Belive
3 თვის წინ

საუკეთესო მატჩი ჩვენს ისტორიაში

საუკეთესო მატჩი ჩვენს ისტორიაში

საქართველოს ნაკრებს ჰქონია დაუვიწყარი შეხვედრები - თუმცა ისეთი, მხოლოდ გამონათებად რომ დარჩა. რასაც ახლა ვუყურებთ და რა პროცესსაც გავდივართ, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: თვალყურს განვითარებად პროცესს ვადევნებთ და ისტორიაში, ასეთი ძლიერი ნაკრები არასოდეს გვყოლია.

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში, კოკისპირულ წვიმაში, ესპანეთმა მიწაზე დაგვანარცხა და ანგარიშით 1:7 დაგვამარცხა. ამ დღეს მოხდა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი რამ: ქოლგებისა და საწვიმრების გარეშე მყოფმა, გალუმპულმა გულშემატკივარმა არც დაუშვა, რომ სტადიონი უნდა დაეტოვებინა და სანაცვლოდ, დიდი ანგარიშით დამარცხებულ ნაკრებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, უშანსოდ დამარცხებულ გუნდს ტაში დაუკრა და და ყველაზე მტკივნეულ მომენტში გვერდით დაუდგა. ეს იყო დაუვიწყარი რამ, You'll Never Walk Alone-ის ქართული ვერსია, დღე, როდესაც ქართული ფეხბურთი ხელახლა დაიბადა.

მაშინ ვწერდი, რომ ჯერი ბიჭებზე იყო, მაგრამ შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი. ჩვენი ბიჭების დამსახურებით, დაუჯერებელი ვირწმუნეთ და დიდი გამარჯვება გავიხსენეთ, ისტორიაში პირველად ვუქომაგეთ დიდ ტურნირზე ჩვენს გუნდს და მერვედფინალში, ევროპის მომავალ ჩემპიონთან დამაჯერებლად ვითამაშეთ. ჩეხეთთან მატჩის წინ, ქოჩორაშვილმა თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატი უკვე დასრულებული ამბავი იყო და რომ ჩვენი ყურადღება აწმყოსა და მომავალზე უნდა მიგვეპყრო. კარგად გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენია მისი სიტყვები. "საქმემან შენმან გამოგაჩინოს" - ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ყველაფერი შედეგშია ასახული: 4:1, განადგურებული მეტოქე და დასტური იმისა, რომ გერმანიაში მომხდარი შემთხვევითობა არ იყო, არაფერი დაგვსიზმრებია და რომ მართლაც, ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა მაინც თავბრუდამხვევი სისწრაფით, დამარცხებულის იარლიყი ჩამოვიხსენით და ევროპაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ნაკრებად ჩამოვყალიბდით.

ჩეხეთთან მატჩში, საუკეთესო საქართველოს ნაკრები ვნახეთ: დომინანტური, სანახაობრივი და შედეგიანი ფეხბურთის მოთამაშე, რომელსაც საკუთარი საჯარიმოდან მშვიდად, დაბალი გადაცემებით ამოაქვს ბურთი, უძლებს მეტოქის პრესინგს და აუღელვებლად პოულობს თავისუფალ სივრცეებს შეტევის გასაშლელად და დასაგვირგვინებლად. ლეტალურია სწრაფი კონტრშეტევები, სადაც მიქაუტაძის მობილურობა და ზუსტი დარტყმები, კვარაცხელიას შეუდარებელი ტექნიკური არსენალი და ორიგინალური გადაწყვეტილებები, ჩაკვეტაძის დრიბლინგი და დროული გადაცემები გვაძლევს საშუალებას, გავტეხოთ ნებისმიერი კალიბრის დაცვის ხაზი. ჩვენ არასდროს გვყოლია კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის დონის ტრიო, რომელსაც თანაბარი წარმატებით გამოსდის ართმევა, ბურთის დაჭერა, განაწილება თუ შეტევაში სწრაფი ტრანზიცია.

ჩეხებს პირველად, ჰამბურგში ვეთამაშეთ. კიტეიშვილი ტრავმირებული იყო, ჩაკვეტაძე კი მოედანზე მოგვიანებით ჩაერთო. ამან მისცა ჩეხეთს საშუალება, რომ ბურთი დაეჭირა და მატჩიც ივან ჰაშეკის გუნდის კარნახით მიდიოდა. უწყვეტი მაღალი ჩაწოდებები ჩვენს საჯარიმოში, არეულობა და გმირად მოვლენილი გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 11 სეივი შეასრულა. იმ მატჩისგან განსხვავებით, ცხადი იყო, რომ თბილისში ბურთზე მეტი კონტროლი გვექნებოდა. სტატისტიკურად, არაფერი შეცვლილა, ჰამბურგშიც და თბილისშიც 45% იყო ჩვენი ბურთის ფლობის მაჩვენებელი, მაგრამ მოედანზე კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის ყოფნამ ავტომატურად ყველაფერი შეცვალა. ჩვენი ნახევარდაცვის პასის სიზუსტის მაჩვენებელი იყო შეუდარებელი: ქოჩორაშვილს 89% (39/44), კიტეიშვილს 91% (40/44), ჩაკვეტაძეს კი 96% (25/26) ჰქონდა.

ჩვენ ვიხილეთ საოცარი გოლები. კვარაცხელიას აუღელვებელი პენალტი, ჩაკვეტაძის სოლორეიდი, გოლს მოწყურებული მიქაუტაძის გალაღება და ჩაკვე-ქოჩორაშვილის გენიალური გოლი, რომელმაც ყიფიანი-გუცაევის კომბინაცია გაგვახსენა. ყველა გოლი ერთმანეთს სჯობდა, თუმცა მესამე თვალიდან არ ამომდის. მამარდაშვილი ბურთს უგორებს კიტეიშვილს, საჯარიმოდან დაბალი პასით ამოვდივართ და აქ კიტეიშვილის როლი და მნიშვნელობა მარტივად იკითხება. ბურთი მშვიდად დაგორავს და პრესინგს ვუძლებთ. გვაქვს თავდაჯერება, სიმშვიდე, სილაღე. მეტოქეს წინ მოვიტყუებთ და კაკაბაძე მაღალ ბურთს გადაკიდებს მოცარიელებულ ცენტრში, რასაც კვარას მაღალი კლასის დამუშავება და ჩაკვეს ფლანგზე გაგრძელება მოჰყვება. ლოჩოშვილის ჩაბზრიალება საჯარიმოში და მიქაუტაძის უზუსტესი შესრულება. სიმშვიდე, კლასი, პროფესიონალიზმი, სანახაობა, შედეგი. საოცნებო ფეხბურთი და საუკეთესო მატჩი ჩვენს ისტორიაში.

წინ მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალი რთული გზაა და ეიფორიას არ უნდა მივეცეთ - ეს ვილი სანიოლმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ყველაზე კარგად იცის. მთავარია, ზუსტად გავიაზროთ და დავაფასოთ ის მოცემულობა, რომ სტაგნაცია დასრულებულია, რომ ლეგენდა ქართული ფეხბურთის შესახებ მითოლოგიური ზღაპარი არაა - ეს არის რეალობა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა