Belive

Tier 2 Rugby: ნინიაშვილი საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ უნდა დასახელდეს!

2 წლის წინ რაგბი
4 წთ

გავლენიანი სარაგბო ვებგვერდი Tier 2 Rugby მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოს (World Rugby) მოუწოდებს, რომ მეორე ეშელონის ერებს მეტი ყურადღება დაეთმოთ.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, Tier 2 Rugby წლის ბოლოს გასამართ გალა-დაჯილდოვებას ეხმაურება და მსოფლიო რაგბის მოუწოდებს, რომ Tier 2-ის ერების წარმომადგენლებს გაწეული შრომა დაუფასონ. ვებგვერდის აზრით - საუკეთესო მწვრთნელად, საუკეთესო ლელოს ავტორად და საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ, მეორე ეშელონის ერების წარმომადგენლები უნდა დასახელდნენ. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით სასიხარულაო ის გარემოება, რომ Tier 2 Rugby წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბის პოზიციაზე დავით ნინიაშვილს ასახელებს.
"ძვირფასო მსოფლიო რაგბი, თუ მომავალ დაჯილდოვებაზე ურუგვაელ პაბლო ლემოინს წლის საუკეთესო მწვრთნელად, ჩილელ როდრიგო ფერნანდესს წლის საუკეთესო ლელოს ავტორად და ქართველ დავით ნინიაშვილს წლის საუკეთესო ახალგაზრდა (U20) მორაგბედ არ დაასახელებთ, ვიფიქრებთ, რომ პირველი ეშელონის ერების მიღმა არანაირ მიღწევას არ აღიარებთ", - აღნიშნულია Tier 2 Rugby-ს პოსტში.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" რიგებში, ნინიაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ევროპის “ჩელენჯ ქაფზე” “ლიონის” ტრიუმფალური სვლის დროს, ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა (ჯგუფურ ეტაპზე, “პერპინიანისა” და 1/4-ფინალში, “გლაზგო უორიორსის” წინააღმდეგ, სადაც ორი ლელო მიითვალა). ნინიაშვილმა “ლიონში” სრულყოფილად დაიმკვიდრა თავი, სადაც თავდაპირველად აკადემიის მორაგბედ განიხილებოდა და 2021/22 წლების სეზონში, ესპუარების გუნდში უნდა ეასპარეზა. ნინიაშვილი ძირითად გუნდში დამკვიდრდა – ტოპ 14-ში 10-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ევროსარბიელზე, “ლიონის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. შედეგად, ფრანგულმა კლუბმა მას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი ლელოების დადებაც შეძლო. მაგალითად, “რასინგ 92”-ის წინააღმდეგ, 78-ე წუთზე დადებული გამარჯვების მომტანი ლელო და “გლაზგო უორიორსის” წინააღმდეგ დადებული ორი ლელო. სეზონის ბოლოს, “ბარბაროსებმა” ნინიაშვილს “ტვიქენჰემზე”, ინგლისის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის უხმეს. (დავით ნინიაშვილი და ბექა გიგაშვილი გახდნენ მე-10 და მე-11 “ბორჯღალოსნები”, რომელთაც “ბარბაროსების” კვართი მოირგეს. ინგლისი “ბააბასთან” 21:52 განადგურდა და ნინიაშვილმა თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა). რაც შეეხება ივლისის სანაკრებო ტესტ-მატჩებს - დავით ნინიაშვილმა "ბორჯღალოსანთა" რიგებში ფანტასტიურად იასპარეზა და იტალიის წინააღმდეგ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. ახალგაზრდა ქართველი ფულბეკის ბრწყინვალე გარღვევებს თედო აბჟანდაძის ორი ლელო მოჰყვა. ნინიაშვილმა არგენტინა XV და პორტუგალია დაალელოვა და საზაფხულო მატჩები ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა! პრაქტიკულად ყველა გავლენიანმა სარაგბო გამოცემამ, დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტ-მატჩების სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, ხოლო The Guardian-მა ის 6 საუკეთესო მორაგბეს შორის დაასახელა.

სხვა სტატიები