მეფობა გადავარდა | კაცი, რომელსაც გერმანიის ფორმა აცვია
მეფობა გადავარდა | კაცი, რომელსაც გერმანიის ფორმა აცვია
"ოქროდ მიქციე, რასაც ხელს ვახლებ" - სთხოვა მიდასმა ღმერთს, ღმერთმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. 78 წლის ასაკში "კაიზერ მიდასი" გარდაიცვალა - კაცი, რომელმაც ყველაფერი ოქროდ აქცია, რასაც კი შეეხო. ფრანც ბეკენბაუერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანია, რომელსაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, არა იმიტომ, რომ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, სხვა რამეშია საქმე. საფეხბურთო შორტებს ჯიბეები რომ ჰქონოდა, მათში ხელჩაწყობილი ითამაშებდა და მაინც ყველაზე მაგარი იქნებოდა. ბეკენბაუერი უფრო ზღაპრის პერსონაჟია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ფრანცი, სრულიად არაგერმანულად, იღბლიან ვარსკვლავზე დაიბადა, როგორც Die Welt წერდა, ბეკენბაუერმა გერმანია უკეთეს ქვეყნად აქცია, განასახიერა ის ახალი თაობის გერმანელი, რომლის თვისებებიც საშუალო სტატისტიკურ გერმანელებში მიძინებული იყო. მანამდე მათ ეგონათ, რომ წარმატება მხოლოდ თავგადაკლული შრომისმოყვარეობით მოდის, კაიზერი კი, ამ წმინდად გერმანულ პედანტურობასთან ერთად სიხარულით სავსე, სპონტანური და თავისუფალი იყო. გერმანელებს ყოველთვის სურდათ, მათიანს ფეხბურთი ისე ეთამაშა, როგორც პელეს და თან მაინც გერმანელი ყოფილიყო - ბეკენბაუერი სადღაც ჩაფიქრებული მოვლენაა, ის არ გავს კაცს, რომელმაც დიდების მწვერვალზე ასასვლელად ბევრი იშრომა, დაიღალა და თავი გადადო - ის იყო ლიბერო ცხოვრებაში და ლიბერო მოედანზე.
ფრანც ბეკენბაუერი 1945 წელს დაიბადა, წარმოიდგინეთ დრო, როცა მთელი სამყარო ნაცისტური იდეოლოგიის დამარცხებას ზეიმობს და უდიდესი ნაწილისთვის გერმანელები კეთროვნებად იქცნენ, რომლებმაც ქვეყანას მანამდე უნახავი სიკვდილი მოუტანეს. პრინციპში, სწორედ ასეთ დროს გჭირდება ადამიანი, რომელიც ზუსტად შენნაირია, მაგრამ თან მთელ სამყაროს ეკუთვნის და არა მხოლოდ სამშობლოს. ვაჟას "კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმს" ამ ნაწილში მთლიანად ჩავსვამდი, მაგრამ რასაც ვგულისხმობ, თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ. Die Zeit-ის წერილში ითქვა, რომ ფრანც ბეკენბაუერი ომის შემდგომი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი, უდიდესი და ცნობილი გერმანელია. ამბობენ, მან გერმანელთა რეაბილიტაციაში, ნებსით თუ უნებლიედ, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინაო, ბურთით მოთამაშე კაცზე მეტი რა უნდა თქვან... მთვარეზე არ ყოფილა, რკინიგზა არ გაუყვანია და კომპიუტერი არ გამოუგონებია. რა ქნა ამ კაცმა ისეთი, რომ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულში ადგილი სულ დაბევებული აქვს და თანაც კაპიტნად?
პროფესიულად თამაში 18 წლის ასაკში დაიწყო, მიუნხენის ბაიერნი იყო მისი მშობელიც და შვილიც. ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდს 1959 წელს შეურთდა, როცა მხოლოდ 14 წლის იყო და მას შემდეგ ბავარიული გრანდის ისტორიაზეა გადაჯაჭვული. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ხვდები, გუნდი უფრო დიდია თუ ინდივიდი, რომელმა რომელს მისცა გაქანება?! მოდი ასე ვთქვათ, ბაიერნში ბეკენბაუერის სული ტრიალებს. დღეს, როცა ამ გუნდს ეთამაშები და გაშინებს, რაც სრულიად ბუნებრივია, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ თვალებში კაიზერს უყურებ, ის კი წარმოსადეგი, მშვიდი და თავისუფალია ყოველგვარი ზედმეტი ფიქრებისგან. 1966-67 წლების სეზონში ბეკენბაუერმა გერმანიის თასი მოიგო, 1967 წელს კი პირველი ევროპული ტიტული - თასების მფლობელთა თასი. გუნდის კაპიტანი 1968-69 წლების სეზონში გახდა და სწორედ ამ წელს მედიაში პირველად გაიჟღერა მისმა ზედმეტსახელმა „Der Kaiser“, რაც იმპერატორს, მეფეს ან კეისარს ნიშნავს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ის გერმანელმა ხალხმა ერის ლიდერად აირჩია და ისტორიაშიც სამუდამოდ ასე დატოვა. ლიბეროს (თავისუფალი მოთამაშის) შექმნაც სწორედ ამ წელს უკავშირდება, რეალურად ბეკენბაუერს არაფერი გამოუგონებია, უბრალოდ ისე თამაშობდა, როგორც იცოდა - ანუ თავისუფლად. ფრანცმა დაცვასა და შეტევას შორის ხერხემლის როლი მოირგო, ამპლუით ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ არავის ენახა, ხალხი გიჟდება, როცა ადამიანი ისეთ რამეს აკეთებს, რასაც თავად ვერასდროს გაბედავდნენ. გაგიჟების საფუძველი ნამდვილად ჰქონდათ, მიუნხენის ბაიერნთან ერთად ბეკენბაუერმა ზედიზედ 3 წლის განმავლობაში მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა (1974-1975-1976). ახლა მარტივია იმის ახსნა, რატომ უკანკალებთ „ალიანც არენას“ გვირაბიდან გამოსვლისას სტუმრებს ფეხები. ერთი შეხედვით, ეს მარადიული ისტორიაა, თუმცა დასაწყისი ყველაფერს აქვს და ამ ისტორიის დასაწყისი ფრანც ბეკენბაუერია.
ახლა ნაკრები - არც ერთ ფრონტზე, არც ერთი წამით, ბეკენბაუერს სისუსტე არ გამოუჩენია, ამიტომ ითვლება ის ღმერთის რჩეულად და არაჩვეულებრივ ადამიანად. 1966 წლის მუნდიალზე ის პირველად წარსდგა მსოფლიოს წინაშე და ყველა მატჩში ითამაშა, პირველივე შეხვედრაში შვეიცარიას დუბლი შეუსრულა და დასავლეთ გერმანიამ 5:0 მოიგო. მეოთხედფინალში ურუგვაისთან ისევ გაიტანა, ნახევარფინალში საბჭოთა კავშირთან გაგიკვირდებათ და ანგარიში 2:0 გახადა. როგორც ამბობენ, ფინალში „უემბლიზე“ ბობი ჩარლტონმა და ბეკენბაუერმა ერთმანეთს უდარაჯეს, ინგლისმა საკუთარ მოედანზე ეს თამაში დამატებით დროში მოიგო და პირველად და უკანასკნელად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კაიზერმა ბომბარდირებში მესამე ადგილი დაიკავა - კაცმა, რომელიც ცენტრალურ მცველად თამაშობდა.
1970 წლის მსოფლიოზე, „საუკუნის თამაშში“, იტალიასა და დასავლეთ გერმანიას შორის, ბეკენბაუერმა მხარი ამოიგდო - იცით რა ქნა? მკლავი კისერზე ჩამოიკიდა და თამაში გააგრძელა. იტალიელებმა ის შეხვედრა 4:3 მოიგეს, გერმანელებმა კი ურუგვაის დამარცხებით ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
1971 წელს ბეკენბაური ნაკრების კაპიტანი გახდა, 1972 წელს კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამას მოჰყვა ტრიუმფი 1974 წლის მსოფლიოზე, ბეკენბაური უკვე ცოცხალი ლეგენდა იყო, კრუიფი თავისი ტოტალური ფეხბურთით გააქრო და თავის ქვეყანას დიდება მოუტანა. როგორც ფეხბურთელმა, ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა და ეს განსაკუთრებული თამაშის მანერით გააკეთა, თავისი გამოგონებული სათამაშო პოზიციით და ისეთი მიხვრა-მოხვრით, თითქოს მეჯლისზე ქალს თავს აწონებდა.
1990-ში გახდა ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგშიც მოიგო (მანამდე მარიო ზაგალომ, შემდეგ კი ეს დიდიე დეშამმა მოახერხა). კაიზერი ყველაფერში ამტკიცებდა, რომ უნაკლო იყო - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეფასებულია როგორც „ჯადოსნური ზაფხული“, ეს სახელი საორგანიზაციო საკითხების აბსოლუტური მოწესრიგებულობით დაიმსახურა, სად და ვინ ჩაატარა ეს მუნდიალი? - რა თქმა უნდა, გერმანიამ და საორგანიზაციო საკითხები საკუთარ თავზე აღებული ფრანც ბეკენბაუერს ჰქონდა. ასეთი მოწესრიგებული ტურნირის შემდეგ, გამოცემები გაოცებით წერდნენ, რომ ყველა დიდი ჩემპიონატი გერმანიაში უნდა ტარდებოდეს.
გერმანიამ საკუთარი უკანასკნელი კაიზერი 78 წლის ასაკში დაკარგა. ისე მოკვდა, როგორც ცხოვრობდა და როგორც თამაშობდა, მშვიდად და წვალების გარეშე - ძილში. ლეგენდის სახელს პატარა ჩრდილი მაინც მიადგა, როცა 2006 წლის მუნდიალის ჩატარების უფლების მოპოვებაში სიტყვა „თაღლითობასთან“ ერთად ახსენეს, მაგრამ ამ ამბავზე შეგნებულად არ ვწერ, კაცს ცხოვრებაში ყველაფერში უმართლებდა და ...