Belive

2024 საოცრად იწყება – იანვარში ზედიზედ არაერთი სარაგბო ზეიმი გველოდება

11 თვის წინ რაგბი
2 წთ

ქართული რაგბის გულშემატკივარს განსაკუთრებული წელიწადი დაუდგა. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ უკვე იანვარში ქართულ გუნდებს უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებზე ეთამაშათ, 2024-ის პირველივე დღეებში კი ერთბაშად სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ველოდებით: მოედანზე პირველი ჩვენი 7-კაცა გავა, რომელიც მსოფლიო რაგბის სერიის შესარჩევ, ჩელენჯერის ტურნირში ჩაერთვება, – პირველი ეტაპი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში 12-14 იანვარსაა ჩანიშნული. საქართველო ა ჯგუფში ჰონკონგის, პაპუა ახალი გვინეისა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს, დაკავებული ადგილის მიხედვით კი ფლეი ოფში ჩაერთვება.

ჩელენჯერის პარალელურად, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ორი თამაში ელოდება ‘შავ ლომს’. ევროპის უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირში ქართულ ფრენჩაიზს დებიუტი 8 დეკემბერს ჰქონდა, – „მიხეილ მესხზე“ 150-წლიანი ისტორიის ინგლისურ კლუბ ‘გლოსტერს’ შეერკინა; მართალია, მხოლოდ ნუგეშ ქულას დასჯერდა (10:15), თუმცა ინგლისელებს ლელო არ დაადებინა; სამაგიეროდ ზუსტად ერთ კვირაში თავად დადო ისტორიული გამარჯვება “სქარლეთთან” უელსში, შთამბეჭდავი ანგარიშით 23:7 და მსოფლიოს ყურადღებაც კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამავე ტურნირის მორიგი შეხვედრა 13 იანვარს საფრანგეთში გველის, – სადაც ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ‘კასტრს’ შევერკინებით. აღმავალ ტალღაზე მდგარი “შავი ლომისგან” ექსპერტებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ, მითუმეტეს რომ 500-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი მიემგზავრება ჩვენი გუნდის გასამხნევებლად.

20 იანვარს სარაგბო ზეიმი თბილისში დაბრუნდება – „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთ ფრანგულ გრანდს, ‘კლერმონს’ ვმასპინძლობთ. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს უთოუდ არნახული სარაგბო დღესასწაული იქნება; სტადიონზე სათანადო განწყობისა და მუხტის შესაქმნელად, მატჩის წინ და მსვლელობისას გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი დახვდება: კონცერტები, სადღესასწაულო ვაჭრობა, პრიზების გათამაშება.

საქართველოს რაგბის კავშირი მთელი წლის განმავლობაში დიდ სარაგბო დღესასწაულს პირდება ყველას ვისაც ქართულ რაგბიზე გული შეტკივა, – გამოცდილ გულშემატკივარსაც და მათაც ვინც ახლა გადაწყვეტს ქართული რაგბის გვერდში დგომას. გილოცავთ ახალ 2024 წელს, ვიაროთ მუდამ გამარჯვებისკენ ქართულ რაგბისთან ერთად.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები