შეცდომები, რომელიც მარცხის ფასად დაგვიჯდა და რომელზეც არავინ საუბრობს
30 სექტემბერს, ბორდოში, "მატმუტ ატლანტიკზე", ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება გაიმართა. ავსტრალიასთან განცდილი მარცხისა და პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნები ფიჯისთან ბოლო წუთამდე იბრძოდნენ, მაგრამ 5-ქულიანი სხვაობით 17:12 დამარცხდნენ.
ბორჯღალოსნები დამარცხდნენ, თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრად მიაწვა და ფიზიკურად უძლიერესი ფიჯის გაჩერება შეძლო. სამართლიანობისთვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ მფრინავი ფიჯელების ფიზიკურ მონსტრებს ავსტრალიამ ვერაფერი დაუპირისპირა, უელსი კი დასკვნითი 20 წუთის განმავლობაში საკუთარი 22-დან არ გამოსულა.
ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი იდეალურად დაიწყეს - მეტოქე თამაშის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და შეჯგუფებებსა და ღია თამაშში, ფიჯის განეიტრალება შეძლეს. ერთადერთი, ვინც ბორჯღალოსნებმა ვერ გაანეიტრალეს, მატჩის მთავარი არბიტრი - ინგლისელი კარლ დიქსონი აღმოჩნდა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბორჯღალოსნებს არ მოეგოთ.
რაგბი სპორტის ის სახეობაა, სადაც მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ საჩივრდება და მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე მწვავედ არ საუბრობენ, თუმცა, ის, რაც კარლ დიქსონმა გააკეთა გულშემაკივარს გულგრილს ვერ დატოვებს.
მატჩის ინგლისელმა არბიტრმა მინიმუმ 10 უხეში შეცდომა დაუშვა, რამაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო და საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც - ბორჯღალოსნები ბრძოლაში დამარცხდნენ, მაგრამ მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. "მატმუტ ატლანტიკზე" მყოფი გულშემატკივარი და ასევე, 80 წუთიანი დრამის ტელეეკრანებთან მაყურებლებიც დამეთანხმებიან, რომ ფიჯელები არც უხეშობას ერიდებოდნენ, არც მაღალ ბოჭვებს და არც რაქში მხრით გადაყრებს - მათი წინ პასები დიქსონს შეუმჩნეველი რჩებოდა, ბორჯღალოსნების მიერ წესების სრული დაცვით გატანილი ლელო კი მოედანზევე გააუქმა და თან ისე, რომ ვიდეო გამეორების სისტემაც არ იხმო....
გთავაზობთ კარლ დიქსონის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების კოლაჟს, რომლის შემხედვარე, რაგბის დამწყები თუ სტაჟიანი გულშემატკივარი თანაბრად შეიტანს ეჭვს არბიტრის კომპეტენციაში. რიგ ეპიზოდებში დიქსონმა სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილებები მიიღო, რაც ბორჯღალოსნებს მარცხის ფასად დაუჯდა. ჩვენთან ერთად კი ავსტრალიაც დაზარალდა, რომლის შანსებიც ფიჯისა და საქართველოს მატჩზე იყო დამოკიდებული.
დიქსონის "სასწაულებს" უკომენტაროდ გთავაზობთ - თავად განსაჯეთ, რამდენად სამართლიან მატჩში დავმარცხდით...
მარცხის მიღმა სამწუხარო გარემოება კი ისაა, რომ ინგლისელი არბიტრის უგუნურ ქცევებს საერთაშორისო მედიაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა პირებმა შესაბამისი ზომები არ მიიღეს და არბიტრი, რომელმაც პრინციპულ მატჩში მინიმუმ 10 უხეში შეცდომა დაუშვა, დაუსჯელი დარჩა.
ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ავსტრალიური გამოცემა The Roar არის, რომელმაც მატჩის დასრულებისთანავე პუბლიკაცია შემდეგი სახელწოდებით გამოაქვეყნა: "ფიჯიმ საქართველოს წინააღმდეგ დრამატული და ძალზედ საეჭვო გამარჯვება მოიპოვა".
გამოცემა ასევე აღნიშნავს:
ფიჯიმ ავსტრალიის კუბოს კიდევ ერთი ლურსმანი მიაჭედა, მაგრამ მათი გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ, საეჭვოა. ინგლისელი არბიტრი კარლ დიქსონი ორივე ტაიმის განმავლობაში ცდებოდა და რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რაც საქართველოსა და ავსტრალიას ძვირად დაუჯდა.
პირველი უხეში შეცდომა მე-40 წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ბრწყინვალედ მოთამაშე საქართველო 9:0 იმარჯვებდა. ბორჯღალოსნებმა ფიჯელთა ნერვებს საბოლოო მძიმე დარტყმა მიაყენეს და ტაიმის მიწურულს ლელო გაიტანეს , მაგრამ პასი ასისტენტ არბიტრს (პიერ ბრუსეს) წინ თამაშად მოეჩვენა. დიქსონმა TMO-ც კი არ გამოიყენა ისე გააუქმა ლელო. - The Roar.
დიქსონის შეცდომებს აღარაფერი ეშველება, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 17:12 დაფიქსირდა და საქართველო მსოფლიო თასზე კვლავ გამარჯვების გარეშე ასპარეზობს - დიქსონი კი, კიდევ ერთი ინგლისელი არბიტრი გახდა, რომელმაც ბორჯღალოსნების მატჩში უხეში შეცდომები დაუშვა და რომელსაც ეს შერჩება.