რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის კალენდარი გამოქვეყნდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, პირველ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნები" შინ სამ შეხვედრას გამართავენ, სტუმრად კი ნიდერლანდებსა და რუმინეთს დაუპირისპირდებიან.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშება 5 თებერვალს, ესპანეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს და 20 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის შერკინებით დასრულდება.
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 და 2022 წლების გათამაშების პირველ და მეორეადგილოსნები, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას ავტომატურად მოიპოვებენ - საუკეთესო მესამეადგილოსანი კი მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებას მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე (რეპეშაჟი) ასპარეზობით შეეცდება.
2021 წლის გათამაშების ტრიუმფით დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფავორიტადაა მიჩნეული. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველადგილოსნის სტატუსით იასპარეზებენ 2023 წლის მსოფლიო თასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეჯგუფში კვლავ უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და დიდი ალბათობით ურუგვაის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საიუბილეო 250-ე შეხვედრას, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების მე-3 ტურის შეხვედრაში, 2022 წლის 27 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" "დათვებს" თბილისში დაუპირისპირდებიან.