იანისი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, "მილუოკისა" და "მაიამის" დაპირისპირება შედგა. მილუოკიში, "Fiserv Forum"-ზე გამართული დრამატული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 126:128 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროის ფრედ (118:118) დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც "მაიამიმ" უკეთ იასპარეზა.
"მილუოკი ბაქსის" ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ 38 ქულის, 20 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "მაიამის" კვლავ ჯიმი ბატლერმა ულიდერა (42 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი).
სერია "მილუოკის" გამანადგურებელი ანგარიშით მარცხით (1:4) დასრულდა და "ბაქსი" საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იანის ანტეტოკუნმპო ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
რეპორტიორის კითხვაზე - "თვლით თუ არა წლევანდელ სეზონს წარუმატებლად?" იანისმა შემდეგი პასუხი გასცა: "ღმერთო ჩემო. ერიკ, გასულ წელსაც იგივე კითხვა დამისვი. კარგი, ასე გიპასუხებ: სამსახურში ყოველწლიურად გაწინაურებენ? არა. აქედან გამომდინარე შენი ყოველწლიური შრომა წარუმატებელია? შრომობ თავდაუზოგავად, რათა გქონდეს უკეთესი პოზიცია და შენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთ, შეიძინო სახლები მათთვის ან იზრუნო შენს მშობლებზე. შენ შრომობ მიზნის მისაღწევად და ეს არ არის წარუმატებლობა. მაიკლ ჯორდანი 15 წელი თამაშობდა და ჩემპიონის ტიტულს ექვსჯერ დაეუფლა. გინდა მითხრა, რომ 9 წელი წარუმატებელი იყო? ეს არის ნაბიჯები წარმატებისკენ. ცუდ კითხვას მისვამ - მარცხი არ ნიშნავს წარუმატებლობას".