რაგბი ჩემპიონშიპი | ოლ ბლექსმა არგენტინა დამაჯერებლად დაამარცხა
4 ერის (რაგბი ჩემპიონშიპი) მეორე ტურში ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა, გასულ კვირას განცდილი მარცხისთვის (30:38) რევანში აიღო და არგენტინა დამაჯერებლად დაამარცხა.
ოკლენდში, "ედენ პარკზე" გამართულ დაპირისპირებაში, "ოლ ბლექსი" 80 წუთის განმავლობაში დომინირებდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც შესვენებაზე 35:3 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში გუნდებმა 1-1 გარდასახული ლელო გაცვალეს და საბოლოოდ ტაბლოზე 42:10 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ "ედენ პარკზე" ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები 30 წელია არ მარცხდება და ამ სტადიონზე "ოლ ბლექსს" 50-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
31 აგვისტოსა და 7 სექტემბერს, სკოტ რობერტსონის ნაკრები სამხრეთ აფრიკას ეწვევა და 2 შეხვედრას გამართავს. უდიდესი ალბათობით სწორედ ამ მატჩების შედეგი გამოავლენს რაგბი ჩემპიონშიპის გამარჯვებულს.