ლეიკერსმა ოვერტაიმში გაიმარჯვა - მილუოკი კვლავ დამარცხდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფში, მორიგი სანახაობრივი მატჩები გაიმართა.
მაიამიში, "Kaseya Center"-ში, "მაიამისა" და "მილუოკის" შორის გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 119:114 დასრულდა. "ჰიტის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა დაიდო. ჯიმი ბატლერი პარკეტზე გამორჩეული იყო და 56 ქულასთან ერთად, 9 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვებაც შეძლო.
"მილუოკის" გუნდის ლიდერი - იანის ანტეტოკუნმპო დაუბრუნდა. იანისმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა და პირველი შეხვედრაში სამმაგი დუბლი (26 ქულა, 10 მოხსნა, 13 ასისტი) გაიფორმა, თუმცა "მილუოკი" მარცხისგან ვერ იხსნა.
მოპოვებული გამარჯვების შედეგად, "მაიამიმ" სერიაში უპირატესობა განიმტკიცა და "მილუოკის" 3:1 ამარცხებს.
ლოს ანჯელესში არანაკლებ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გაიმართა. "Crypto.com Arena"-ზე "ლეიკერსმა" "მემფისის" დამარცხება ოვერტაიმში შეძლო (117:111).
"ლეიკერსს" კვლავ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 45:28 წუთში 22 ქულის, 20 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "მემფისის" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა დესმონდ ბეინმა, რომელმაც 36 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" სერიაში 3:1 დაწინაურდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა.