"ვერ ვიტყვი, რომ ასეთი სხვაობით გამარჯვებას ველოდი, თუმცა, საკუთარი ძალების გვჯეროდა" - ლევან მაისაშვილი
2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი პირველი ტესტ-მატჩი ბორჯღალოსნებმა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს.
თბილისში, "მიხეილ მესხზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი 56:6 დაამარცხა, რაც ორი ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, საუკეთესო შედეგია.
დაპირისპირება რეკორდული გამოდგა ინდივიდუალური თვალსაზრისითაც - აკა ტაბუცაძემ ბორჯღალოსნების კვართით 28-ე ლელო გაიტანა, ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს გადაასწრო და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საუკეთესო მელელოვე გახდა.
რუმინეთთან გამართული ისტორიული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის პრესკონფერენცია გაიმართა.
ინტენსიური 7-კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ვერ გეტყვით, რომ ასეთი სხვაობით
გამარჯვებას ველოდი, თუმცა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავით და გვჯეროდა, რომ რუმინეთის დამარცხებას შევძლებდით. მთავარია ხარისხი და არა ქულათა სხვაობა, რისთვისაც აქტიურად ვშრომობთ. გვინდა ეს გამარჯვება შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს მივუძღვნათ.
მომდევნო მატჩისთვის როტაციას აუცილებლად მივმართავთ, რადგან მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ტესტ-მატჩებია. თედო აბჟანდაძეს, ბექა გორგაძესა და ბექა საღინაძეს მცირე ტრავმები აწუხებთ და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათ აშშ-ს წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ. იმედი მაქვს 26 აგვისტოს, შოტლანდიის წინააღმდეგ მოედანზე გასვლას ერთ-ერთი მათგანი მაინც შეძლებს, თუ არადა მსოფლიო თასის დაწყებამდე წინ კიდევ დაახლოებით 2-კვირიანი პერიოდი გვექნება და ვფიქრობ ყველა მწყობრში იქნება.
ვულოცავ აკაკი ტაბუცაძეს სარეკორდო ლელოს
გატანას. ძალიან ცოტა დააკლდა, რომ მატჩის
ბოლოს კიდევ ერთი ლელო გაეტანა და 29 მატჩში გატანილი 29 ლელო დაეგროვებინა. - ლევან მაისაშვილი
პირველ რიგში მინდა იმ უდიდეს ტრაგედიას გამოვეხმაურო, რაც შოვში მოხდა - ეს არის სრულიად საქართველოს ტკივილი და უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ.
წინა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდისგან განსხვავებით, ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვართ და განსხვავებით იმ დროისგან, როდესაც პირველივე მოსამსაზებელ მატჩში იყო ტრავმიანობა, ახლა სულ სხვა სიტუაციაა. მაღალი დონის ფიზიკური მზაობა დღევანდელ მატჩზეც აისახა.
რაც შეეხება გულშემატკივრების დასწრებას. ხშირად მიწევს თხოვნა, რომ გულშემატკივრები მოვიდნენ და სტადიონი გაავსონ, რაც ჩვენ კიდევ უფრო დიდ მუხტს გვაძლევს. ამ მიმართვების მიუხედავად, სტადიონი მაინც ვერ შევავსეთ, ამიტომ ახლა ვცდი და ვიტყვი: არ მოხვიდეთ.
მატჩის წინ მოთელვაზე, რომ გავდიოდით მსურდა, რომ ბოლომდე შევსებული ტრიბუნები თუ არა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი დამენახა. მინდა მივმართო გულშემატკივრებს, რომ მათი მოედანზე ყოფნა ჩვენ გვაძლიერებს. - მერაბ შარიქაძე
გულშემატკივრების დასწრების აუცილებლობას, ლევან მაისაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც მაგალითად უელსთან გამართული მატჩი მოიყვანა.
უდიდესი მუხტია სავსე სტადიონზე თამაში. უელსისთვის ჩვენ ისეთივე მეტოქე ვართ, როგორიც ჩვენთვისაა რუმინეთი და აშშ, თუმცა, კარდიფში, "პრინსიპალიტი" სრულად იყო შევსებული. გულშემატკივრები მივიდნენ სტადიონზე, არა იმისთვის, თუ ვინ იყო უელსის მეტოქე, არამედ მათი ნაკრების საყურებლად და საგულშემატკივროდ. - ლევან მაისაშვილი
შეგახსენებთ, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეორე ტესტ-მატს აშშ-ს წინააღმდეგ, 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, კვლავ მიხეილ მესხზე გამართავს. დასკვნითი მატჩი კი 26 აგვისტოს, ედინბურგში, შოტლანდიის წინააღმდეგ შედგება.