რაგბის კავშირის 2023 წლის საერთო კრება
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარემ დავით კაჭარავამ, ქართული რაგბის წარმომადგენლებს 2023 წლის ანგარიში ჩააბარეს.
ნამდვილ წევრთა საერთო კრება 23 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. განსახილველი ოთხი საკითხი იყო და მათგან პირველი 2023 წლის ანგარიშს მოიცავდა.
იოსებ ტყემალაძემ დამსწრეებს 2023 წლის მსოფლიო თასის ანგარიში ჩააბარა და ზოგადად წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. ყრილობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პრეზიდენტი მომავალი 3 წლის მთავარ პრიორიტეტებსაც შეეხო, რომელთა შორისაა არსებული სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაცია; ახალი მოედნებისა თუ ბაზების მშენებლობა; დიდი 10-ის, პირველი და რეგიონული ლიგის კლუბების გაძლიერება; ბავშვთა და ქალთა რაგბისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა.
ასევე აღინიშნა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში რაგბის კავშირში ჩატარდება საერთაშორისო აუდიტი, რაც რაგბის კავშირს ფინანსური რესურსის უფრო ეფექტურად ხარჯვის შესაძლებლობას მისცემს.
ყრილობაზე განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს 2024 წლის ბიუჯეტი, ასევე, მსოფლიო რაგბის მოთხოვნის შესაბამისად, რაგბის კავშირის წესდებაში შევიდა ცვლილება.
დასასრულს იოსებ ტყემალაძემ დამსწრეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი – რაგბი ჩვენი თამაშია, რის შემდეგაც შეხვედრა არაოფიციალურ გარემოში გაგრძელდა.
წყარო: rugby.ge