'ოლ ბლექსის' ლეგენდა ინგლისში | ბოდენ ბარეტი ლუკა ივანიშვილის გუნდელი გახდება
ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების („ოლ ბლექსის“) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა - ბოდენ ბარეტი, მდიდარი სანაკრებო კარიერის შემდეგ ევროპაში გადაბარგებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი მორაგბე კონტრაქტს ინგლისურ კლუბ ბრისტოლ ბეარსთან გააფორმებს.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა 'The Times' იუწყება, რომ ვეტერანი მორაგბე ახალ ზელანდიას 2027 წელს, ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის დასრულებისთანავე დატოვებს.
ბოდენ ბარეტმა „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაატარა და მას შემდეგ ნაკრების ნამდვილ ლეგენდად იქცა - 150 კეპი ეროვნული გუნდის მაისურით, 858 სანაკრებო ქულა, მათ შორის 51 ლელო და მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ტიტული ზედიზედ ორჯერ - 2016 და 2017 წლებში.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი მიღწევებისა, ბარეტის სანაკრებო კარიერაში რთული პერიოდიც იდგა. წარუმატებელი სუპერ რაგბის სეზონის ფონზე, დეივ რენის მწვრთნელობისას მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 'ოლ ბლექსში' საგრძნობლად დაქვეითდა. თუმცა, როდესაც „ოლ ბლექსს“ ტრავმების ეპიდემია დაატყდა თავს, ბარეტმა საკუთარი კარიერა ხელახლა ააღორძინა - მან თითქოს დრო უკან დააბრუნა და გულშემატკივარს ძველი, საუკეთესო წლების შესაფერისი თამაში აჩვენა.
დღეისათვის ბოდენ ბარეტი „ოლ ბლექსის“ ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს და რეკორდსმენ სემ უაითლოკს სულ რაღაც სამი მატჩით ჩამორჩება.
გარდა ამისა, ბოდენ ბარეტს მსოფლიო ჩემპიონატებზე 3 მედალი აქვს მოპოვებული - მსოფლიო ჩემპიონი 2015 წელს, ბრინჯაოს პრიზიორი 2019 წელს, ვერცხლის პრიზიორი 2023 წელს.
რეკორდული კონტრაქტი
35 წლის ბარეტს ინგლისურმა მხარემ ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, რომლის ღირებულებაც სეზონში 1 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 2.4 მილიონი აშშ დოლარი) აჭარბებს. ამ გარიგების განხორციელების შემთხვევაში, იგი ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბოდენ ბარეტი 'ბრისტოლში' გადასვლის შემთხვევაში, ქართველი მორაგბის - ლუკა ივანიშვილის გუნდელი გახდება.
A blockbuster move for Beauden Barrett 🚨
— Sky Sport NZ (@skysportnz) November 25, 2026
Beauden Barrett is reportedly heading to Bristol Bears on a two-year deal following the 2027 Rugby World Cup. pic.twitter.com/sCqTs84czj