Belive

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი ევროპა 2024 საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად დაიწყო, ეს ძირითადად შედეგს ეხება, რადგან ამ ტურნირზე საქართველოსგან ყველა მატჩის მოგებას ითხოვენ და პირველ ორ შემთხვევაში სტატუსი გავამართლეთ. გერმანიის სტუმრად დამარცხების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე ნიდერლანდების ნაკრები მიიღო და 31:10 მოუგო.

ქართველებს თამაშში შესვლა გაუჭირდათ და შეიძლება ითქვას, რომ პირველი 20 წუთი სტუმრების კარნახით მიდიოდა, მატჩის პირველი ქულებიც სწორედ ნიდერლანდელებმა, საჯარიმო დარტყმით აიღეს. მე-20 წუთის შემდეგ ინიციატივა მთლიანად საქართველოს ნაკრებმა გადაიბარა. ორი ლელო პირველ ტაიმში ჯერ მიხეილ ბაბუნაშვილის, შემდეგ კი აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, დამრტყმელებმა გარდასახვები ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 14:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს დომინაცია კიდევ უფრო გაიზარდა, გიორგი კვესელაძემ 41-ე და 57-ე წუთებზე ლელოების დუბლი შეასრულა, ქართველების მხრიდან ბოლო ლელო კი ილია სპანდერაშვილმა დადო. თამაში საკმაოდ ლოგიკურად, დიდი ანგარიშით გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა სტუმრებმა მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს ჩვენს მოედანში ბურთის დამიწება და პრესტიჟის ლელოს გატანა.

რაგბი ევროპის A ჯგუფში საქართველოს ნაკრები 9 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე 4 ქულით ესპანეთია და ის მეორე შეხვედრას ხვალ, გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები