თბილისი "მარიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) გაიმართა, რომელსაც 36 ნამდვილი წევრიდან 33 დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ნამდვილ წევრთა სიას სარაგბო კლუბი ‘ავჭალა’ დაემატა (ერთი ხმის უფლებით). ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით, საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ნამდვილი წევრის (დელეგატის) მხოლოდ ერთ პირს, ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს ჰქონდა.
ყრილობა ვეტერანი მორაგბეების დაჯილდოვებით დაიწყო. ისინი ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდენტმა ავთანდილ ღიბრაძემ წარადგინა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ეს ვეტერანი მორაგბეები არიან: გივი მრელაშვილი, გოგი ტონია, გია ჯაფარიძე, გელა მიქაბერიძე, თენგიზ რუხაძე, ნოდარ კაჭარავა, ვალტერ კაპანაძე, ირაკლი კიზირია, რომეო ღვინიაშვილი, მურადი თოფურიძე, გემენი ღადუა, გივი ფაჯიშვილი, სერგო კეშელავა, რამაზ სვანიძე, ოთარ ალავიძე, თენგიზ გულვერდაშვილი, სულიკო ტყეშელაშვილი, დავით რეხვიაშვილი, გიზო ცქიტიშვილი, ზურაბ ცერცვაძე და გოგი ყუფარაძე.
ამის შემდეგ რაგბის კავშირის პრეზიდეტნმა იოსებ ტყემალაძემ დელეგატებს განვლილი თვეების ანგარიში ჩააბარა. მან იმ მიღწევებზე ისაუბრა, რასაც რაგბის კავშირმა ამ პერიოდში მიაღწია – დაგროვილი დავალიანების შემცირება; რაგბის კავშირის ბიუჯეტის (2021 წლის) 10 მილიონი ლარით გაზრდა; რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები; სახელმწიფოსთან ერთად 100 მოედნის პროექტი, რომელთა ნაწილის დაპროქტება-მშენებლობა უკვე დაწყებულია; ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’; ახალი სარაგბო „ბესტსელერი“ ჟურნალი Rugby World Georgia ქართულ და ინგლისურ ენებზე; რაგბი TV, რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა, გაუმჯობესდა მისი გადაცემების ხარისხი და მომავალშიც არაერთი სიახლის შემოტანა იგეგმება; სატელევიზიო სერიალი – „ის ბიჭები“, რომელსაც მამა-შვილი თემურ და გელა ბაბლუანები ქართული რაგბის ისტორიაზე გადაიღებენ და სამ სეზონში, 24 სერიაში გააცოცხლებენ იმ მოვლენებს, რომელიც ქართულმა რაგბმა გაიარა; შიდა ჩემპიონატების ხარისხის ამაღლება.
დღის წესრიგის თანახმად, იოსებ ტყემალაძემ დელეგატებს მეორე საკითხად რაგბის კავშირის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. საუბარი შეეხო რაგბის კავშირსა და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობას. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებთან. დელეგატებმა ბიუჯეტი, რომელიც 27 500 000 ლარს შეადგენს ერთხმად დაამტკიცეს.
ყრილობის ბოლოს იოსებ ტყემალაძემ დელეგატებს აჭარის რაგბის ფილიალის აღდგენასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და მათ მისი ხელმძღვანელი ილია ვერძაძე წარუდგინა. ეს იყო გაცნობითი სახის შეხვედრა და ბატონმა ილიამ დამსწრეებს ის სიახლეები გააცნო, რომლებიც აჭარის რეგიონში იგეგმება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, საერთო კრების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა თბილი და სამუშაო გარემოსთვის. მან ქართულ სარაგბო თემს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, ყველას უსურვა ჯანმრთელობა, მხნეობა და მომავალი გამარჯვებებით ერთად გახარება.
ასევე იხილეთ: რაგბის კავშირის ანგარიში_საერთო ყრილობა_24.12.2021წყარო:საქართველოს რაგბის კავშირი