Belive

World Rugby-მ რუსეთი და ბელორუსი საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
World Rugby-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი და ბელორუსი საერთაშორისო ტურნირებზე ვეღარ იასპარეზებენ. აღნიშნული სანქცია, როგორც სანაკრებო - ასევე საკლუბო დონეზე ვრცელდება. რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, World Rugby კიდევ ერთხელ გმობს და სრულიად მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებას უერთდება. FIFA-ს, UEFA-ს, FIBA-ს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის სანქციების კვალდაკვალ, მსოფლიო რაგბიმ რუსეთსა და ბელორუსს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. "World Rugby კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელორუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას. რაგბის გლობალური ოჯახი გაერთიანებულია და სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ამ ყოვლად შემაშფოთებელი ქმედებით დაზარალდა. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას და მშვიდობის აღდგენას ვითხოვთ". "World Rugby-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაგბის ოჯახის დასაცავად დაუყონებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციების შესაბამისად კონფლიქტის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს".
  • “რუსეთსა და ბელორუსს ეკრძალება საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება, როგორც სანაკრებო – ასევე საკლუბო დონეზე”.
  • “რუსეთის რაგბის კავშირს დაუყოვნებლივ შეუწყდეს მსოფლიო რაგბის წევრის სტატუსი”.
“აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის ღირებულებების გათვალისწინებით – სოლიდარობის, ერთიანობისა და პატივისცემის ინტერესებიდან გამომდინარე. მსოფლიო რაგბი უკრაინის რაგბის კავშირთან აქტიურ კონტაქტზეა და ქვეყნის სარაგბო საზოგადოებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, – აღნიშნულია მსოფლიო რაგბის განცხადებაში.

სხვა სტატიები