Belive

საბა მახარაძე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე იმსაჯებს

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

ქართველი მსაჯი საბა მახარაძე 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, იტალიაში, პარმაში გასამართ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე იმუშავებს.

მახარაძეს საერთაშორისო მატჩებში აქამდეც უმუშავია, რაგბი ევროპის ტურნირებზე, ოღონდ თანამსაჯად, ახლა კი ექვს ერში მიიწვიეს და თანაც მოედნის მსაჯად.

„ექვსი ერის ტურნირში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანი ფაქტია როგორც რაგბის კავშირისთვის, ასევე ქვეყნისთვის. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიქნები. კაცთა 20-წლამდელთა ექვს ერზე ქართველ მსაჯებს აქამდეც უმუშავიათ და ისინი საკუთარ გამოცდილებას მიზიარებენ“.

„ეს ტურნირი ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები მოედანზე მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო ჩემი უნარები, რათა მომავალში კიდევ უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღო და ქართული რაგბი ვასახელო. მოედნის მსაჯის გარდა, პირველ ორ ტურში ასისტენტადაც მომიწევს მუშაობა, რის შემდეგაც მესამე ტურის დანიშვნები იქნება. სრულად ვიქნები ჩართული პროცესში, რომლის დროსაც გავარჩევთ თამაშებს, ვივარჯიშებთ და დიდ გამოცდილებას შევიძენ“.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ვიყო გუნდის პოზიტიური წევრი, რაშიც ენის კარგად ცოდნა დამეხმარება. ჩვენს მენტორთან დევიდ მაკქიუსთან ინდივიდუალური და გუნდური გარჩევები ინგლისურ ენაზე გვაქვს, ასევე მაქვს საერთაშორისო მატჩების გამოცდილება (გვერდით მსაჯად), რაც კოლეგებთან და გუნდის კაპიტნებთან ურთიერთობაში დამეხმარება“ – ამბობს საბა მახარაძე.

შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ინგლისთან, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, უელსთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად, საქართველო და პორტუგალიაც ითამაშებს. უმცროსი ბორჯღალოსნები 30 მარტს შოტლანდიას, 3 აპრილს საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს ეთამაშებიან.

მანამდე გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და ‘ლიონის’ თანატოლებთან 26 მარტს გასახურებელ თამაშს გამართავს. მახარაძე ჩვენს 18-წლამდელებს ლიონში გაყვება და პარმაში გუნდთან ერთად ჩავა.

rugby.ge

სხვა სტატიები