Belive

რაგბი ევროპა | საქართველო Vs. რუსეთი - ყველაფერი პრინციპული მატჩის შესახებ

2 წლის წინ რაგბი
4 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საგზურს ნაადრევად მოიპოვებენ – რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მსოფლიო თასს მიღმა დარჩება. თავდაპირველად მატჩზე დასწრება მხოლოდ 33%-ს შეეძლო, თუმცა რაგბის კავშირმა საკოორდინაციო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ სტადიონზე დაიშვას გულშემატკივრების 100%. საკოორდინაციო საბჭომ რაგბის კავშირს 100%-იან დასწრებაზე უარი უთხრა, თუმცა 33%-იდან დასწრება 50%-მდე გაიზარდა. რაგბის კავშირმა აღნიშნული მატჩის აფიშა სოციალურ ქსელებში ქართულ და უკრაინულ ენებზე განათავსა, რასაც რუსეთში ვნებათაღელვა მოჰყვა. რუსეთის რაგბის კავშირმა Rugby Europe-ს დაუყოვნებლივ რეაგირებისაკენ მოუწოდა.
274608860_10221750858867540_470016301016624392_n

"რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა Rugby Europe-ს დაუკავშირდა და სიტუაციის შესწავლა სთხოვა. პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი სახის პუბლიკაციები მიუღებელია - ეს არის რეგლამენტის დარღვევა. Rugby Europe-მ ქართულ მხარეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული აფიშის წაშლა მოსთხოვა, თუმცა ამ დროისათვის მათ არაფერი წაუშლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა ემუქრებათ. Rugby Europe მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას მსგავსი პოსტების მიუღებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია რუსეთის რაგბის კავშირის განცხადებაში. 
სამწუხაროდ, Rugby Europe-ს მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირი იძულებული გახდა სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტები წაეშალა. Live.ge-სთან საუბარში, რაგბის კავშირის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ Rugby Europe-მ პოსტი პოლიტიკურ მესიჯად მიიღო და მისი წაშლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმით დაიმუქრა. საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ პირადად ის პოსტის წაშლის წინააღმდეგი იყო, თუნდაც ჯარიმის საფასურად, მაგრამ არსებობდა რისკი, რომ მომხდარს მატჩის შედეგზე მოეხდინა გავლენა. რუსეთთან გასამართი პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა - ლაშა ჯაიანმა ემოციური კომენტარი გააკეთა.
"რუსეთთან ჩვენს დაპირისპირებას ყოველთვის თან ახლავს ემოციური ფონი, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ემოციები უნდა მოვთოკოთ, რადგან პირველ რიგში, ქართველი ხალხი გავახაროთ. ყველა მატჩი ბრძოლაა, რუსეთის წინააღმდეგ კი განსაკუთრებით და ჩვენ გვირჩევნია მოედანზე მოვკვდეთ, ვიდრე რუსეთთან წავაგოთ".
რუსეთის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის პრინციპულობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ დღემდე რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისათვის საქართველოს დამარცხება გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული უკანასკნელი 24 დაპირისპირებიდან 23 "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საიუბილეო 250-ე შეხვედრაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
  • საქართველო 29:20 რუსეთი
  • საქართველო 12:6 რუსეთი
  • რუსეთი 23:25 საქართველო
  • საქართველო 12:12 რუსეთი
  • საქართველო 17:13 რუსეთი
  • რუსეთი 17:23 საქართველო
  • საქართველო 9:3 რუსეთი
  • რუსეთი 15:27 საქართველო
  • საქართველო 46:19 რუსეთი
  • საქართველო 31:12 რუსეთი
  • რუსეთი 12:18 საქართველო
  • რუსეთი 21:29 საქართველო (მარიუპოლი)
  • საქართველო 36:8 რუსეთი (ტრაბზონი)
  • რუსეთი 9:15 საქართველო
  • საქართველო 46:0 რუსეთი
  • რუსეთი 9:23 საქართველო
  • საქართველო 36:10 რუსეთი
  • საქართველო 33:0 რუსეთი
  • რუსეთი 7:24 საქართველო
  • საქართველო 28:14 რუსეთი
  • რუსეთი 9:29 საქართველო
  • რუსეთი 6:22 საქართველო
  • საქართველო 16:7 რუსეთი
  • რუსეთი 6:23 საქართველო



 

სხვა სტატიები