Belive

"სასიამოვნოა მსოფლიო რაგბისგან ასეთი ნდობა რომ დავიმსახურე" - ნიკა ამაშუკელი

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე ცენტრალური მატჩის მთავარი მსაჯია.

7 აპრილს, საქართველოს დროით 23 საათზე დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ირლანდიური "ლენსტერი" ინგლისურ "ლესტერ ტაიგერსს" ერკინება. ჩემპიონთა თასის გასულ გათამაშებაში, ამაშუკელი ნახევარფინალში გვერდითი მსაჯი იყო, ცენტრში კი ამ დონეზე ჯერ არ უმსაჯია.

აღსანიშნავია, რომ 1/8-ფინალში ის ინგლისური "სარასენსისა" და უელსური "ოსფრიზის" შეხვედრაში ასევე მთავარი მსაჯი იყო და ახალი დანიშვნა ამ მატჩის დასრულებისთანავე მიიღო.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, ნიკა ამაშუკელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც საუკეთესო ქართველი არბიტრი აღნიშნავს, რომ ასეთი დონის მატჩზე დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

"ეს იყო ინგლისი-უელსის დაპირისპირების მცირე ვარიანტი. ორივე გუნდში მრავლად არიან ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. უელსიდან ფანებიც მრავლად იყვნენ ჩასული ლონდონში და ინტენსიური, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ‘ოსპფრიზმა’ მაგრად იბრძოლა და ტაიმიც მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეძლეს ინიციტივის დაუფლება და გამარჯვება".

"იმავე ღამით მოვიდა ახალი დანიშვნა, უკვე მეოთხედფინალური ეტაპის. ირლანდიური "ლენსტერისა" და ინგლისური "ლესტერ თაიგერსის" დაპირისპირება ერთ-ერთი ცენტრალურია ამ ტურნირზე და სასიამოვნოა მსოფლიო რაგბისგან და ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბისგან ასეთი ნდობა რომ დავიმსახურე. შეხვედრა "ავივაზე" გაიმართება, სადაც გარანტირებულად იქნება 54-ათასი გულშემატკივარი. "ლენსტერის" შემადგენლობის 60-70% ირლანდიის ნაკრების მოთამაშეები არიან. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდია "ტაიგერსიც" და დიდი ბრძოლა გაიმართება. ეს იქნება ტესტ-მატჩის დონის რაგბი და შესაბამისად ვემზადები. გული იმაზე მწყდება, რომ არ ვიქნებით წარმოდგენილი ქართული ბრიგადით და გვერდებიდან ფრანგები დამეხმარებიან“.

"მსოფლიო რაგბის სამსაჯო მენეჯმენტი მაისის დასაწყისში შეიკრიბება და იმ 19 მსაჯის ვინაობას დაასახელებს, რომლებიც მსოფლიო თასს მოემსახურებიან. აქედან 12 ცენტრალური და 7 გვერდითი მსაჯი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიქნები. ბოლო წლებში ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ვიშრომე, სტრესი გამოვიარე და იმედი მაქვს დამიფასდება. მანამდე კი ჩემპიონთა თასის შეხვედრაა. ვეცდები მსოფლიო რაგბისა და ეპსრ-ის ნდობა გავამართლო და გუნდებსა და გულშემატკივარს მაღალი სტანდარტი შევთავაზო" – ამბობს ამაშუკელი.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები