მაკლარენი დაფრინავს - სხვები ნარინჯისფერ მტვერში იკარგებიან
ფორმულა 1-ის პირველი ნახევრის შეჯამება
მაკლარენი დაფრინავს - სხვები ნარინჯისფერ მტვერში იკარგებიან
უნგრეთის გრან პრით ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის პირველი ნაწილი დაიხურა. პილოტებმა და ბოლიდებმა უკვე 14 ტრასასა და ქვეყანაში დააყენეს გადახურებული საბურავების სუნი. ამ მომენტისთვის, წინა წლის კონსტრუქტორთა ჩემპიონებთან შედარებით, ყველა სხვა მაჩანჩალად გამოიყურება. 9 ბრენდი და 18 პილოტი თითქოს მხოლოდ რბოლას ავსებს, რომ ტრასა ცარიელი არ ჩანდეს - მაკლარენი ძალიან წინ არის და დარჩენილ 10 შეჯიბრში, რთულად წარმოსადგენია, რამე შიცვალოს.
ოსკარ პიასტრისა და ლანდო ნორისს დიდ სახელებთან ერთად დაიმახსოვრებენ - უნგრეთში მათ ზედიზედ მეოთხედ დაიკავეს პირველ/მეორე ადგილები პოდიუმზე, რაც მაკლარენმა არსებობის ისტორიაში მეორედ შეძლო. ასეთი შედეგი 1988 წელს ალენ პროსტმა და აირტონ სენამ დადეს.
ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი (2025 წ) / აირტონ სენა და ალენ პროსტი (1988 წ)
სანამ მაკლარენის და პიასტრი/ნორისის შედეგების ჩამოთვლას დავიწყებ, შევხედოთ რა 'ტიპები' არიან ისინი, როგორ 'დაჰყავთ მანქანა'.
ხმა პიასტრის რადიოში:
პიტსტოპიდან გასვლის შემდეგ, ლეკლერი შენთან 4/5-წამიან სხვაობას დაიჭერს. გირჩევ, ეს წრე გამოიყენო 'ბოქსში' შემოსასვლელად.
პიასტრი:
ლეკლერი საერთოდ არ მაინტერესებს. საუკეთესო მომენტს ვეძებ, რომ ლანდოს გავასწრო. ესაა ახლა მთავარი.
- ისმის ოსკარ პიასტრის რადიოში
პირველობა პილოტის სულის ნაწილია. გუნდურობისა და იმის მიუხედავად, რომ მაკლარენის ბოლიდები ტექნიკურად ყველაზე სწრაფები არიან, პიასტრი და ნორისი 'მაგრად ატარებენ'.
14 რბოლა - მხოლოდ ერთხელ ვერ მოხვდა ვერცერთი მაკლარენი პოდიუზმე (კანადაში). კიდევ 2-ჯერ ვერ დაიკავეს პირველი ადგილი. მაკლარენმა 11 რბოლა მოიგო - 6-ჯერ ეს პიასტრიმ გააკეთა, 5-ჯერ კი ნორისმა. ნორისი ექვსჯერ გავიდა მეორე ადგილზე, პიასტრი კი 3-ჯერ.
მაკლარენი კოსტრუქტორთა დავას 559 ქულით ლიდერობს (ფერარი მეორეზეა 260 ქულით).
ოსკარ პიასტრი ინდივიდუალურ რეიტინგში პირველ ადგილზეა, ავსტრალიელს 284 ქულა აქვს. მისი ბრიტანელი თანაგუნდელი, ლანდო ნორისი, მეორეზეა (275 ქულა).
ლანდო ნორისი N4 (წინ) / ოსკარ პიასტრი N81 (უკან)
ფერარი მეორეა, რაც უფრო მტკივნეულია
სეზონის დასაწყისში ორმხრივი ოცნება ახდა. ლუის ჰამილტონი ფერარიში გადაჯდა, კარგი საინსი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის გამო გაუშვეს და უფრო კარგი ლეკლერი მეწყვილედ დაუტოვეს. ლუისი კვარცხლბეკზე საერთოდ არ დამდგარა, თუმცა რეგულარულად მოჰქონდა ქულები სკუდერია ფერარისთვის. ლეკლერი ერთხელ გავიდა მეორეზე, 4-ჯერ კი მესამეზე.
ფერარის პილოტები მთელი სეზონია ბოლიდს უჩივიან. შარლმა უნგრეთის შემდეგ თქვა, რომ ფერარი სრულიად უმართავია და ამ ბოლიდით კონკურენციაში შესვლა შეუძლებელია. ჰამილტონი არც თვითკრიტიკას აკლებს, საკუთარ თავს გამოუსადეგარი და ჩასანაცვლებელი უწოდა. ფაქტია, ფერარის ჩემპიონობის შანსი არ აქვს - ბოლიდი არც გამძლეა და არც სწრაფი.
ლუის ჰამილტონის მიღება ფერარიში
ფერსტაპენი ცდილობს, წვალობს...
4-გზის ჩემპიონი, ტრასის ყველაზე ქარიზმატული მესაჭე, 'სუპერ მაქსი' 2-ჯერ გახდა გრან პრის გამარჯვებული (იაპონიაში და იტალიაში), რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ რეალურად ფერსტაპენი ყველაზე სწრაფი პილოტია. 3-ჯერ ის მეორეზე გავიდა, ბოლიდი რომ მიჰყვებოდეს, ისევ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. რედ ბულმა მაქსს სეზონი გაუფუჭა. ნიდერლანდელი ინდივიდუალურ რეიტინგში მესამე ადგილზეა - მაკლარენის პილოტების შემდეგ.
მაქს ფერსტაპენის ფინიში იაპონიაში : 6 აპრილი
პირველი ნახევარი შეგვიძლია გამოვარჩიოთ ზაუბერის პილოტის, ნიკო ჰულკენბერგის პოდიუმზე ასვლითაც. გერმანელი პილოტი 15 წელი ელოდა ამ მომენტს. 6 ივლისს, დიდ ბრიტანეთში, ჰულკენბერგმა ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა.
ფორმულა1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით 1139 რბოლა ჩატარებულა და მხოლოდ 2-მა გუნდმა, ფერარიმ და მაკლარენმა მოახერხეს 200-ზე მეტი რაუნდის მოგება. ნარინჯისფრებისთვის უნგრეთი სწორედ მე-200 იყო.
ბრიუს მაკლარენი, 22 სხვადასხვა მრბოლელიდან პირველი იყო, ვინც გრან პრი მაკლარენით მოიგო - მან ეს 1968 წელს გააკეთა. გუნდის ყველაზე წარმატებული პილოტი აირტონ სენაა, რომელმაც თავისი კარიერის 41 გამარჯვებიდან, 6-ის გარდა ყველა მაკლარენის ბოლიდით მოიგო.
ლანდო და ოსკარი ტრიუმფისკენ მიდიან და დიდი ალბათობით, მაკლარენს ჩემპიონი პილოტი ისევ ეყოლება. რბოლების სერია 29-31 აგვისტოს, ნიდერლანდებში გაგრძელდება, იქამდე ყველა დაისვენებს.