"გმირი მატკავა და შავი ლომის შოკისმომგვრელი გამარჯვება" - RUGBYPASS
"ჩელენჯ ქაფის" 2024/25 წლების სეზონი, "შავი ლომისთვის" ბრწყინვალედ დაიწყო. ქართულმა ფრენჩაიზმა "ვანსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 22:19 გაიმარჯვა - აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "შავმა ლომმა" საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელი კლუბი დაამარცხა.
ქართული ფრენჩაიზის ისტორიულ გამარჯვებას ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა, RUGBYPASS გამოეხმაურა, რომელმაც მატჩის გმირად ლუკა მატკავა დაასახელა.
"ჩელენჯ ქაფის" 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში გარკვეული შოკი მივიღეთ, როდესაც "შავმა ლომმა" ტოპ 14-ის წარმომადგენელი ისტორიაში პირველად დაამარცხა და "ვანსის" წინააღმდეგ, რომელიც თბილისში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშის გარეშე ჩავიდა, 22:19 გაიმარჯვა.
ჯონათან რუსუ, სალესი რაიასი და მაკო ვუნიპოლა, "ლა როშელთან" მოპოვებული გამარჯვების დროს დაშავდნენ და რეაბილიტაციას გადიან, რათა "ვანსს" ტოპ 14-ში დასარჩენ ბრძოლაში დაეხმარონ.
ლუკა მატკავა მატჩის გმირი გახდა. მან 17 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთავარი არბიტრის, სტეფანო როსინის საფინალო სასტვენის შემდეგ, ქართულ ფრენჩაიზს გამარჯვება ეზეიმა. რიჩარდ კოკერილის გუნდი, მატკავას ჯარიმით სწრაფად დაწინაურდა, პირველი ტაიმის ბოლოს კი აკა ტაბუცაძემ მეტოქე დაალელოვა. მეორე ტაიმში კლუბებს ლელოები აღარ გაუტანიათ, მაგრამ დამრტყმელებმა ზუსტად შეასრულეს ჯარიმები. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მატკავამ გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე გიორგი სინაურიძემ მეტოქეს ბურთი ამოაცალა და "შავ ლომს" ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.
"ჩელენჯ ქაფზე" სადებიუტო სეზონის შემდეგ, "შავმა ლომმა" მეორე გამარჯვება მოიპოვა. გასულ წელს ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში "სკარლეტსი" დაამარცხა, რომელსაც "ჩელენჯ ქაფის" მიმდინარე სეზონის მეორე ტურში კვლავ დაუპირისპირდება.