საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა
20-წლამდე მორაგბეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში დამაარცხა ფიჯის ნაკრები (40:36) და 9/12 ადგილებისთვის ნახევარფინალური დაპირისპირება თავის სასარგებლოდ დაასრულა.
შეხვედრა "საქანელას" პრინციპით მიმდინარეობდა და საკმაოდ გახსნილი, თუმცა ბოლო წუთებამდე დაძაბული გამოვიდა. ბორჯღალოსნებმა დიდი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს. ხახუბიასა და ბურთიკაშვილის ლელოებს ფიჯელებმაც 2 ლელოთი უპასუხეს, თუმცა ცირეკიძის ზუსტმა დარტყმებმა საქართველოს პირველი ნახევარი 9 ქულის სხვაობით მოაგებინა.
მეორე ტაიმში ფიჯის ლელოში ბურთი გერგედავამ, ლომიძემ და კეშელავამ დაამიწეს, თუმცა მოწინააღმდეგემ 4 ლელო დაგვიდო და საერთო ჯამში მეორე ტაიმი 5 ქულის უპირატესობით დაასრულეს. შეხვედრის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები მინდორზე 3-ჯერ იყო 14 კაცით, განსაკუთრებით რთულად გადასალახი კი უკვე გაწითლებული დროის შემდეგ ფიჯელების შეტევები აღმოჩნდა. ამ დროში მსაჯმა ქართველებს ლელოც არ ჩაუთვალა. ამ მოგებით ჩვენმა ნაკრებმა მომავალ მსოფლიოზე თამაში გაინაღდა.
მე-9 ადგილის დასაკავებლად, 20-წლამდე მორაგბეები 17 ივლისს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.