Belive

მეოთხე ცენტურიონი ბორჯღალოსნებში - სანდრო თოდუა

2 წლის წინ რაგბი
6 წთ
პორტუგალიასთან ქუთაისში, „აია არენზე“ გამართული ტესტ-მატჩი მე-100 იყო 34 წლის ფრთის მოთამაშე სანდრო თოდუასთვის. მერაბ კვირიკაშვილის, დავით კაჭარავასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ, ის მეოთხე ქართველი ცენტურიონია. თოდუას სანაკრებო დებიუტი 20 წლის ასაკში, 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა. ეს ბორჯღალოსნების საიუბილეო, მე-100 მატჩი იყო, 254-ე ტესტში კი უკვე თავად უწია 100-იან ზღვარს, რაც მსოფლიო რაგბში იშვიათი და ნიშანდობლივი ამბავია.
222

პორტუგალიასთან მატჩის წინ, „კოჭოს“ კუთვნილი კეპი ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, თავად ცენტურიონმა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენმა დავით კაჭარავამ გადასცა, ნამატჩევს კი „ქართული რაგბის მხარდამჭერებისგან“ ტრადიციული მუზარადი მიიღო.
  • ძალიან სასიხარულო დღე იყო, რომელმაც დადებითი ემოციებით ამავსო. ვგრძნობდი განსაკუთრებულ მხარდაჭერას როგორც თანაგუნდელებისგან, ასევე გულშემატკივრისგან. ნაკრებში ნებისმიერი თამაში ერთნაირად საპასუხისმგებლოა, გნებავთ პირველი იყოს და გნებავთ მეასე. იღბლიანი კაცი ვარ, რადგან ქვეყნის სახელით უკვე 100-ჯერ მომიწია თამაში.
  • მე-100 თამაშს განსაკუთრებული შეგრძნებები არ ახლდა?
  • ზედმეტი ყურადღებიდან გამომდინარე, რასაც მიჩვეული არ ვარ, ემოციები ჭარბობდა. მაქსიმალურად თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული, თუმცა განსხვავებული შეგრძნებაც იყო, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. თამაშის დაწყებამდე მარტოს მომიწია მოედანზე გასვლა და დავით კაჭარავამ კეპი გადმომცა. ჩემზე მოქმედებს ასეთი უჩვეულო მომენტები. მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა მე და მთლიანად გუნდს, როგორც ტრიბუნებიდან, ასევე ტელევიზორიდან თუ ინტერნეტიდან.


  • როგორ მიხვედით მე-100 კეპამდე? როდის დაიწყეთ რაგბის თამაში და როგორია თქვენი განვლილი კარიერა?
  • 9 წლის ვიყავი, როდესაც თამაში ‘ლელოში’, ბათუ კევლიშვილთან დავიწყე. ის რაგბთან ერთად მეგობრობას და ქვეყნის სიყვარულს გვასწავლიდა. ამ კლუბში ყველაზე დიდი დრო გავატარე. 2 წელი საფრანგეთში, პრო დე2-ის ‘ალბიში’ გამოვდიოდი, საიდანაც ჯერ მშობლიურ გუნდს დავუბრუნდი, მერე კი 3 სეზონი ‘ბათუმში; გავატარე. ბოლო ერთი წელია ‘შავი ლომის’ მოთამაშე ვარ.
  • ‘შავი ლომი’ ახსენეთ და რამდენად იმოქმედა ფრენჩაიზის შექმნამ ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხზე?
  • სტატისტიკა აჩვენებს (1 წლის განმავლობაში გატანილი ლელოების უმრავლესობა ხაზის მოთამაშეებზე მოდის) და მეც ასე ვფიქრობ, რომ ფრენჩაიზმა შედეგები უკვე მოიტანა. ‘შავი ლომის’ იდეა ძალიან კარგია, თუმცა მას განვითარება, უფრო მაღალი დონის ტურნირებში ჩართვა უნდა. ამ ეტაპზე უდაოდ დაგვეხმარა, რადგან ნაკრების ხაზი მთელი წელი ერთად ვართ და შეთამაშება იგრძნობა.
  • თქვენი სანაკრები დებიუტი 14 წლის წინ, ჩეხეთის ნაკრებთან შედგა.
  • დეტალები არა, თუმცა ამ თამაშთან დაკავშირებული ემოციები კარგად მახსოვს. მაშინ პირველად მოვხვდი 23-კაციან განაცხადში, მაგრამ რეზი გიგაური ვერ ჩამოვიდა და ცენტრში, ძირითადში მომიწია თამაშის დაწყება. ეს რომ არა, ალბათ 5-10 წუთით მომიწევდა შეცვლაზე შესვლა. ამის შემდეგ მალევე ვითამაშე რუსეთის წინააღმდეგ და პირველად მოვიგე რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. 20 წლის ბიჭი ჯერ ნაკრებში მოვხვდი და მერე ჩემპიონი გავხდი.


  • მას შემდეგ არაერთხელ გახდით ჩემოიონი და სამი მსოფლიო თასი ითამაშეთ, თქვენს მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან რომელს გამოარჩევთ?
  • ასეთი რამდენიმეა, თუმცა იტალიასთან მოგება განსაკუთრებულია. ისტორიაში პირველად დავამარცხეთ ტიერ1-ის გუნდი. ტიერ1-ის წარმომადგენლებთან მანამდეც გვქონია კარგი თამაშები, მაგრამ გამარჯვება პირველი იყო. ის გამორჩეულია მნიშვნელობითაც და თამაშის ხარისხითაც.
  • გჯეროდათ იტალიასთან გამარჯვების?
  • ამ თამაშისთვის ქვეცნობიერად მას შემდეგ ვემზადებოდით, რაც გავიგეთ, რომ იტალია ჩამოდიოდა. ყველა მაქსიმალურად მობილიზებული იყო და თამაშის კვირაში ეს იგრძნობოდა კიდეც, მაღალი ხარისხის ვარჯიშები გვქონდა. რაც არ უნდა სუსტი იყოს მეტოქე, თამაშამდე არასდროს ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოვუგებთ. იტალიასთანაც ასე იყო, თუმცა ახლა რომ ვაფასებ განვლილ პერიოდს, ყველას ისეთი განწყობა გვქონდა აუცილებლად უნდა მოგვეგო.


  • ვასილ ლობჟანიძემ ბურთი ფეხით რომ შეაცურა იცოდი რომ დაეწეოდი?
  • იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბურთი აუცილებლად უნდა დამემიწებინა. წამითაც არ გამივლია თავში, რომ არ უნდა მეცადა და სვლაც არ შემინელებია. ვიცოდი, რომ ბურთს დავეწიე და შიგნით შემოვწიე, მაგრამ სანამ ვიდეოზე არ ვნახე არ ვიყავი დარწმუნებული შევძელი თუ ვერა ლელოს გატანა. მაგრამ პირველივე გამეორების შემდეგ მივხვდი, რომ ლელო ჩაითვლებოდა.
  • ამ გამარჯვებაში თავისი როლი ატმოსფერომ და ტრიბუნებმაც ითამაშა?
  • ბათუმის სტადიონზე პირველად ვიყავი და ძალიან მაგარი აურა აქვს. მოედნის ხარისხი საუკეთესოა, თამაშიც კარგად იყო ორგანიზებული. გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით, თუმცა ასეთი ხარისხის სტადიონზე მათი როლი კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა. მადლობა მათ გვერდში დგომისა და დიდი სიყვარულისთვის.


წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები