Belive

4 წლის შემდეგ პირველად | ახალი ზელანდია მსოფლიო რეიტინგის სათავეშია

3 თვის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი ჩემპიონშიპი (4 ერი) მოულოდნელად და დრამატულად დაიწყო - პირველ ტურში, მსოფლიოსა და რაგბი ჩემპიონშიპის მოქმედი ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი, სამხრეთ აფრიკა 16-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

ელის პარკზე, საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო და მე-18 წუთისთვის მეტოქეს 22:0 ამარცხებდა, თუმცა, შემდეგ მხოლოდ ავსტრალიის დომინაცია ვიხილეთ - ავსტრალიამ შეძლო ის, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია - ვოლაბებმა არა მხოლოდ 22-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, არამედ მეტოქე 16 ქულით დაამარცხეს (22:38).

მეორე მატჩში კი ახალმა ზელანდიამ მძიმე, თუმცა ძალიან მაგარ ბრძოლაში არგენტინას 17-ქულიანი სხვაობით, 24:41 აჯობა და 4 ერის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.

პირველი განვლილი ტურის შემდეგ, ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში 3.00 სარეიტინგო ქულა დაიწერა, შესაბამისად, სამხრეთ აფრიკას ამავე რაოდენობის ქულები დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის სათავეში "ოლ ბლექსი" ჩაუდგა.

ასე და ამგვარად, ამ მარცხით სამხრეთ აფრიკამ არა მხოლოდ ლიდერობა, არამედ მეორე ადგილიც დაკარგა და ახლა მსოფლიო რეიტინგში, 89.78 სარეიტინგო ქულით მესამე პოზიციას იკავებს - მსოფლიო რეიტინგის სათავეში ახალი ზელანდიაა 92.51 სარეიტინგო ქულით, ხოლო მეორე პოზიციას 89.83 ქულით ირლანდია იკავებს.

სამხრეთ აფრიკას რეპუტაციის აღდგენა 23 აგვისტოს შეეძლება, როდესაც მეორე ტურში კვლავ ავსტრალიას დაუპირისპირდება, არგენტინა კი კვლავ ახალ ზელანდიას უმასპინძლებს, მატჩები 23 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები