"ვეცდებით ჩვენი თამაში იდეალურამდე მივიყვანოთ" - ლუკა მატკავა
3 თვის წინ
რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "შავი ლომისა" და ესპანური "იბერიანსის" დაპირისპირება შედგება. მატჩი 28 სექტემბერს, 18:30 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.
"იბერიანსთან" გასამართი მატჩის წინ, რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, ლუკა მატკავასა და ლუკა ივანიშვილის კომენტარი გავრცელდა. ქართული ფრენჩაიზის კაპიტნებმა იმედი გამოთქვეს, რომ მატჩის ჩატარება სავსე ტრიბუნების ფონზე მოუწევთ.
რაგბი ევროპის სუპერ თასს ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ. კარგი თამაშები ჩავატარეთ, თუმცა ყველას გვაქვს განცდა, რომ მეტის პოტენციალი გვაქვს. ნელ-ნელა ეს ჩვენი თამაშის ხარისხზე და შედეგებზეც ისახება. დაგვემატნენ ძალიან მაგარი ბიჭები, შევიკარით ერთ გუნდად და ეს საქმეს გვიიოლებს. ასევე დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, როგორც შარშანდელი ჩელენჯ თასიდან, ასევე სანაკრებო თამაშებიდან და სუპერ თასზე ბევრად უფრო მარტივად გამოგვდის ყველაფერი. ვფიქრობ, ჩელენჯ თასს კარგ კონდიციაში შევხვდებით და დიდ თამაშებშიც შევძლებთ იმ ყველაფრის სათანადოდ გადატანას, რაზეც ვვარჯიშობთ.
საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გულშემატკივარია და სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს ვისურვებდი. მობრძანდით და ისიამოვნეთ. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ პატარ-პატარა დეტალები დავხვეწოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და ჩვენი თამაში იდეალურამდე მივიყვანოთ, რათა ჩელენჯ თასს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო უკეთ მომზადებული შევხვდეთ. მოგების საკითხი არც განიხილება! ასევე ვფიქრობ, რომ ის ბიჭებიც მიიღებენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას, რომლებსაც განვლილ ორ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცათ. - ლუკა მატკავა.
კომენტარი გააკეთა ლუკა ივანიშვილმაც, რომელმაც დებიუტანტებისა და განვლილი მატჩების შესახებ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ნახევარი შეიცვალა გვყავს დებიუტანტები, კარგი თამაშები ჩავატარეთ. ორივე თამაშის მეორე ტაიმში გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორებაზეც ვმუშაობთ და შევეცდებით ჩელენჯ თასს მზადყოფნაში შევხვდეთ, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
როდესაც სუპერ თასზე ვთამაშობთ, ვიცით რომ მეტოქეებზე ბევრად ძლიერი გუნდი ვართ და ვცდილობთ მათთან მიმართებაში ყველა ასპექტში ორი თავით მაღლა ვიდგეთ. ‘შავი ლომი’ ახლა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მანამდე იყო, რაც თამაშებმაც დაგვანახა. კოკერილს ზუსტად ისეთი მიდგომა აქვს, როგორიც ნაკრების მიმართ. ვარჯიშები, თამაშის ტემპი ასეთივე სტანდარტისაა, რასაც ნაკრების მოთამაშეები მიჩვეული ვართ და მას ახალბედებიც ეჩვევიან.
გვაქვს მოლოდინი, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც განვლილ ორ შეხვედრაში გვქონდა. მთელი 80 წუთის განმავლობაში ისე უნდა გავისარჯოთ, როგორც დავიწყებთ. ვმუშაობთ პატარ-პატარა დეტალების გამოსწორებაზე, რათა წუნი მინიმუმამდე დავიყვანოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ. ვითამაშებთ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რომლისგანაც ძალიან დიდ მუხტს ვიღებთ. ისინი ჩვენგან დამაჯერებელ გამარჯვებას ელიან და ვეცდებით იმედი არ გავუცრუოთ. - ლუკა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის სუპერ თასი 2021 წლიდან მიმდინარეობს და განვლილი 3 სეზონის გამარჯვებული "შავი ლომი" გახდა. ქართული ფრენჩაიზი მიმდინარე სეზონშიც დამაჯერებლად ასპარეზობს და ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩის დიდი სხვაობით მოგება შეძლო.