"ერთად დიდი გამარჯვებისკენ" - იოსებ ტყემალაძე
9 თვის წინ
რაგბი
1 წთ
2 მარტს, 16:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" ბორჯღალოსნები რუმინეთს დაუპირისპირდებიან და ანთიმოზ ივერიელის თასთან ერთად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვებას ეცდებიან.
რუმინეთთან გასამართი პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - იოსებ ტყემალაძემ გულშემატკივრებს მიმართა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნაკრების ნებისმიერ თამაშზე მაყურებლის დასწრება, რადგან მორაგბეები სწორედ ქომაგისთვის, მათი სიხარულისთვის თამაშობენ და ამ ერთობას და გუნდურობას მოაქვს შედეგები. შესაძლოა, ჩვენი ტრადიციული მეტოქე რუმინეთი ახლა ვერაა ისეთი მრისხანე, როგორიც წლების წინ იყო, თუმცა ეს ნახევარფინალია და ერთ თამაშში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.
საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის სისტემატიურად მოგებით უნდა დაამტკიცოს, რომ უმაღლესი დონის თამაშებსა და ტურნირებს იმსახურებს. გარდა ამისა, წლის განმავლობაში მრავლად გველის დიდი ტესტ-მატჩები და მანამდე ნებისმიერი თამაში სწორედ ამ გამოწვევებისთვის მზადებას ემსახურება.
მოგეხსენებათ, წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს პარიზი უმასპინძლებს, ზაფხულში კი ჩვენი გუნდი ტურნეზე მიემგზავრება. ქართველ ქომაგს ბორჯღალოსნების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ექნება და ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს სტადიონზე, გაამხნევოს საყვარელი გუნდი და მისცეს მას ის მუხტი, რაც ჯერ პარიზში და შემდეგ ზაფხულის ტესტებზე, ჩვენს ბიჭებს დამატებითი ენერგიით შეავსებს. - იოსებ ტყემალაძე.