რომ გამოვიყენოთ, კლასში ჩვენი ამჟამინდელი მოსწრებაა (C+ ან B-). შესაბამისად, C დივიზიონის ნაკრებებთან შედარებით გადაზრდილები ვართ, B დივიზიონში კი უბრალოდ 'ვჭიდაობთ'.
2025-ის მარტში, B დივიზიონში დასარჩენად, საქმე სომხებთან გავარჩიეთ - ორი მატჩის ჯამში 9:1 გავანადგურეთ და შედეგსაც მივაღწიეთ, თუმცა ამ ამბავს 'შუშხუნები არ მოჰყოლია', ზოგჯერ შექებას მარტო იმიტომ არ იმსახურებ, რომ რაც მოხდა, ასეც უნდა ყოფილიყო - არც კი ვიცი, ჰყოლიათ თუ არა ჩვენს მეზობლებს იმაზე უარესი გუნდი, ვიდრე 20 და 23 მარტს საკუთარი თვალით ვიხილეთ.
2025 წლის 23 მარტი | საქართველო 6:1 სომხეთი | დინამო არენაზე შეკრებილი ჩვენი ნაკრების გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და სომხების ტრიბუნასაც შეუტიეს (შეურაცხყოფდნენ)
მთავარი გამოწვევა ვერ დავძლიეთ
ამ წელს ხშირად გაიგონებდით ფრაზას "ეს ესპანეთი არსად არ აგვცდა" - ჯგუფში სწორედ ესპანეთთან, თურქეთთან და ბულგარეთთან მოვხვდით და ჩვენი გეგმა ცალსახად გამოვხატეთ: მეორეზე უნდა გავიდეთ. მოლოდინი დიდი იყო, თურქეთთან საშინაო მატჩით ვხსნიდით და მათთან 'პირადი ინტერესები' გვქონდა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის პირველ შეხვედრაში სწორედ თურქეთთან დავმარცხდით არწასაგებ მატჩში. მას შემდეგ ვფიქრობდით, რომ თურქეთი დაახლოებით ჩვენი დონის ნაკრებია და მისი ჯგუფში ჩატოვების პერსპექტივა დიდებულ რევანშად გამოიყურებოდა.
პირველი უროც მოგვხვდა - დინამო არენაზე, არასრულ ერთ საათში უკვე 0:3-ს ვაგებდით. საბოლოოდ, ალპერ ილმაზის სულელურმა წითელმა ბარათმა თამაშის დაძაბვის საშუალება მოგვცა და 2 გოლი გავიტანეთ, მაგრამ შედეგს რომ შევეშვათ, თამაში პირწმინდად წავაგეთ.
უშუალო კონკურენტთან მტკივნეულმა მარცხმა მაშინვე ზედაპირზე ამოაგდო მწვრთნელის დარჩენა/არდარჩენის საკითხი. ეს შეხვედრაც 4-3-3 ტაქტიქით დავიწყეთ და ვილი სანიოლი ისევ ესპანეთთან განადგურების (1:7) კონტექსტში განიხილებოდა.
4 აგვისტოდან 18 ოქტობრის ჩათვლით 6 მატჩი ჩავატარეთ და მხოლოდ ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ბულგარეთთან მოვიგეთ (3:0). ამას მოჰყვა საკმაოდ დეპრესიული 4 მარცხი, სადაც წაგებაზე მეტად გულს ის გვიკლავდა, რომ ჩვენი ნაკრები უსულოდ თამაშობდა. ძნელი გასახსენებელია თამაში, სადაც გუნდი ისე უსუსურად გამოიყურებოდეს, როგორც ესპანეთში (2:0) წაგებულ შეხვედრაში - კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ, ცენტრიდან დავარტყით და მასპინძლებმა მეტი რომ ვერ გაგვიტანეს, უბრალო შემთხვევითობაა.
ჩრდილოეთ ამერიკაში, მუნდიალზე გამგზავრების ოცნება 14 სექტემბერს მოგვიკვდა - თუ თბილისში 52-ე წუთზე 0:3-ს ვაგებდით, თურქეთში მაგ დროისთვის უკვე 4:0 იყო. გუნდი თამაშიდან თამაშამდე უფრო უარესად გამოიყურებოდა. უშანსო წაგებები, რა თქმა უნდა, თბილისში ესპანეთთანაც გაგრძელდა, ბოლოს კი, როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვს, სტუმრად ბულგარეთშიც (2:1) დავმარცხდით და ჯგუფი მესამე ადგილზე მხოლოდ იმიტომ დავასრულეთ, რომ ბულგარეთს უფრო მეტი გაუტანეს, ვიდრე ჩვენ.
ბულგარეთი 2:1 საქართველო | ჯგუფის ბოლო შეხვედრა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის, 2025 წელი, უარყოფითად უნდა შეფასდეს. ყოველი წელი, როცა გუნდი იმაზე დაბალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ასევე უარყოფითი იქნება და ეს ლოგიკურია. ყოველი წელი, როცა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საგზურს ვეღარ მოიპოვებს (არ იგულისხმება მსოფლიო ჩემპიონატი), ჩავარდნილი წელი იქნება და ამასთან თვალის გასწორება მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
ამ ბლოგის მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ ცუდი გემოთი დამახსოვრებული წლის აღწერისას, არცერთი ფეხბურთელის სახელი და გვარი მიხსენებია. საქმეც ისაა, რომ ამ წელს, ჩვენს ნაკრებში, ყველაფრის მომგები და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გამტანი კაცი თამაშობდა, სიზმარშიც ძნელი წარმოსადგენი იყო, ჩვენი და ლივერპულის დონის კლუბის დარაჯი თუ ერთი და იმავე ადამიანი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, საფეხბურთო რუკაზე დაბრუნებული ქართველები მაღალი დონის ევროპულმა გუნდებმა გაინაწილეს, მაგრამ ეს პირადი ისტორიებია - ბედნიერი და სასიამოვნო ისტორიები. ზუსტად იმის გამო, რომ ყოველ სათამაშო კვირას მიწევდა წერა ქართველმა რეალს გაუტანა თუ იუვენტუსს, რომ ქართველმა მანჩესტერ სიტისთან პენალტი აიღო, რომ ერთი პატარა ფრანგული კლუბი თითქმის 'გიორგის' სახელობის გუნდად გადაკეთდა, ნაკრებისგანაც უფრო მეტს მოველოდი.
ფაქტია, რომ წელს საუკეთესო კერძი ვერ მოვამზადეთ, მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტები გვქონდა. ახლა მთავარია არ შეწყდეს ჩვენს პროდუქტზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია, რადგან ერთადერთი რამ, რაც შეიძლება დაზუსტებით ვიცოდე ისაა, რომ სიხარულის მომტან ნაკრებებში მაღალი დონის მოთამაშეებია საჭირო, გარანტია ესეც ვერ იქნება, თუმცა ამის გარეშე 'გემოების აფეთქებას' ვერ დაელოდები.
ჩვენი მაღლები, ანუ როგორ გადავედით ახალ დონეზე
ახლა საუბარს იმ ნაკრებით გავაგრძელებთ, რომელმაც საკუთარი თავი ახალ დონეზე აიყვანა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, 2025 წელს, ის შეგრძნებები გვაჩუქა, რაც აქამდე გასინჯული არ გვქონდა, ამის აღსაწერად გეიმერებს მარტივი გამოთქმა აქვთ - (New level is unlocked/ახალი დონე გახსნილია). დიდებული ემოციაა, როცა ბევრი წვალების შემდეგ ათვლის წერტილს იცვლი, აღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც იყავი, ანუ ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებიდან ერთ-ერთი ხარ.
ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე უბრალოდ მონაწილეობის მიღება ჩვენი თვითმიზანი დიდი ხანია აღარაა, ამიტომ როცა იქ თამაშის უფლება გავინაღდეთ, სტანდარტულ მოცემულობად მივიღეთ. მთავარი კითხვა ის იყო, ამჯერად სადამდე მივიდოდით.
შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, თბილისში (21 თებერვალი), დანია 2 ქულის სხვაობით დავამარცხეთ და ამ წამიდან ვიცოდით, რომ ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ვითამაშებდით. კალათბურთი და მისი გულშემატკივარი უკვე ზაფხულისთვის გადაეწყო. კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია, 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ჩვენი კონტინენტის მთავარ სანაკრებო ტურნირს უმასპინძლებდნენ.
საქართველო 62:60 დანია | თბილისი | ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტური
საქართველოს ნაკრებმა, თითქოს, მოგვატყუა - ალბათ, მოლოდინისა და შედეგის ასეთმა აცდენამ კიდევ უფრო მეტი ემოციურობა შესძინა ტურნირს. წარმოიდგინეთ, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა, აგვისტოში, მოსამზადებლად (ამხანაგურად) 6 მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო. ეს კატასტროფა იყო: ისრაელთან, ესტონეთთან, ლიეტუვასთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან, დახურულ თუ ღია თამაშში - 6-დან 6 მარცხი. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ გუნდი სრულიად შეუფერებელი იყო მოახლოებული ტურნირისთვის და სირცხვილისთვის ვიყავით განწირული.
აი, ის ამბავი, რომ ესპანეთს ვერსად ავცდით, კალათბურთსაც ეკუთვნის - ჯგუფში ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და კვიპროსი გვყავდა. ჩვენთვის ევრობასკეტი 28 აგვისტოს, ესპანეთთან შეხვედრით და სენსაციით დაიწყო. გუნდმა, რომელმაც ყველასთან წააგო, ევროპის მოქმედ ჩემპიონს 83:69 მოუგო. ეს დიდი საქმის დასაწყისს ჰგავდა, ამ ჯგუფიდან გასასვლელად, ჩვენ უფრო სხვა გუნდების დაჩაგვრას ვაპირებდით.
ესპანეთმა საქართველოს ყველაფერი მისცა, რაც მერვედფინალში თამაშის საშუალებას მოგვცემდა. საბოლოოდ ჩვენ 2 შეხვედრა მოვიგეთ (ესპანეთთან და კვიპროსთან), ბოლო ტურში ბოსნიასთან დავმარცხდით და საღამოს მხოლოდ ერთი რამ გვაინტერსებდა: საბერძნეთს ესპანეთისთვის უნდა მოეგო - ბერძნებმა არ დაგვაღალატეს და ჯგუფიდან მეოთხე ადგილით გავედით, ესპანეთმა კი ისტორიაში პირველად ვერ დაძლია ჯგუფური ეტაპი.
საქართველო 83:69 ესპანეთი | 28 აგვისტო | ჯგუფის პირველი შეხვედრა
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი 7 სექტემბერს ჩაატარა. საფრანგეთზე გავედით, კალათბურთის ნამდვილ გრანდზე და უდიდეს ფავორიტზე. წესით, მერვედფინალში ასეთ ნაკრებთან გამოვარდნაც 'დიდი არაფერი' იქნებოდა, თუმცა მთავარი სენსაცია ჯერ წინ იყო.
აღმოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები ამ წელს ისტორიის დაუვიწყარ ფურცელზე დაწერას უპირებდა - ფრანგები 70:80 დავამარცხეთ და მოვხვდით ევროპის საუკეთესო 8 გუნდში, რაც ამის შემდეგ, ყოველთვის იმ წერტილად ჩაითვლება, საიდანაც ჩვენი მიზნები უნდა იწყებოდეს.
ახლა, ზედიზედ 3 მატჩი გვაქვს წაგებული, ერთი ფინეთთან, რომლითაც ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად დავემშვიდობეთ (ფინელებმა ისტორიული ევრობასკეტი ჩაატარეს/ნახევარფინალში გასვლით), ხოლო ორი სულ ახლახანს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჯერ უკრაინასთან, შემდეგ კი ესპანეთთან. ჩვენს ჯგუფში დანიაცაა, ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ეს ნაკრები კიდევ ერთი ნაბიჯის შანსს მოგვცემს და მსოფლიოზე მოხვედრის გზას ნაადრევად არ ჩამოვშორდებით.
საფრანგეთთან მოგების შემდეგ, ჩვენი ნაკრები, ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრას ზეიმობს
ყველა ასწრაფებას ცდილობს, ჩვენ ისევ შერკინებას ვაწვებით
რაგბის ამბავი ასეთია: წლის პირველი მატჩი 110:0 მოვიგეთ, ხოლო ბოლო და ყველაზე პრინციპული თამაში წავაგეთ. დიდი კონტრასტია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. ამ სპორტის სპეციფიკაში ოდნავ გარკვეულმა ადამიანებმა იციან, რომ შვეიცარიასთან ასეთი ანგარიშით მოგება არაფერს ნიშნავს, საკმაოდ გვიან გავიგე, რომ ეს შესანიშნავი ხალხი საერთოდ თამაშობდა რაგბის. რაც შეეხება ბოლო მატჩს იაპონიასთან - ამ შეხვედრამ ნამდვილად გამოკვეთა ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და წელიც შეაჯამა, თუმცა ამაზე მოგვიანებით, რადგან შუაშიც გვქონდა თამაშები. პრობლემური ისევ ისაა, რომ ჩატარებული მატჩების მნიშვნელობა ობიექტურად შეგიძლია დაიწუნო.
პარადოქსია, მაგრამ საშინელებაა, რომ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 17-ჯერ აქვს მოგებული და, რა თქმა უნდა, წელსაც მოვიგეთ, ზედიზედ მერვედ. წლის პირველი ხუთი თამაში სწორედ ამ ტურნირზე ვითამაშეთ და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულები დავრჩით, უბრალოდ იმ გუნდებთან, რომლებიც ჩვენი განვითარების წამლად არ გამოდგებიან - შვეიცარიით დაწყებული და ოდნავ 'ფერზე მოსული' ესპანეთით დასრულებული.
საქართველო 46:28 ესპანეთი | მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი | რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ
ამ წელსაც თვალსაჩინო იყო, რომ ცოტა 'სერიოზულ' ნაკრებებთან სერიოზული პრობლემებიც იწყება. ზაფხულის სამივე ტესტ-მატჩი წავაგეთ: ირლანდიასთან, ჩიტასთან და სამხრეთ აფრიკასთან. გასაგებია, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მარცხს განსაკუთრებულ ნეგატივში არავინ ჩათვლის, თუმცა გადახალისებულ 'სამყურებთან', საკუთარ მოედანზე, 29 ქულით წაგება, არც ისე კარგი სანახავია. ჩიტასზე კი რა უნდა ვთქვათ, 24:20 მოგვიგეს და ნაკრებიც არაა - ფრენჩაიზია.
შედეგის გარდა თვალშისაცემი ისაა, რომ ბორჯღალოსნები თანამედროვე რაგბის ძირითად ასპექტებში ვერ უმატებენ. მაგალითისთვის, ჩვენივე აუტების მოგების ძალიან დაბალი პროცენტი გვაქვს, ხელით თამაშისას დაშვებული უნებლიე შეცდომებიც უხვადაა და როცა ამას უდისციპლინობაც ემატება, მპატიებელი არავინაა.
შემოდგომის სერიის ტესტ-მატჩები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის გუნდებს მოვუგეთ: ამერიკას და კანადას. რეალურად, ორივე ჩვენზე სუსტი ნაკრებია და ამ თამაშს მხოლოდ ახლა სწავლობენ. ამერიკელებმა მაინც გვანერვიულეს, პირველ 18 წუთში მათგან 3 ლელო მივიღეთ და თამაშის ხარისხის შესაფასებლად ეს ფაქტი უფრო გამოდგება, ვიდრე ის, რომ მოგება მაინც მოვახერხეთ.
მივადექით შეხვედრას, რომელიც ბოლოც იყო და ყველაზე მნიშვნელოვანიც, რომელიც 2025 წელს შეგვეძლო ჩაგვეტარებინა. 22 ნოემბერს, მიხეილ მესხზე იაპონიას ვუმასპინძლეთ. პრინციპულ მეტოქესთან მოგება გვინდოდა და გვჭირდებოდა კიდეც. თბილისში დიდი ბრძოლა შედგა და როგორღაც, ბოლო წუთების დრამით, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ (23:25).
გამარჯვებული იაპონელები მადლობას უხდიან სტადიონზე მისულ გულშემატკივარს
აი, რა მოიტანა იაპონიასთან წაგებამ: ჩვენი ნაკრები, მსოფლიო რეიტინგში, მე-12 ადგილიდან მეცამეტემდე დაქვეითდა. მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაში კი ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. საქართველო ვერ მოხვდა პირველ ორ კალათაში (თითო კალათაში 6 ნაკრებია, რეიტინგის მიხედვით), ხოლო მესამე კალათიდან წილისყრის გამო, ჩვენი ჯგუფი უფრო რთული ნაკრებებით დაკომპლექტდა, ვიდრე ეს რეიტინგში მე-12 ადგილის შენარჩუნებით მოხდებოდა. საბოლოოდ, მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა.
შეიძლება ითქვას, რომ რაგბის მმართველმა ორგანომ, საქართველოს განვითარების შანსი 2030 წლამდე მოუკლა, რადგან ახალი დაარსებული ტურნირი (ერთა თასი), მაღალი ეშელონის გუნდებთან შეხვედრის შესაძლებლობას აღარ გვაძლევს.
ბორჯღალოსნები ერთა თასის მეორე დივიზიონში ისეთ ნაკრებებთან ერთად არიან, რომლებთან თამაშსაც აქამდეც ვიწუნებდით და მეტს ვითხოვდით. A დივიზიონში აღმოჩენილ გიგანტებს ვერავინ ჩაანაცვლებს, რადგან ამ ორ დივიზიონს შორის, დაქვეითება/აღზევების სისტემა 2030 წლამდე არ იმოქმედებს.
მოკლედ, ქართულ სანაკრებო რაგბიში საქმე კარგად არ მიდის. მიზეზშედეგობრივ კავშირს ყველა ხედავს, მსოფლიო რაგბი განვითარების საშუალებას თითქმის არ გვაძლევს, ჩვენ კი სასწაულს ვერ ვახდენთ - სასწაულები, საერთოდ, იშვიათად ხდება. რიჩარდ ქოქრილი ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარაა და ადგილი ვაკანტურია, ამ წელს ნაჩვენები თამაშის ხარისხს ეს ფაქტიც ადეკვატურად ხსნის.
MMA და ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონები ორთაბრძოლებში
თუ ვინმეზე ითქმის, რომ მისი წელი იყო, ეს ნამდვილად ეთერ ლიპარტელიანია - ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი ინდივიდუალურ ასპარეზობაში გახდა. საოცარ ფორმაში მყოფმა ლიპარტელიანმა, მსოფლიოზე, გუნდური ასპარეზობით ჩათვლით, 11 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო - თანაც ეს ძალიან სანახაობრივად გააკეთა.
ცხადია, ძიუდოში, ტრადიციულად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, თუმცა იაპონელების ჰეგემონიის გამო, გუნდური პირველობის აღიარება გვაკლდა. 2025 წლის საჩუქარი ჩვენი შერეული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაა. წარმოიდგინეთ, შერეული გუნდებით მსოფლიო ჩემპიონატი 8-ჯერ ჩატარდა და წინა 7 შემთხვევაში ოქროს მედალი იაპონელებმა მოიპოვეს, სიმბოლური იყო, რომ ეს ჯადოსნური წრე ქართველებმა გაარღვიეს და ამ წამს მსოფლიოს ნომერ პირველი შერეული ნაკრები ვართ.
2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრები ძიუდოში
ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონობა, ქართველი ძიუდოისტებისთვის უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა გუნდურად მსოფლიო პირველობის მოგება ახალი განაცხადია. 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდურ წარმატებად სწორედ ეს უნდა ჩაითვალოს.
სპორტის სახეობაში, რომელშიც წარმატება არასდროს გვაკლდა, მსოფლიოს კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტი დავუდეთ: საქართველოში მხოლოდ კაცები არ არიან კონკურენტუნარიანი ძიუდოისტები და ტატამიზე გასვლის შიში მაშინაც უნდა გაუჩნდეთ, როცა ჩვენები ერთმანეთს შეერევიან და არა საკუთარი თავის გამო, არამედ ერთმანეთისთვის იბრძვიან.
მნიშველოვანია იმის დანახვა, რომ გამარჯვებები არამხოლოდ გენეტიკური ნიჭითა და ისტორიული მეხსიერებით მოდის, არამედ პროგრესს განვიცდით.
ილია და მერაბი - ჩვენი სახეები ყველაზე პოპულარულ საბრძოლო სახეობაში
'მატადორი' და 'მანქანა' UFC-ის ორი უდიდესი სახელია. 2025 წელი ორი ჩემპიონითა და საერთო რეიტინგის (P4P) სამეულში ორი ადგილით დავიწყეთ. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ასეთი წარმატებული დრო, შესაძლოა, კიდევ დიდხანს არ დაგვიდგეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ როგორი იშვიათობაა ასეთ პატარა ერს ამდენი და რაც მთავარია ხარისხიანი მებრძოლი გვყავდეს.
2025-ში ილიამ მხოლოდ ერთხელ იბრძოლა, თუმცა ეს რაღაც ახალი იყო. მან წონა შეიცვალა და UFC-ის ლეგენდა, ჩარლზ ოლივეირა ბრუტალურად დაანოკაუტა. თოფურია 2 წონის ჩემპიონი გახდა და საერთო რეიტინგის პირველ ნომრადაც იქცა. მან ისლამ მახაჩევი ჩააჩოჩა.
დვალიშვილი და ილია ლეგენდობისკენ გზას სხვადასხვანაირად, თუმცა ერთნაირი შედეგით მიუყვებიან: დვალიშვილი გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც ერთ კალნედარულ წელში ჩემპიონის ტიტულის მეოთხედ დაცვა სცადა. მოუგო დაუმარცხებელ უმარს, მეორე ბრძოლაში დროზე ადრე დაამარცხა ო'მალი, მოუგო სენდჰეგენს და იანთან მეორე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მერაბის მთავარი ძალა იმაშია, რომ გაჩერება არ შეუძლია, მარცხის მიუხედავად, გაჩერებას არც მომავალში აპირებს.
სადღაც მეტი წარმატება გვქონდა, სადღაც - ნაკლები. ვიმახსოვრებდით სახელებს, გამარჯვებებსა და მარცხებს, ვიმახსოვრებდით არა იმიტომ, რომ ჩვენი საქმე იყო, არამედ იმიტომ, რომ გვაბედნიერებდა. ეს ტექსტიც არაა მათთვის, ვისთვისაც სპორტი პროფესიული მოვალეობაა. საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლების ასპარეზობები უფრო ემოციური მეხსიერების საგანია, უემოციო ადამიანებს კი, არამგონია, სპორტი უყვარდეთ.