ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაქვეითდნენ
რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე რეიტინგი განახლდა.
ავსტრალიასთან 20-ქულიანი მარცხი, რეიტინგზე ნეგატიურად აისახა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ავსტრალიასთან მატჩამდე მე-11 პოზიციაზე იმყოფებოდა, მე-13 პოზიციაზე დაქვეითდა. 2 საფეხბურით ვარდნა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ბორჯღალოსნებმა 1.91 სარეიტინგო ქულა დაკარგეს.
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველი ტურის შეხვედრაში, ავსტრალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გამართული მატჩი ბორჯღალოსნებმა მძიმედ დაიწყეს - დისციპლინარულ გადაცდომებთან ერთად, რამდენიმე დასანანი შეცდომაც დაუშვეს და მეტოქეს სოლიდური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცეს.
ავსტრალიისა და საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი "ვოლაბების" გამარჯვებით 21:3 დასრულდა. ბორჯღალოსნები მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საწყის 15 წუთიან მონაკვეთში, ავსტრალიას დიდი თავისტკივილი გაუჩინეს. მეორე ტაიმი ასევე ავსტრალიის გამარჯვებით 14:12 დასრულდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 35:15 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგება. მატჩი 23 სექტემბერს, ტულუზაში გაიმართება.