Belive

ტოპ 14 | საღინაძემ ლიდერს გაუტანა

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის "ლიონს" ზაფხულში პრო დე2-ის "ორიაკიდან" შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა. "ტულუზი" "ლიონს" ექვსიდან ექვსი მოგებით ეწვია. საღინაძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მე-15 წუთზე ის მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში, ბურთი 5-მეტრიანთან მიიღო, ერთი ბოჭვა აირიდა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. მასპინძლებმა თამაში 25:19 მოიგეს და 21 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. "ტულუზი" 26 ქულით კვლავ ლიდერია. "ლიონის" რიგებში 71-ე წუთიდან ითამაშა დავით ნინიაშვილმა. "ბრივი" "ლა როშელს" დაუხვდა და მწირქულიან მატჩში 6:8 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში წვლილი გურამ პაპიძემაც შეიტანა, რომელმაც პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა შესვენებისას შეცვალეს. 'ბრივის" სასტარტოში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს კვაჭი ვანო კარკაძე. 48-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა. სტუმრად "კასტრთან" ვერაფერს გახდა "ბიარიცი" – 20:38. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, ხოლო ბასკთა ძირითადში სამი ქართველი იყო – გიორგი ნუცუბიძემ 56 წუთი ითამაშა, თორნიკე ჯალაღონიამ 61, ხოლო ლუკა აზარიაშვილმა 73. "პომ" "ბორდო" მიიღო, დებიუტში სოლიდურად ჩამორჩენის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლა და ნუგეშის ქულას გამორჩა – 33:37. ბექა გორგაძემ მასპინძელთა რიგებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. "სტად ფრანსე" "პერპინიანს" ეწვია, 77-ე წუთზე გამარჯვების ჯარიმა გაიტანა და შინ 4 ქულით დაბრუნდა – 23:22. პარიზელთა ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მათი მეორე ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. მასპინძელთა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 32-ე წუთზე შეცვალეს და 47-ეზე თამაშში დააბრუნეს. კიდევ ერთი პარიზული კლუბი "რასინგ 92" ტულონს" ეწვია, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 27:20 გაიმარჯვა. ტულონელთა ძირითადში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს ბექა გიგაშვილი. სტუმართა რიგებში 58-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში გია ხარაიშვილი.

სხვა სტატიები