შემოდგომის ერთა სერიები | უელსი Vs. საქართველო - ყველაფერი პრინციპული მატჩის შესახებ
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, ლეგენდარულ "პრინსიპალიტიზე" უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შედგება. შემოდგომის ერთა სერიების მესამე ტესტ-მატჩის წინ, ავტორიტეტული სარაგბო პორტალი Planetrugby ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართულ შეხვედრაში, არგენტინის დამარცხების შემდეგ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს და მიჯრით მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
პირველ ტესტ-მატჩში ძლევამოსილ ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ, "დრაკონებმა" არგენტინას უმასპინძლეს და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს, რის შედეგადაც საქართველოსთან დაპირისპირებას ამაღლებული განწყობით ხვდებიან.
არგენტინასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა - უეინ პივაკმა, "დრაკონების" რაზმში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. შედეგად, საქართველოს წინააღმდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა.
მოთამაშეთა უმრავლესობას ბრწყინვალე შანსი მიეცა იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ თავის გამოჩენა შეძლოს, რათა პივაკმა 26 ნოემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გასამართ მატჩში კვლავ უხმოს.
საქართველოს დამარცხებას, უეინ პივაკისა და სრულიად უელსისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - იმ შემთხვევაში, თუ 19 ნოემბერს "დრაკონები" საქართველოს დაამარცხებენ, მიმდინარე წელს პირველად მოხდება, რომ უელსი ზედიზედ ორ გამარჯვებას მოიპოვებს. "პუმების" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებამდე, უელსმა 6 ერზე მხოლოდ 1 მეტოქის (შოტლანდია) დამარცხება შეძლო. ზაფხულის ტესტებზე კი 3-მატჩიან ტრილოგიაში სამხრეთ აფრიკასთან 2:1 დამარცხდა.
ამავდროულად, უელსის წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებას, საქართველო აბსოლუტური "ანდერდოგის" სტატუსით ხვდება. მიმდინარე წელს გამართულ ყველა დაპირისპირებაში "ბორჯღალოსნებმა" თავი კარგად წარმოაჩინეს და აჩვენეს, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. საქართველოს რთული გამოცდა ელის. 2022 წელს, ქართველების მეტოქეთა უმრავლესობა მათზე სუსტი იყო და მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნებმა" აჩვენეს, რომ ძლიერ მეტოქეებთან არა მხოლოდ თანაბარი თამაში - არამედ მათი დამარცხებაც შეუძლიათ.
2022 წელს, საქართველო ტიერ 1-ის წარმომადგენელს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა. ზაფხულის ტესტებზე, ბათუმში, საქართველომ იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება (28:19) მოიპოვა.
ეს იქნება მე-4 შემთხვევა, როდესაც უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. განვლილი 3 მატჩი "დრაკონების" გამარჯვებით დასრულდა. მომავალ წელს, უელსსა და საქართველოს ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ 1 მატჩის გამართვა მოუწევთ, რადგან 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ისინი C-ჯგუფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. უელსსა და საქართველოსთან ერთად, C-ჯგუფში ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალიასა და აშშ-ს შორის გამარჯვებული იასპარეზებს.
როდის გადაწყდება მატჩის ბედი
მიუხედავად იმისა, რომ უელსი ფავორიტადაა მიჩნეული, "დრაკონებს" იოლი გასეირნების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. ქართველი ფორვარდების ფიზიკური სიძლიერისა და შესაძლებლობების შედეგად, "პრინსიპალიტიზე" მედგარი ბრძოლა გაიმართება. "ბორჯღალოსნები" საკუთარი თამაშის აგებას შერკინებასა და დერეფნებზე შეეცდებიან და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ კომპონენტში დომინანტებად მოგვევლინონ.
ამ დომინირების ფონზე, უეინ პივაკის შეგირდები ბურთის ფლობაზე გააკეთებენ აქცენტს და უკანა ხაზში არსებული უპირატესობის გამოყენებას შეეცდებიან. ამასთანავე, უელსს მარქაფაში გაცილებით უფრო მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს და მატჩში მათი ჩართვა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. ტაულუპე ფალეტაუსა და ლილ ჰალფპენის მოედანზე შემოსვლა, შესაძლოა მატჩის ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდეს.
რას ამბობენ მთავარი მწვრთნელები
მიუხედავად იმისა, რომ უელსი საქართველოსთან არასდროს დამარცხებულა, "დრაკონებსა" და "ბორჯღალოსნებს" შორის მუდამ მძიმე ბრძოლა იმართებოდა და უეინ პივაკი შაბათს გასამართ შეხვედრაშიც იგივეს მოელის.
"მათ თამაშს აქტიურად ვაკვირდებით და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ხელით თამაშს უწინდელზე დიდ დროს უთმობს. ქართველებს გასაოცარი ფულბექი (დავით ნინიაშვილი) ჰყავთ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის შესაჩერებლად. მას თვალი არ უნდა მოვაშოროთ. საქართველო ძლიერი ფიზიკური გუნდია და ეს სამოასთან დაპირისპირებაში ნათლად გამოჩნდა, როდესაც ორი ფიზიკურად უძლიერესი ნაკრების დაპირისპირება შედგა. ბურთით და მის გარეშე ფიზიკურად ისეთივე ძლიერები უნდა ვიყოთ, როგორც გასულ კვირას. ეს ჩვენი გამოწვევაა და ვალდებული ვართ, 80 წუთის განმავლობაში ვიბრძოლოთ. თუ მატჩის ბოლომდე ამ ბრძოლაში არ ვიქნებით, უდავოდ დიდი პრობლემა შეგვექმნება", - უეინ პივაკი.
რაზმში არსებული დანაკლისისა და ტრავმირებული მოთამაშეების მიუხედავად, ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი უელსის წინააღმდეგ თამაშისათვის მზადაა.
"უელსი ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რაც მათი მხრიდან პატივისცემის ნიშანია. ისინი ჩვენგან ძლიერ წინააღმდეგობას ელოდებიან, რაც ჩვენთვის პატივი და შესაძლებლობაა. შეკრების მესამე კვირაა და ვარჯიშების მოცულობა შედარებით ნაკლები გვქონდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, რამდენიმემ კი სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მომავალი თამაშისთვის მზად ვართ და მოუთმენლად ველით მის დაწყებას", - ლევან მაისაშვილი.
მოთამაშეები, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ
ყველას ყურადღება უელსელთა შერკინების შემკვრელის ჯოშ მაკლეოდის (ნომერი 8) მიმართ იქნება მიპყრობილი, რომელიც "დრაკონების" კვართით სადებიუტო შეხვედრას გამართავს. მაკლეოდის დებიუტი გასულ წელს, 6 ერზე, შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა შემდგარიყო, თუმცა ვარჯიშზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანს 18-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსთან დაუბრუნდება. უელსელთა რიგებში კიდევ ერთი გამორჩეული მორაგბე - რის პრისლანდი იქნება, რომელმაც "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ, თავი სოლიდური პერფორმანსით გამოიჩინა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მორიგი ისტორიული გამარჯვების მოპოვება სურს, ვასილ ლობჟანიძეს მნიშვნელოვანი როლი ერგება. ფორვარდების ბრძოლაში საქართველო უპირატესობის მოპოვებას შეეცდება, ლობჟანიძემ კი შეტევის გაგრძელებისა და განვითარების იდეალური გზები უნდა მოძებნოს. ლობჟანიძეს აქვს ბრწყინვალე ალღო და მახვილი თვალი იმისათვის, რომ უელსელთა დაცვა მუდმივად საქმეში ამყოფოს, რაქებში არსებული "ხვრელები" აღმოაჩინოს და ამით ისარგებლოს.
"ბორჯღალოსნების" ფორვარდების დომინაციაში, ბექა გორგაძე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ბრწყინვალე მესამე ხაზელი, რომელიც მოვლენების განვითარების ნებისმიერ შესაძლო სცენარში, გადამწყვეტ როლს ითამაშებს. გორგაძე ბრწყინვალეა დაცვაში და იმ შემთხვევაში, თუ უელსი ბურთის ფლობის მხრივ სოლიდურ უპირატესობას დაეუფლება, გორგაძე მათ შესაჩერებლად ყველაფერს იღონებს.
მოთამაშეთა დუელი
უელსსა და საქართველოს შორის სხვადასხვა პოზიციებზე შესაძლოა მედგარი ბრძოლა გაიმართოს, თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას ფულბექების დაპირისპირება იქცევს. ლუის რის-ზამიტისა და დავით ნინიაშვილის დაპირისპირება უდავოდ საინტერესო საყურებელი იქნება. რის-ზამიტს 15-ნომრიანი კვართის მორგების შესაძლებლობა მეორედ ექნება. 20 წლის ნინიაშვილი კი მისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ბრწყინვალედ თამაშობს.
ნინიაშვილს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ უელსელთა დაცვას დიდი თავსატეხი გაუჩინოს - მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. სანაკრებო ასპარეზზე ნინიაშვილის დებიუტი შოტლანდიის წინააღმდეგ შედგა. ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად, ამომავალი ვარსკვლავი ტოპ 14-ის ბინადარ "ლიონს" შეუერთდა, სადაც თავდაპირველად ესპუარებში სათამაშოდ განიხილებოდა, თუმცა "ლიონის" ძირითად გუნდში დაიმკვიდრა თავი და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. მისი ფანტასტიკური შეტევითი პოტენციალი, "ბორჯღალოსნებს" დაეხმარება, რომ 2022 წლის დასკვნითი ტესტ-მატჩი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულონ.
შესაძლო ანგარიში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკანასკნელი ტესტ-მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარა და არაერთ დაპირისპირებაში შეძლო თავის გამოჩენა - "ბორჯღალოსნები" უპირისპირდებიან საკმაოდ მოტივირებულ უელსს, რომელიც ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. გავლენიანი სარაგბო პორტალის რედაქცია მიიჩნევს, რომ უელსი მინიმუმ 15 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვებს.
ურთიერთშეხვედრები
2020: უელსი 18:0 საქართველო (ლიანელი)
2019: უელსი 43:14 საქართველო (აიჩი)
2017: უელსი 13:6 საქართველო (კარდიფი)
გუნდების განაცხადი