U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ ბელგია გაანადგურა
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობაში 9 ცვლილება განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირი დროის მცირე მონაკვეთში ტარდება, შემადგენლობაში მსგავსი როტაცია მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ცვლილებების მიუხედავად, საქართველომ მოწინააღმდეგე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.
ნახევარფინალური მატჩის პირველ ტაიმში საქართველომ, 48:0 გაიმარჯვა. უმცროსი ბორჯღალოსნების დომინაცია მეორე ტაიმშიც თვალსაჩინო იყო და საბოლოოდ მატჩი, U18 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით, 86:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარფინალურ წყვილში, პორტუგალიასა და ესპანეთს შორის მედგარი ბრძოლა გაიმართა. რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 21:21 დასრულდა - დარტყმები პორტუგალიელმა მორაგბეებმა უკეთ შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს, 16:15 საათზე გაიმართება. რუსთავის სარაგბო სტადიონზე, ევროპის ჩემპიონის ვინაობის გასარკვევად, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება.