Belive

"ვეცდებით ვაჩვენოთ იმ დონის თამაში, რაც აქამდე არ გვიჩვენებია" - შალვა მამუკაშვილი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

7 ოქტომბერს, ნანტში, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება.

დასკვნით მატჩამდე 1 დღით ადრე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი - პოლ ტიტო და ბორჯღალოსნები შალვა მამუკაშვილი და ლუკა მატკავა წარსდგნენ.

პირველი და უმთავრესი განსხვავება ამჟამინდელ უელსსა და იმ გუნდს შორის, რომელსაც კარდიფში მოვუგეთ - მთავარი მწვრთნელია. რადიკალურად სხვაა გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს და გუნდი, რომელიც საერთაშორისო ტესტებზე გამოდის. აქ ყველა განსხვავებულადაა მომზადებული. ბოლო თამაში აქვს უელსს. პირველი ადგილის დაკავება უნდა ჯგუფში, რათა ხელსაყრელი ადგილით გავიდეს 1/4-ფინალში, ამიტომ ვთვლი, რომ გაცილებით რთული მატჩი გვექნება, ვიდრე შარშან ნოემბერში.

უელსს 3 თამაშიდან 3 მოგება აქვს. ჩვენთანაც უძლიერესი შემადგენლობით გამოდიან, რადგან უნდათ, რომ დამაჯერებელი მოგებით დაასრულონ ჯგუფში ასპარეზობა, მაგრამ იოლი გასეირნება არ ექნებათ. ფიჯის შემდეგ იდეალურად მოვემზადეთ და ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ. სამწუხაროდ, ფიჯისთან ბევრი ტრავმა იყო - დაგვაკლდნენ მოთამაშეები, მაგრამ ბუკა დაბრუნდა და რამდენიმე მცირე ტრავმა ვისაც ჰქონდა, ის მოთამაშეებიც მწყობრში არიან. ვეცდებით, რომ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენოთ. ვეცდებით, ვაჩვენოთ იმ დონის თამაში, რაც აქამდე არ გვიჩვენებია.

რა თქმა უნდა, კარდიფში მოგებამ დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შეგვძინა, მაგრამ ამან შეიძლება ჩვენს წინააღმდეგაც იმუშავოს, რადგან ჩვენთან სათამაშოდ ყველა გუნდი უმაღლეს დონეზე ემზადება. რა თქმა უნდა, სახლში წაგებული თამაშის შემდეგ, უელსი რევანშისთვის ემზადება. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

საქართველო ამაყი ერია და ვეცდებით კიდევ ერთი 80 წუთიანი მატჩი ჩავატაროთ მაღალ დონეზე და ვაჩვენოთ კარგი პერფორმანსი. ფიჯისთან უამრავი მომენტი შევქმენით და ვეცდებით უელსის წინააღმდეგ იგივე შემართებით ვიასპარეზოთ. გუნდი მხნედ გამოიყურება, ფიზიკურად კარგად ვართ და გვინდა, რომ მსოფლიო თასზე ასპარეზობა ამაღლებული განწყობით დავასრულოთ.

ბოლო თამაშია - ეს არის ბოლო თამაში არა მხოლოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, არამედ რამდენიმე ჩვენი თანაგუნდელისთვის ნაკრებში. მთავრდება ციკლი, მთავრდება 4 წლიანი ეტაპი, იცვლება თაობები და აღარ იქნება შანსი, რომ ეს გუნდი ამ შემადგენლობით კიდევ ერთხელ გამოვიდეს მოედანზე. ეს გულდასაწყვეტია და კიდევ ორმაგად მოტივაციის მომცემი იმ ბიჭებისთვის, ვინც ხვალ იდგებიან მოედანზე და იდგებიან განწყობით, რომ ბოლოჯერ ძმებთან ერთად მაგრად ითამაშონ. -

სხვა სტატიები