პირველი ლიგა | ტაო ზამთრის ჩემპიონია!
პირველი ლიგის მე-12 ტური არასრული გამოდგა. „ავჭალა არენაზე“, ‘არმია’-‘ბაგრატის’ მატჩის მთავარ არბიტრ საბა მახარაძეს მეორე ნახევრის დებიუტში შეხვედრის შეწყვეტა მოუხდა, რომელიც აღარ განახლებულა. გაძლიერებულმა ქარიშხალმა და კოკისპირულმა წვიმამ მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახადა. იმ მომენტისთვის ‘არმია’ უპირატესობას ფლობდა და 3 გარდასახული ლელოთი 21:0 იგებდა. მომხდარზე სრკ-ს სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.
განვლილი ტური არაოფიციალურ, თუმცა პრესტიჟულ ზამთრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელს ავლენდა. სეზონში მე-11 გამარჯვებამ ‘ტაოს’ ლიდერობა შეუნარჩუნა და კალენდარული წელი ცხრილის პირველ საფეხურზე ჩაამთავრებინა. მართალია, 49 ქულის მქონე ‘ტაოს’ ცხრილში შესაძლოა ‘დინოზავრი’ გაუტოლდეს (წყალტუბოელები ლიდერს 5 ქულით ჩამორჩებიან), თუმცა მესხები იმერლებს პირისპირ ბალანსით აღემატებიან. ‘დინოზავრი’ გადავადებულ შეხვედრას ქუთაისში ‘ბაგრატთან’ იანვრის მიწურულს, პირველობის განახლებამდე 1 კვირით ადრე გამართავს.
42 ქულით ‘გორმა’ მესამე პოზიციაზე ჩაინაცვლა. უთამაშებლობის მიუხედავად ‘არმიამ’ 31 ქულით მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. ‘ვეფხვებმა’ 29 ქულა დააგროვა და „არმიელებთან“ ჩამორჩენა ჯერჯერობით 2 ქულამდე შეამცირა. პლეი ოფის ზონის დასკვნით ადგილზე 25 ქულით ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ იმყოფება. „რკინიგზელებმა“ მე-6 პოზიცია გაიმყარეს და მეშვიდე ადგილზე მყოფ ‘იუნკერებს’ 7 გულით გაუსწრეს.
ცხრილის ქვედა სამეულში მყოფ გუნდთა შორის მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. ‘მათე’ 15 ქულით ‘არმაზს’ გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო მე-8 პოზიციაზე აინაცვლა. პლეი აუტის ზონაში დაქვეითებული ქვემო ქართლელები ბოლოადგილოსან ‘ბაგრატს’ 5 ქულით უსწრებენ, თუმცა რიონისპირელებს მეტოქეზე 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, პირველობის ლიდერმა სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ მდევარ ‘გორს’ მშობლიურ ასპინძაში უმასპინძლა. პირველი ნახევარი მასპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა. ფიჯელი მარბიელის ვილიკესა ვიტაუსა და კვაჭ თაზო დუმბაძის გატანილი ლელოებიდან, ფულბეკმა ბექა ზუმბაძემ 1 გარდასახვა გამოიყენა და ‘ტაომ’ ტაიმი 12 უპასუხო ქულით მოიგო. ისიც აღსანიშნავია, რომ გორელთა ფრთა დავით მთვარაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან 2 ჯარიმა გააცუდა.
მეორე ტაიმში შიდა ქართლელებმა მესხებზე ზეწოლა გაძლიერეს და მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ფიჯელი მარბიელის ტალატალა ტოკაიმბაის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. დარჩენილ დროში ‘გორი’ აგრძელებდა შეტევებს და ბოლო წუთებზე 2 ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, რამაც შიდა ქართლელები მხოლოდ ნუგეშ-ქულას დააჯერა – 12:7.
„აია არენაზე“, მასპინძლის როლში მყოფ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ თეთრი წყაროს ‘იუნკერებმა’ სერიოზული ბრძოლა გაუმართა. იმერელთა მარბიელი კაპიტნის ბადრი დანგაძის დადებულ გარდაუსახავ ლელოს, გარისელთა ფულბეკმა არჩილ იაშაღაშვილმა 1 გატანილი ჯარიმა შეაგება და ‘დინოზავრმა’ ტაიმი 2 ქულიანი სხვაობით მოიგო.
მეორე ტაიმში ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა ტემპს უმატეს, დაცვაში თამაში მეტად გაამკაცრეს და გარისელები იაშაღაშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერეს. წყალტუბოელთა ფულბეკმა მიშო ჟორჟოლიანმა ლელოს დადება მოახერხა, მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა კი ზუსტ გარდასახვას, 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. მატჩის ბოლო წუთებზე კი ‘დინოზავრის’ მორიგ მიძალებას, მოლის ჩაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ლელო მოჰყვა, რამაც იმერლებს შეხვედრა პრემიალური ქულით მოაგებინა – 25:9.
ვაზისუბანში, ‘არმაზი’-‘ვეფხვების’ შეხვედრაში ტაროსმა გუნდებს ხეირიანად ბურთაობის შესაძლებლობა მხოლოდ პირველ ტაიმში მისცა, სადაც გარე კახელები უპირატესობას ფლობდნენ. მატჩის დებიუტში სტუმრები ფრთა შოთა შალვაშვილის კომბინაციურ სტილში დადებული ულამაზესი გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ‘არმაზის’ მგეზავ ოთარ მეტრეველის გატანილი ჯარიმა მოჰყვა.
შესვენებამდე ‘ვეფხვებმა’ ფრთა ტატო ბურთიკაშვილისა და მხტომელ გუჯუ ალავიძის ლელოთა წყალობით ანგარიშში უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს. გარე კახელთა ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა. ტაიმის მიწურულს მარნეულელთა ჰავბეკმა ლაშა ბარბაქაძემ ინდივიდუალური გარღვევით დადებული გარდაუსახავი ლელოთი ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმში კი გართულებულმა მეტეოროლოგიურმა ვითარებამ პირველი ტაიმის ანგარიში ძალაში უცვლელად დატოვა. ‘ვეფხვებმა’ მატჩი – 19:8 მოიგეს.
ტურის დასკვნითი შეხვედრაც „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. ‘ლოკომოტივი’ დარჩენაზე მებრძოლ ჭიათურის ‘მათეს’ დაუპირისპირდა. მატჩი უხვქულიანი და დრამატული გამოდგა. „რკინიგზელებმა“ ზემო იმერლებზე 1-ით მეტი, 6 ლელო გაიტანეს, რამაც პრაქტიკულად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ‘ლოკომოტივის’ რიგებში „ჰეთ-თრიკით“ მღლეტელი გიორგი პიტიურიშვილი გამოირჩა, მარბიელმა კაპიტანმა რამაზ ბენდელიანმა კი „დუბლი“ გაიფორმა. ‘მათეს’ მხრიდან წყვილი ლელოს გატანა მარბიელმა ლევან ყაველაშვილმა მოახერხა.
მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ზემო იმერლები მარქაფადან ჩართული კვაჭის მამია მანდარიას ლელოთი 3 ქულით დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში კი ‘ლოკომოტივმა’ იძალა. ჯერ პიტიურიშვილმა თავისი მესამე ლელო გაიტანა. „რკინიგზელთა“ მგეზავმა ონისე ნიკოლაძემ კი ზუსტ გარდასახვას ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმაც დაურთო და სტუმრები ნუგეშ-ქულას დააჯერა – 45:38.
წყარო: rugby.ge